კრივი ცოტა უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სპორტი. სპორტში ეჯიბრებიან, კრივში კი იბრძვიან, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოლექსანდრ უსიკის სახელი გულშემატკივართა აუდიტორიას გასცდა.
🎧 თანამოსასმენი
🎶 White Rabbit by Jefferson Airplane
🎶 ოგუნის სადიდებელი ჯადოს მოსახსნელად
🎶 Clubbed to Death by Rob D (Matrix)
მოგეხსენებათ, ხანდახან სინამდვილე შეთხზულზე დაუჯერებელია. უსიკის შემთხვევაში კი სინამდვილე ასეთია: იგი პირდაპირ ფრონტის ხაზიდან დაბრუნდა, რათა მეორედ დაემარცხებინა მასზე დაახლოებით 10 სანტიმეტრით და 10 კილოთი დიდი ენტონი ჯოშუა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მძიმეწონოსანი, რომელსაც ტიტული ზედიზედ 6-ჯერ აქვს დაცული. აბა როგორ, “კაზაკთა მოდგმისააო”, დააციტირა უკრაინის ჰიმნი ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამემამულეზე სიამაყით საუბრისას.

პროფესიონალური კრივი ეპიკური გმირების ნაკლებობას იშვიათად განიცდის, განსაკუთრებით მძიმე წონაში, რომელი დივიზიონიც მთელი ამ სპორტის ტემპერატურის საზომია. თუ გოლიათების სამყაროში საინტერესო ამბებია, მაშინ კრივის გული გულობს და გულივერი გულივერობს. მოიძებნებიან ამ წონაში ნორტონი, სპინქსი, ალი და ჰოლმსი? მაშინ იმავე ეპოქაში მათი ტანწერწეტა კოლეგები იქნებიან არანაკლები, ვიდრე დურანი, ჰაგლერი, ჰერნსი და ლეონარდი. და პირიქით, თუ მსუბუქ წონაში არის ლომაჩენკო, მძიმეშიც უნდა გამოჩენილიყო ექვივალენტური უსიკი. რა განაპირობებს ამას, არავინ იცის და ალბათ არცაა საჭირო. მართალია, კრივი “ტკბილ მეცნიერებად” იწოდება, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მეცნიერება ყველაფერს ვერ ხსნის, შესაბამისად ტოვებს სივრცეს აუხსენილისთვის, მოულოდნელობისთვის, ჯადოქრებისთვის, რომლებსაც ძალუძთ, გამოიხმონ თავიდან იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანი შეიძლება იტევდეს.
ენტონი ჯოშუას და ოლექსანდრ უსიკის მატჩ-რევანშის წინ ეს მითიურ-პოეტური თუ ტრანსცენდენტური განზომილებაც ჩანდა, რომელიც არ გამოეპარა ერთ ძალიან მახვილი თვალის პატრონ კაცს, რეჟისორ გიორგი გეთიაშვილს: “ადამიანი პატარა არსებაა იმისთვის, რომ 90,000 მაყურებლის წინ დადგეს და დიდი ჩხუბი იჩხუბოს. ამიტომ, ორივე ცდილობს, უფრო დიდ იდენტობაზე პროეცირდესო”, – წერდა იგი ბრძოლამდე ორი დღით ადრე. ნაღდად ასე იყო. ჯოშუა თითქოს ნიგერიელი წინაპრების, ოგუს ტომის მეომრების და მათი “რკინის ღმერთის” სულის გამოძახებას ლამობდა, ხოლო უსიკი ვიკინგების და ზაპოროჟიეს სტეპების მკვიდრი უბატონო ტომების შთამომავალი კაზაკებისას. ბრიტანელი ჯოშუას ნიგერიელ ოგუნთან კავშირზე დავა შეიძლება, სიმფეროპოლელ უსიკზე – ნაკლებად. სხვა თუ არაფერი, ტოლსტოის მიხედვით კაზაკია ყველა, ვისაც უყვარს თავისუფლება.

დიდი ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა ნახშირს ბრილიანტად აქცევს. უსიკისა და ჯოშუას მეორე ორთაბრძოლა არც ტემპერატურას უჩიოდა (და აქ მისი ჩატარების ადგილს, საუდის არაბეთს არ ვგულისხმობ, თუმცა პრინციპში, ესეც მისაღებია ანგარიშში) და არც არაადამიანურ წნეხს, რომელიც ორივე მებრძოლისთვის თანაბრად მძიმე იყო.
უსიკის მოტივაცია დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს. მას დაჭრილი ჯარისკაცების და ოფიცერთა კორპუსის დაჟინებული თხოვნა დასჭირდა, რომ უკრაინის ფრონტს მოშორებოდა, კამუფლაჟი გაეხადა და ხელთათმანი ჩაეცვა (სხვათა შორის, მძიმეწონოსანი მოკრივის დარტყმა საშუალოდ 1700 psi-ის, ანუ ერთ სანტიმეტრზე 120 კილოგრამს გულისხმობს. შედარებისთვის, გიენის ყბები, რომლებიც ძვლებს ამტვრევენ, 1,100 psi-ის ძალით ახერხებენ ამას, ხოლო ჩვეულებრივმა ადამიანმა, ჰა-ჰა, ათჯერ სუსტად, 170 psi-ით გაგილაწუნოთ). უსიკის ძლიერი მხარე არის სიზუსტე, სისწრაფე, ტაქტიკა და არა დარტყმა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ იგი მუშტებით გაცილებით დიდ ზიანს აყენებს საოკუპაციო ჯარს, ვიდრე იარაღით. არაფერი მეტყველებს მის შემართებაზე უკეთ, ვიდრე ფაქტი, რომ ბრძოლისწინა პრესკონფერენციამდე ბოლო 5 საათი ცურავდა და ბოლოს 5 წუთით შეიკავა სუნთქვა წყალქვეშ, გონების დაკარგვამდე. მისი სხეული შესაძლებლობის საზღვრებს უნდა გასცდენოდა. ის რიგნზე სამშობლომ მიავლინა, რათა მსოფლიო ჩემპიონის რანგში მსოფლიოს დასანახად აღემართა უკრაინის დროშა, აეფრიალებინა “თავისუფლების ფერები”. ქვეყანა მისგან ითხოვდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მსოფლიოს უძლიერესი მებრძოლი უკრაინელია: І покажем, що ми, браття, козацького роду!

კრივის ქომაგები სამართლიანად იკითხავენ – როგორ იყო თანაბარი სიმძიმის წნეხი, ჯოშუას ხომ გამარჯვება საკუთარი მომავლისთვის სჭირდებოდა, უსიკს კი ქვეყნის მომავლისთვისო. მაგრამ ძვირფასებო, ეს მოტივაციის განსხვავებაა და არა სიმძიმის და მოდი, ამაში დასარწმუნებლად ახლა ჯოშუას განსაცდელზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა.
ენტონი ჯოშუამ ერთხელ უკვე იხსნა საკუთარი კარიერა საუდის არაბეთში – სამი წლის წინ მან რემატჩში ენდი რუიზ უმცროსი დაამარცხა. ექვსი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მეშვიდე რაუნდში ჯოშუა სენსაციურად დაანოკაუტა და WBA, IBF და WBO ტიტულები წაართვა. ჯოშუას მანამდე ექვსჯერ ჰქონდა ტიტული დაცული და მე-11 რაუნდში ნოკაუტით თვით ვლადიმირ კლიჩკო ჰყავდა დამარცხებული, რომელიც მანამდე, თითქმის ათი წელი ხელშეუხებელი გახლდათ. მალევე, ჯოშუამ რუიზისგან ტიტულები დაიბრუნა, ჩვენ ვთქვით ფეხი დაუცდაო, სპარინგის ტრავმაო, ყველა მაიკ ტაისონს ჰყავს თავისი ბასტერ დუგლასიო და გავაგრძელეთ მსჯელობა ჯოშუას საუკეთესოობაზე, მაგრამ უცებ, ჯოშუას ჰორიზონტზე ქვემძიმე წონიდან ზევით ასული უსიკი გამოჩნდა, ძალიან ტექნიკური, ჭკვიანი, უჩვეულოდ მკვირცხლი სამიზნე მჩხვლეტავი დარტყმებით, რომელიც ჯოშუას ძლიერმა მარჯვენამ ვერაფრით იპოვა. დაძაბული ბრძოლის მეთორმეტე რაუნდში ჯოშუას ცოტა დააკლდა ტექნიკურ ნოკაუტში ჩავარდნამდე და ამგვარად, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რუიზის პირველ სენსაციას უსიკის მეორე მოჰყვა. პუბლიკამ რევანში მოითხოვა.
ჯოშუას წნეხის უკეთ წარმოსაჩენად ალბათ იმის თქმაც ღირს, რომ უსიკთან პირველ მარცხამდე ჩვენ იმას ვარკვევდით, ვინ არის მძიმე წონის მეფე – ჯოშუა, უაილდერი თუ ფიური. ეს თავის თავად გულისხმობდა კითხვას: ხომ არ არის ჯოშუა ყველა დროის საუკეთესო?
ყველა დროის საუკეთესოებთან ასეთი ხუმრობა ვინმეს რომ არ ეწყინოს, ავხსნი, რას ვგულისხმობ: მძიმე წონის მოკრივეთა ზომა-წონა წლების მანძილზე ძალიან გაიზარდა. მაგალითად, პირველი შავკანიანი მძიმეწონოსანი ჩემპიონი ჯეკ ჯონსონი, რომელსაც გაბარიტების გამო “გელვესტონელ გიგანტს” უწოდებდნენ, რა გგონიათ, რამხელა იყო? 184 სანტიმენტრი და 91 კილოგრამი. 184 სანტიმეტრი და 91 კილოგრამი იყო ზომა-წონა, რომელიც 1910-იან წლებში სხვა მძიმეწონოსანი მოკრივეების გვერდით გიგანტის წოდებას მოგანიჭებდათ. ახლა შევხედოთ ჯოშუას. იგი 2 მეტრამდეა და 110 კილოზე მეტს იწონის, უმძიმესი დარტყმის მქონე დეონტეი უაილდერი მასზე 2 სანტიმეტრით მაღალი და სულ რაღაც 2-3 კილოთი გამხდარია, ხოლო ირლანდიელი ბოშა ტაისონ ფიური მთლად 2.06 მეტრი და 120 კილოა (ისიც მაშინ, როცა ვარჯიშობს). ამხელა ბუნებრივ უპირატესობას უნარები მარტივად რომ გადაწონიდეს, საშუალოწონოსნებს მძიმე წონაში შანსი ექნებოდათ, მაგრამ მათ ეს შანსი არა აქვთ. შესაბამისად, როცა ვმსჯელობდით იმაზე, ვინ იყო ამ სამეულიდან უკეთესი, სინამდვილეში, დიდი ალბათობით იმაზე ვმსჯელობდით, ვინ მოერეოდა კრივის წესებით ნებისმიერ დროს დაბადებულ ნებისმიერ ადამიანს. ვკითხულობდით, იქნებ ჯოშუა? ხვდებით, რა იდო მისთვის სასწორზე WBA (Super), IBF, WBO, IBO და The Ring-ის მძიმე წონის ჩემპიონის წოდების გარდა?
ჯოშუას მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ თანამედროვე კრივი ჩავარდნებისადმი შეუბრალებელია. რომ თუ იგი უსიკთან რევანშში დამარცხდებოდა, ვერასოდეს დაიბრუნებდა ძველ სტატუსსა და დიდებას. აბა, ვინ ჩააგდებს საჩემპიონო ბრძოლის ღირსად ათლეტს, რომელსაც ბოლო 5-დან 3 ბრძოლა წაგებული აქვს? არ აქვს მნიშვნელობა, თუ მანამდე 24 მოიგე და აქედან 22 – ნოკაუტით. არც იმას, რომ 12-ჯერ მიყოლებით გიბრძოლია ტიტულისთვის. ჯოშუამ იცოდა, რომ უსიკთან მეორე მარცხის შემთხვევაში მხოლოდ ქამრებს არ კარგავდა. მან იცოდა, ეს მარცხი იმდენად ჩემოაქვეითებდა რეიტინგში, რომ სატიტულო ბრძოლის რიგში მასზე წინ მისი ყოფილი სპარინგპარტნიორები აღმოჩნდებოდნენ, მაგალითად ჯო ჯოისი. მარცხი მთელი ცხოვრების შრომას წყალში უყრიდა. მისი პერსპექტივიდან შევხედოთ: უკვე 32 წლისაა. ცოტაც და “დიდების დარბაზშია”. ცოტაც და ოგუნია. ცოტაც და რკინის ღმერთია. ჯოშუასთვის უსიკთან რევანში არ იყო ბრძოლა კარიერისთვის ან აწმყოსთვის ან უახლოესი მომავლისთვის. ჯოშუა იბრძოდა საკუთარი მემკვიდრეობისთვის, ისტორიისთვის, უკვდავებისთვის.
თადარიგიც შესაბამისი დაიჭირა. ტექნიკურობაში უსიკის დაჯაბვნის შანსი არ ჰქონდა, ქუჩურ ჩხუბში კი ფიზიკურობის ხარჯზე მოერეოდა, ამიტომ ძველი მწვრთნელი მექსიკელი გარსიათი ჩაანაცვლა, რომელსაც მისთვის არა მოქნეულის აცდენა, არამედ თავის შეშვერა უნდა ესწავლებინა. ჯოშუას გაშლილი ხელები 2 მეტრი და 8 სანტიმეტრია, მისი სახე კი ალბათ ყველაზე სიმპათიური ამ სასტიკი სპორტის ისტორიაში, მაგრამ თანახმა იყო, დაეთმო უსაფრთხო დისტანცია და შეეშვირა ცხვირპირი უსიკისთვის იმ იმედით, რომ მოარტყამდა თვითონაც. რომ მისი ყბა აიტანდა უსიკის ძალას, უსიკი კი ვერ აიტანდა მისას. მანამდე კორპუსზე უნდა ემუშავა, ეშმაკი კაზაკისთვის სუნთქვა და მოძრაობა უნდა შეეზღუდა, დარტყმების გაცვლის ლატარეაში შემოეტყუებინა. მაგრამ როგორც მაიკ ტაისონი იტყოდა, “ყველას აქვს გეგმა, სანამ პირში არ მოხვდება”.
გონგმა ჩამოჰკრა. დაიწყო. ჯოშუა უკეთესი იყო, ვიდრე პირველ ბრძოლაში, უსიკი – არც ისე, კაცი ფრონტზე იბრძოდა, სანამ ჯოშუა საათობით ვარჯიშობდა. მაგრამ უსიკის უკან უკრაინაა. მისი მჩხვლეტავი მარჯვენა სწრაფად მუშაობს და ჯოშუას სახეში მოულოდნელი კუთხეებიდან არა იმდენად ძლიერი, რამდენადაც ტექნიკური დარტყმების წყება ხვდება. უსიკი ბევრს ისვრის და ცოტას არტყამს, მაგრამ თუ არტყამს – ზუსტად, რასაც ჯოშუა ნაღმებით პასუხობს. პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, იგი კომბინაციებს უპასუხოდ არ ტოვებს. სანოკაუტე დარტყმებს იცილებს კაზაკი? კორპუსი ხომ ადვილი სამიზნეა. ასე და ამგვარად, მეშვიდე რაუნდისთვის ჯოშუას უსიკისთვის ტანში იმაზე მეტი ჰქონდა დარტყმული, ვიდრე მთელ წინა ბრძოლაში, რომელიც 12 რაუნდს გაგრძელდა.
მაგრამ ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. თითქოს ჯოშუას რობერტ გარსიას გაკვეთილები დააკლდა. თითქოს მისთვის შეურაცხმყოფელია ქუჩური ჩხუბი და ფიზიკური უპირატესობის გამოყენება. კრივში უნდა გაეჯიბროს უსიკს. განა არ იცის ტკბილი მეცნიერების მწარე აქსიომა, “თუ გინდა დაამარცხო შენზე უკეთესი მოკრივე, არ იყო მასთან მოკრივე, იყავი მოჩხუბარი და თუ გინდა დაამარცხო შენზე მაგარი მოჩხუბარი, არ იყო მასთან მოჩხუბარი, იყავი მოკრივე”. იცის, იცის, თანაც უკეთ, ვიდრე ნებისმიერმა ჩვენგანმა, თუმცა პატივმოყვარეობა ეშმაკის საყვარელი ცოდვაა და ჯოშუა პატივმოყვარეა. მან აუცილებლად აბეზარი კაზაკის თავზე უნდა ინადიროს, რომ გამარჯვებას გემო ჩაატანოს. მას ავიწყდება ახალი, უფრო ჩამჯდარი დგომი, რომელიც წინ წაწეული მარცხენა ფეხით უსიკს მიახლოვების ფსიქოლოგიურ საზღვარს უწესებს. ეტაპობრივად, რევანშისტი ჯოშუა პირველი მატჩის ჯოშუას ემსგავსება.

საფრთხის მოლოდინში და შესაძლებლობის ზღვარზე მყოფი ორგანიზმი მოქმედებს ინსტიქტით და არა ჭკუით. ამ დროს სისხლი ტოვებს ტვინის ქერქს, რაც ადამიანად გვაქცევს და მიაშურებს ღეროს – ე.წ. “ხვლიკის ტვინს”. ეს იმიტომ ხდება, რომ მნიშნველოვანი წამები ფიქრში არ დავკარგოთ ფორს-მაჟორში თვითგადარჩენისთვის პირველყოფილ იმპულსებს მივენდოთ. ამ დროს მოკრივე ავტოპილოტზეა. ჩანს, ვერანაირი რობერტ გარსია რამდენიმე თვეში ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ “ხვლიკის ტვინის” ავტოპილოტის მიერ მართული ჯოშუა ინსტიქტურად მოკრივეა და არა მოჩხუბარი. ავტოპილოტის მართული უსიკიც მოკრივეა, მაგრამ უკეთესი. უფრო მოქნილი, უფრო სწრაფი, უფრო დაუღალავი და ბოლოს და ბოლოს უფრო ტექნიკური. უსიკის მენტორი პატარაობაში ხო ანატოლი ლომაჩენკო იყო, “იმ” ლომაჩენკოს მამა. “მატრიცა”, იგივე “ჰაი-ტექ” ლომა და უსიკი სხვადასხვა ზომის მანქანებია ერთი ოპერატიული სისტემით. ლომა + სიმაღლე + წონა = უსიკს.
სანამ ჯოშუა უსიკის თავზე ნადირობს, უსიკის თავი მეტრონომის ქანქარასავით მოძრაობს, თანაც სხვადასხვა ტემპში. რითმი მხოლოდ ამ თავის მოუხელთებელ პატრონს ჩაესმის. პენდულუმის გამო უსიკის თავდაცვა ამავდროულად თავდასხმაა. გადაიხრება, აიცილებს ჯოშუას მოქნეულს, აჭმევს თავისას. როცა წონიან მოქნეულს იცილებ და საპასუხოს უხვედრებ, ასეთ მომენტში ორივე დარტყმის ძალა ჯამდება. გამოდის, ჯოშუას კაზაკის მუშტისგან საკუთარი დარტყმები უბრუნდება. იგი ერთი-ორ დარტყმას უტარებს, მაგრამ გაცილებით მეტჯერ საკუთარ ნაღმებზე ფეთქდება.
მერვე რაუნდია. ჯოშუა კარგი სამდარტყმიანი კომბინაციით უტევს უსიკის კორპუსს და უსიკი ნელდება. ჯოშუას ამოსუნთქვის და გონების მოკრების საშუალება აქვს. ცოტა შეგულიანდა კიდეც. კუთხეში გარსია ახსენებს, რომ მოჩხუბარი უნდა იყოს. რომ კაზაკის ფილტვები დარტყმებით უნდა შეკუმშოს, არ უნდა ასუნთქოს. და აი, მეცხრე რაუნდის მეორე ნახევარში ჯოშუამ ოგუნი გამოიხმო და ძალიან მძიმედ უტევს ოლექსანდრს. უსიკის თვალები სადაცაა ატრიალდება. მისი ქანქარა გაფუჭდა, თავი აქეთ-იქით უტანოდ მოძრაობს. იგი თვითგადარჩენის რეჟიმშია. კომენტატორები კითხულობენ – სად იყო ჯოშუა აქამდე? ადრე რატომ არ გააკეთა ეს? კუთხის ბრალი ხომ არაა, ხომ არ ეუბნებოდნენ რომ იგებს?
გონგით გადარჩენილი რაუნდის შემდეგ არ ვიცი, რა ხდება უსიკის თავში, სხეულში, სულში, მაგრამ მეათე რაუნდში ისეთია, თითქოს მეცხრე არც ყოფილა. ახლა მისი მეტაფიზიკის ჯერია და იწყებს. თავს ესხმის ჯოშუას, იცილებს, ბლოკავს და ისევ თავს ესხმის. მაჯრვენა აპერკოტი, მარცხენა ჰუკი, ეშხში შედის, რისკავს და აკეთებს, რასაც ცაცია დგომში მყოფი მოკრივე თეორიულად არასდროს უნდა აკეთებდეს, მით უფრო ძლივს გადარჩენის შემდეგ – მოწინააღმდეგის მარცხენა ხელის დარტყმას მარცხნივ გადაგხრით იცილებს. ეს მის თავს ჯოშუას მარჯვენასთვის გახსნილს ტოვებს. ამას წინა შეხვედრაშიც აკეთებდა. წესით, ჯოშუას რამე უნდა მოემზადებინა საწინააღმდეგოდ, თუმცა საშიში არაფერი. აქა-იქ ხვდება, მაგრამ ქანქარის მოძრაობა დარტყმებს მეტწილად ისხლეტს. მეათე რაუნდში უსიკი მოჩხუბარი არ არის, მაგრამ აღარც მოკრივეა. უსიკი მეომარია.
ამ რაუნდის შემდეგ ჯოშუა დაღლილი, დაჩაგრული და დემორალიზებულია. მისი საუკეთესო მომენტები ზედმეტად იზოლირებული იყო საიმისოდ, რომ ორთაბრძოლის მიმართულება შეეცვალა. უსიკი ამას გრძნობს. საჩემპიონო რაუნდებში მას აღარ სჭირდება გარისკვა, უფრო მეტი მოგებული რაუნდი აქვს ბაგაჟში, ვიდრე წაგებული და შეუძლია, თავიც შეინახოს, მაგრამ უსიკი მეომარია. მან ბრძოლა ძახილის ნიშანით უნდა დაამთავროს. ბოლომდე იბრძვის ისე, თითქოს აგებს და ჯოშუას უნდა დაეწიოს. ჯოშუა კი პირიქით, თითქოს იგებს და აქვს ფუფუნება, აქა-იქ შეყანყალებული უსიკისთვის დამატებითი დარტყმების მიყრაზე უარი თქვას.
ჯოშუა უსიკზე 3 წლით ახალგაზრდა, 10 კილოთი მძიმე და 10 სანტიმენტრით მაღალია, მაგრამ ამ უპირატესობებს მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯოშუა გატეხილია. მარცხის მერე ის რინგიდან საკუთარ ქამრებს ისვრის და გასახდელისკენ გარბის, თუმცა ცოტა ხნით. უკან ბრუნდება, წამყვანს მიკროფონს გამოგლეჯს და აუდიტორიას გატეხილი გულიდან გამოჟონილი სიტყვით მიმართავს: “მე არ ვარ 12 რაუნდის მებრძოლი. მე მძიმეწონოსნების ახალი ჯიში ვარ. მე ვერ ვიქნები მაიკ ტაისონი, სონი ლისტონი, ჯეკ დემფსი. ვერ შევძლებ, ვურტყა კომბინაციები, როგორიც შეეძლო როკი მარჩიანოს, რადგან მე დიდი ვარ. 18 სტოუნი ვარ… მძიმე ვარ. ძნელია”. მანამდე უსიკი მას ამშვიდებს და ეუბნება – შენ ძლიერი ხარ. ჯოშუა პასუხობს – “ძალა არ მაინტერესებს, უნარები უნდა მქონდეს. კრივში ძალა გამარჯვებას ვერ მოგიტანს. კრივში გამარჯვებინებს უნარები. შენ ხო არ ხარ ძლიერი? მაშინ როგორ დამამარცხე? როგორ და უნარებით”.

ჯოშუას ექნება დრო, უნარებზე იმუშაოს, მაგრამ უსიკს ეჩქარება. იგი უკვე 35 წლისაა, კრივის “საპენსიო ასაკში”. სანამ მთელს ქვემძიმე წონას ასუფთავებდა და უპირობო ჩემპიონი ხდებოდა, მძიმეწონოსანი ტაისონ ფიური ლოთობიდან, კოკაინიდან და დეპრესიიდან დიდ სპორტში ბრუნდებოდა, რათა ლინეარ ჩემპიონის სტატუსი და WBC-ის ქამარი დაებრუნებინა. მას შემდეგ, რაც ფიურიმ უაილდერი, ხოლო უსიკმა ჯოშუა ჩამოაქვეითა, მხოლოდ ერთი ჩხუბიღა გვრჩება მსოფლიოს საუკეთესო მძიმეწონოსნის ვინაობის გასაგებად – ირლანდიელი ბოშა თუ ზაპოროჟიელი კაზაკი? ფიურიმ უაილდერთან ტრილოგიის შემდეგ განაცხადა, პენსიაში გავდივარო და თუკი არ გადათქვა, თვის ბოლოს ქამრის დათმობაც მოუწევს. მაგრამ უსიკის ნასროლი ხელთათმანის აცილება ფიურის გაუჭირდება – ჯოშუას მერე ან ფიურის ვეჩხუბები ან არავისო, რასაც ფიურიმ საკუთარ ტვიტერზე უკვე უპასუხა კიდეც, ბიჭი ვარ და მოვდივარ, თუ ბიჭი ხარ დამხვდიო (ოღონდაც ჯერ ჩეკის წინგაკები გაამზადეთო).
ირლანდიელ ბოშას კვირაში სამი პარასკევი აქვს და გადაჭრით ჯერ ვერავინ იტყვის, მას და უსიკს ერთ რინგზე ფეხის დადგმა თუ უწერიათ. თუკი ბრძოლა შედგა, უდაოდ ისტორიული იქნება, რადგან პირველად მძიმე წონის ისტორიაში, ფსონზე ოთხი ქამარი იდება. მსოფლიოს ბევრი მძიმეწონოსანი ახსოვს, რომელთაც მოპოვებული ქამრები ვერ დაიცვეს და მალევე დაკარგეს – იოჰანსონი, სპინქსი, ტაკერი, ბრუნო, ტაისონი... ზოგს მოტივაცია დააკლდა, ზოგიც წნეხმა გატეხა. კაზაკის საბრძოლო უნიფორმაში გამოწყობილ უსიკს მსგავსს ვერაფერს დავაბრალებთ, თუმცა აშკარაა, ფიური მისთვის უპრეცენდენტო გამოწვევა და დიდი საფრთხეა. ვიტყოდი – ერთადერთი საფრთხე.
სხვათა შორის, ვაპირებდი, ამ სვეტისთვის “თავისუფალი კაზაკის ამბავი” დამერქმია, მაგრამ მერე უსიკის დიალოგი ვნახე ჟურნალისტთან:
– პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ ვინც არ იბრძვის, არ ცოცხლობს. რას გულისხმობდით?
– ირემი გარბის, ვეფხვი მისდევს. ირემს თუ უნდა იცოცხლოს, უნდა გაიქცეს. ვეფხვს
თუ უნდა იცოცხლოს, უნდა დაიჭიროს და ჭამოს. ვინც არ იბრძვის, არ ცოცხლობს.
– თქვენ ვეფხვი ხართ?
– მე? არა. მე ვარ თეთრი კურდღელი :)
არ ვიცი, რამდენად გულისხმობდა ოლექსანდრ უსიკი ლუის ქეროლის “ელისის” პერსონაჟს, მუდამ მოჩქარე თეთრ კურდღელს, მაგრამ როგორც ამ უკვდავი ნაწარმოების კიდევ ერთი თაყვანისმცემელი, მორფეუსი ეტყოდა ნეოს – “შეგიძლიათ დარჩეთ საოცრებათა სამყაროში და ნახოთ, კურდღლის სორო რა სიღრმემდე მიდის”.
მე ჩემი წითელი აბი უკვე ჩავყლაპე.
კომენტარები