Thumbnail

პეტრიაშვილი, აკგული, ზარე - გენოს მთავარი კონკურენტები ფინალამდე ასცდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი განთესვით გამოვა
  • ქართველი ფალავანი მე-4 ოქროს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) განთესვა გამოაქვეყნა მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, საიდანაც ვგებულობთ, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ტურნირში პირველი ნომრით ჩაებმება.

ეს დიდი უპირატესობაა, რადგანაც ქართველი ფალავანი ფინალამდე აცდება ძირითად კონკურენტებს და კარგი შანსი ექნება მსოფლიო პირველობის ოქრო მეოთხედ მოიგოს. აქამდე, გენოს წარმატებისთვის 2017, 2018 და 2019 წლებში მიუღწევია. აი, რას წერს აღნიშნულთან დაკავშირებით UWW-ს ოფიციალური ვებ-გვერდი:

“ქართველი სუპერვარსკვლავი გენო პეტრიაშვილი ბელგრადში დაგეგმილ ტურნირზე პირველი განთესვით იასპარეზებს. მას ეს პატივი მას მერე ერგო, რაც ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მატეო პელიკონესა და ზუჰაიერ სგაიერის სარეიტინგო ტურნირებზე კი პირველი გახლდათ. რაც ყველაზე მთავარია, პეტრიაშვილმა არ მოხვდა სატურნირო ბადის იმ მხარეს, სადაც ის 2 ფალავანია, რომელთაც გენო უკვე დაუმარცხებიათ, ეს კი, დიდი უპირატესობაა. საუბარია მე-2 რეიტინგის მქონე თურქ ტაჰა აკგულსა და მე-3 ნომერ ირანელ ამირ ზარეზე. ამგვარად, თუკი წარმატებული სტარტი აიღო, პეტრიაშვილი მეოთხედფინალში, სავარაუდოდ, თანამეგობრობის ჩემპიონ ამარვეერ დესის (კანადა) შეხვდება, ნახევარფინალში მონღოლ ლხაგვაგერელ მუნხტურს და მხოლოდ ფინალში აკგულს ან ზარეს”.

გენო პეტრიაშვილი ტაჰა აკგულს ფინალამდე ვერ შეხვდება

თუკი განთესილმა მოჭიდავეებმა წარმატებულად იასპარეზეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მძიმე წონით კატეგორიაში ასეთ მიმდინარეობას მივიღებთ.

მეოთხედფინალები

გენო პეტრიაშვილი (საქართველო, 1) – ამარვეერ დესი (კანადა, 8)
გენადი კუდინოვიჩი (გერმანია, 5) – ლხაგვაგერელ მუნხტური (მონღოლეთი, 4)
ტაჰა აკგული (თურქეთი, 2) – ჟივეი დენგი (ჩინეთი, 7)
ამირ აბას ზარე (ირანი, 3) – რობერტ ბარანი (პოლონეთი, 6)

ნახევარფინალები

პეტრიაშვილი – მუნხტური
აკგული – ზარე

ფინალი

პეტრიაშვილი – აკგული

მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილ ფალავანთა შორის კიდევ 5 ქართველი იქნება: ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.) და თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.) – მეექვსე განთესვით გამოვლენ, ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) – მეორეა, ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) – მეხუთე, ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ.) – მეშვიდე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 10-18 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება. შარშან ტურნირს ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ უმასპინძლა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი 3 მედალი იყო. ბრინჯაოს დაეუფლნენ იაკობიშვილი და ნიკა კენჭაძე (79 კგ.), ხოლო პეტრიაშვილმა ფინალში ხსენებულ ზარესთან წააგო.

United World Wrestling has released the tentative top eight seeds for the 2022 #WrestleBelgrade World Championships,...

Posted by United World Wrestling on Monday, August 22, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები