Thumbnail

სენსაციური ტრიუმფი ცინცინატიში: 152-ე ჩოგანმა ისტორია გადაწერა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სტეფანოს ციციპასი 6:7 (0:7), 2:6 ბორნა ჩორიჩი
  • ხორვატისთვის ეს ისტორიული ტრიუმფია 
  • ჩორიჩი რეიტინგში 123 ადგილით დაწინაურდა 

რაფაელ ნადალს რომ მოუგო, ეს უკვე იმის ნიშანი იყო, რომ სენსაციის მოხდენა შეეძლო, მაგრამ ასეთ სენსაციას მისგან მაინც არ მოელოდნენ.

ბორნა ჩორიჩმა ცინცინატის მასტერსზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა: 25 წლის ხორვატმა ჩოგბურთელმა, რომელიც დღემდე მსოფლიოს 152-ე ჩოგანი იყო, ფინალში მეოთხე ნორმარ განთესილი ბერძენი სტეფანოს ციციპასი ორ სეტში, 7:6 (7:0), 6:2 დაამარცხა.

“დაუჯერებელია, ძალიან ვისიამოვნე. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ტურნირს პირველსავე წრეში გამოვეთიშებოდი,” - განაცხადა ბედნიერმა ჩორიჩმა ფინალის შემდეგ. ამ გამარჯვებით იგი რეიტინგში 123 ადგილით დაწინაურდა და უკვე 29-ეა.

ჩორიჩმა ფინალში ციციპასს შანსი არ დაუტოვა

მისი ეს მიღწევა უნიკალურია, რადგან მასტერსი ამაზე უფრო დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელს აქამდე არასდროს მოუგია. ნადალის გარდა, ჩორიჩმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბრიტანელი კემერონ ნორი, კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი და ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

ჩორიჩს ერთი წელი მხრის ტრავმის გამო გაუცდა. ATP მასტერსის ფინალი მას აქამდე მხოლოდ ერთხელ, 4 წლის წინ ჰქონდა ნათამაშები. ხორვატი ციციპასმაც შეაქო და მის დაბრუნებას “ტრავმის შემდეგ დაუჯერებელი ქამბექი” უწოდა.

ქალებს შორის გამარჯვებული ფრანგი კაროლინ გარსია გახდა, რომელიც ისტორიაში პირველია, ვინც WTA-ს 1000-იანი ტურნირი კვალიფიკაციიდან მოიგო. მსოფლიოს 35-ე ჩოგანმა ფინალში უიმბლდონის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებული ჩეხი პეტრა კვიტოვა 6:2, 6:4 დაამარცხა. გარსიასთვის ეს მესამე მოგებული მასტერსია - 2017 წელს ვუჰანსა და პეკინში ტრიუმფის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები