Thumbnail

'დვალიშვილს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს' - ცნობილი მებრძოლი მერაბზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ქელ სონენმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და მას რჩევა მისცა
  • ამერიკელმა UFC-ის ქამარზე ორჯერ იჩხუბა
  • მას ახლა იუთუბზე 1 მილიონი გამომწერი ჰყავს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და პრომოუტერმა ქელ სონენმა იუთუბის საკუთარ არხზე მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს ჩხუბი განიხილა, ბოლოს კი ქართველს რჩევა მისცა. 

სონენი, რომელმაც UFC-ის ტიტულზე ორჯერ იბრძოლა, მიიჩნევს, რომ მერაბმა საკუთარ თავის რეკლამას უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს. 

…დვალიშვილის ჩხუბზე: "ჩვენ ვიცით, ვინ არის ჟოზე ალდო - ყველა დროის საუკეთესო ნახევრადმსუბუქ წონაში, რომელიც 11 წლის მანძილზე არ აგებდა. ეს არის მებრძოლი, რომელსაც ჭიდაობის დაცვა იმ დონეზე აქვს, რა დონეზეც ჯორჯ სენ პიერს შეტევა ჰქონდა. ბრაზილიელი დგომში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. თუმცა ვინ არის მერაბ დვალიშვილი? მერაბი ქაოსია, მერაბი კონკურენტია, მერაბი სულ შენს სახესთანაა, მერაბი თავს არასდროს განებებს… მერაბ დვალიშვილი უკანალის ტკივილივითაა, რომელიც საშინლად გაწუხებს, მაგრამ არ იცი, რა მოუხერხო. ამავდროულად, ქართველი არაამქვეყნიურად კეთილი ადამიანია."

…მერაბის მომავალზე: "გასაგებია, ჟოზე ალდომ, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს ან ბოლო მატჩი დომინიკ კრუსთან ჩაატაროს, მაგრამ რას უპირებენ მერაბს? ალჯოსთან ჩხუბი არ უნდა და ეს გასაგებია. ადამიანი მის კუთხეში იდგა, მისი ახლო მეგობარია, სპარინგ-პარტნიორი. მერაბმა გასაგებად თქვა, აღარ მკითხოთ, სტერლინგს არ ვეჩხუბებიო. სიმართლე გითხრათ, არც მე მომწონს, ამ ორი ბიჭის დაპირისპირებას რომ ცდილობენ. დვალიშვილი პასუხისას ძალიან გულწრფელი იყო, ალჯოზე მისი საუბარი ძალიან სასიამოვნოდ ჩამესმა." 

…მთავარ პრობლემაზე: "შეუძლებელია, დვალიშვილის იგნორირება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. მეც კი, ადამიანმა, რომელიც ამ სპორტში სრულად ვარ ჩართული, გასულ სამშაბათს გავიგე, რომ ჟოზე ალდო ისეთ ბიჭს ეჩხუბება, რომელიც ჩემპიონის ახლო მეგობარია და ტიტულზე ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილება. არსად მომისმენია, არც მენეჯერებისგან, არც მედიიდან, არც UFC-დან, არავის არაფერი უთქვამს, შემთხვევით შემხვდა და წავიკითხე. როცა ამ ბიზნესში ჩაერთვები, უნდა გაითვალისწინო, რომ სკალაზე ხარ. ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? ვინ არის ყველაზე ლამაზი? ყოველთვის განიხილავენ, ყოველთვის ბჭობენ. MMA-ში მყოფ ადამიანს არჩევანი არ გაქვს. როცა ხედავ შონ ო'მალის, რომელიც ყველა გამოცემის სათაურს იპყრობს, შენც ის თამაში უნდა ითამაშო, თან სულ! თუ იცი, რომ შენი მოწინააღმდეგე 5 მილს დარბის, შენ 3 მილის სირბილით ვერ აჯობებ, 5 მილი უნდა ირბინო - სხვა არჩევანი არ გაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ სპორტით ვცხოვრობ და ალდო რომ წონის მთავარ პრეტენდენტს ეჩხუბებოდა, კურსელების ჩატიდან გავიგე, ეს დიდი პრობლემაა. არ ვიცი, როგორ აპირებს მერაბი ამ პრობლემის გადაჭრას, შეიძლება ვიღაცას არც ადარდებდეს და ასეთი სპორტსმენებს თავიანთი გზა აქვთ."

…რა უნდა გააკეთოს მერაბმა: "ქართველი სუპერმსუბუქი წონის ტოპ მებრძოლია, დიდხანს იგნორს ვერ გაუკეთებ იმას, რაც მოხდა (ალდოს დამარცხება), დიდი ხანი ვერ დამალავ მერაბის წარმატებას, ვერ უარყოფ იმას, რომ ეს ბიჭი MMA-ის ყველა კომპონენტში ძალიან კარგია და შესაძლოა, ყველაზე სახიფათო მებრძოლიც არის. აღსანიშნავი ისაა, რომ განვითარება კვლავ შეუძლია. მისი ინტერვიუ მოვისმინე, მომეწონა, საინტერესოა, ძალიან კეთილია. ყველას უნდა, თავი კარგ ბიჭად წარმოაჩინოს, მათ სატყუარას არ მივიღებ, მაგრამ დვალიშვილის მჯერა. მიმაჩნია, რომ მერაბმა საკუთარი თავის რეკლამირებისთვის მეტი უნდა გააკეთოს და ის ხალხს მოეწონება, ის პოპულარული ბიჭი გახდება და ყურადღების ისეთ ცენტრში მოექცევა, როგორსაც იმსახურებს." 

ქართველმა 'მანქანამ' UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით მეგობარ ალჯამეინ სტერლინგს გაუთანაბრდა. მერაბი მომდევნო კვირაში სუპერმსუბუქი წონის მე-3 ნომერი უნდა გახდეს…

კომენტარები

ბოლო ამბები