Thumbnail

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ნიუ იორკში იმყოფება და დღეიდან აშშ-ს ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 60 მილიონი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაებმება.

გორგოძის პირველი მეტოქე 31-ე ნომრად განთესილი ავსტრალიელი მედისონ ინგლისი იქნება. ეს მატჩი თბილისის დროით დაახლოებით 20:30 საათზე მე-6 კორტზე დაიწყება.

თუკი ეკომ მომავალი შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა, მე-2 რაუნდში ამერიკელ ვალერი გლოზმანსა და სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს შორის უმჯობესს შეხვდება, სულ კი, მიზნის მისაღწევად 3 მატჩის მოგებაა საჭირო.

ცნობისთვის, გორგოძეს ძირითად ბადეში არასდროს უთამაშია, კვალიფიკაციაში საუკეთესო შედეგი კი 2018 წელს ჰქონდა, როდესაც ამერიკულ გრანდ სლემზე პირველად გამოჩნდა და მასპინძელ ქეით მაკნეილს 0:6, 7:5, 6:2 სძლია, შემდეგ კი, ცნობილ კანადელ ეჟენი ბუშართან 1:6, 2:6 დამარცხდა.

2019 წელს ეკატერინემ ჩინელ ვანგ ქსიუსთან 1:6, 3:6 წააგო, 2020-ში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა, 2021-ში კი ქალთა შორის საქართველოს პირველ ჩოგანს საკვალიფიკაციო ბადეში იტალიელმა ლუკრეცია სტეფანინიმ აჯობა – 6:3, 3:6, 6:0.

არსებული ინფორმაციით, გორგოძე აშშ-ს ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგშიც ითამაშებს, სადაც მისი პარტნიორი რუმინელი ირინა ბარა იქნება. ეკოს მასთან ერთად 5 ტურნირი აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიმდინარე რეიტინგში გორგოძეს 434 ქულით 146-ე ადგილი უკავია, მარიამ ბოლქვაძემ კი პოზიციები ძალიან დათმო, 241 ქულით მხოლოდ 270-ეა (ჯერ კიდევ მარტში 151-ე იყო) და აშშ-ს ღია პირველობის კვალიფიკაციაში ვეღარ მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები