Thumbnail

ბასილაშვილმა ისევ წააგო - ნიკოლოზი აშშ-ს ღია პირველობას ცუდ ფორმაში ხვდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მე-5 მატჩი ჩაატარა ისე, რომ სეტიც არ მოუგია.

ბასილაშვილი ამჯერად უინსტონ-სალემის საერთაშორისო ტურნირში ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც 823 420 დოლარია. ნიკას მე-6 განთესვა ჰქონდა და პირველი წრე გამოტოვა, მეორეში კი უშანსოდ წააგო (თამაში საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა) 28 წლის ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროსთან - 4:6, 1:6.

საქართველოს პირველ ჩოგანს 2 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, პირველ მოწოდებაზე 54%-იანი მაჩვენებელი დაუფიქსირდა, მეორე მოწოდებაზე კი გათამაშებების მხოლოდ 26% (27-დან 7) მოიგო. ბასილაშვილმა 2 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო.

ამგვარად, ქართველი ჩოგბურთელი ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება 2022 წლის დასკვნით გრანდ სლემს: აშშ-ს ღია პირველობა სტარტს 29 აგვისტოს აიღებს და 11 სექტემბერს დასრულდება. რეიტინგიდან გამომდინარე, ნიკოლოზი ნიუ იორკში ძირითად ბადეში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები