Thumbnail
  • იურგენ კლოპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ტენ ჰაგს აკრიტიკებენ
  • ლივერპულის მწვრთნელი აგბონლაჰორის განცხადებას გამოეხმაურა

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მანჩესტერ იუნაიტედთან უპრინციპულესი დერბის წინ (22 აგვისტოს, ოლდ ტრაფორდზე) მანკუნიანელები და მათი, უმძიმესი წნეხის ქვეშ მყოფი დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი დაიცვა. გერმანელმა პრესკონფერენციაზე გაბი აგბონლაჰორს შეუტია, რომელმაც მანამდე იუნაიტედი და ტენ ჰაგი სასტიკად დააკნინა.

აგბონლაჰორი ახლა სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს და აი, რა ჰქონდა ნათქვამი ასტონ ვილას ყოფილმა შემტევმა იუნაიტედზე ბრენტფორდთან 0:4-ის შემდეგ: “მანჩესტერული გრანდი ახლა მოყვარულთა გუნდს ჰგავს. კრისტიან ერიკსენი, დავიდ დე ხეა და ლისანდრო მარტინესი საკმარისად ძლიერები არ არიან ამ გუნდისთვის.”

კლოპს, მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედის მოსისხლე მტრის მწვრთნელია, აგბონლაჰორის ეს განცხადებები იმდენად არ მოეწონა, რომ მასზე ისაუბრა. “ინგლისში ჩემს პირველ სეზონში მაგ ბიჭმა ჩვენთან თამაში 0:6 წააგო. ნამდვილად არ მახსენდება, რომ მოედანზე “მენტალიტეტის მონსტრი” იყო… ახლა, როცა მისი სიტყვები გავიგე, კინაღამ დავურეკე და ვუთხარი, საერთოდ დაგავიწყდა, რომ შენც ფეხბურთელი იყავი-მეთქი.” - განაცხადა კლოპმა.

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს ორშაბათს ეთამაშება. მანკუნიანელებს 2 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან, ლივერპულს კი ორი ფრე აქვს და მე-12 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები