- დავით ხოჭოლავა და მისი კოპენჰაგენი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ
- 24 აგვისტო ქართველი მცველისა და მისი ოჯახისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო
- მშრალი მატჩი ტრაპიზონში - ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველი ითამაშებს
დანიური კოპენჰაგენის მცველი დავით ხოჭოლავა 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე საქართველოს ნაკრებიდან წელს მხოლოდ ის და ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) გამოვლენ, რომლებიც თავ-თავიანთ ჯგუფებსა და მეტოქეებს წილისყრის შედეგად შეიტყობენ.
29 წლის ხოჭოლავას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში თურქულ ტრაბზონსპორს შინ ანგარიშით 2:1 მოუგო, სტუმრად კი უგოლოდ დაშორდა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ტრაბზონში გამართული თამაშის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა დანიურ მედიას შთაბეჭდილებები გაუზიარა.

"2022 წელი დავით ხოჭოლავასთვის რთული გამოვიდა. კოპენჰაგენის მცველს ცოლი უკრაინელი ჰყავს, შესაბამისად, უკრაინაში ომმა მის ოჯახზე დიდი ზეგავლენა იქონია. ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს, რომელიც დღემდე გრძელდება, ემსხვერპლა ხოჭოლავას სიმამრი. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემდეგ, ხოჭოლავამ არ დამალა, რომ ეს ტრიუმფი მისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო აღმოჩნდა მძიმე წლის ფონზე", - წერს bold.dk.
"ცოლი უკრაინელი მყავს, დღეს კი (24 აგვისტოს) უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ამიტომ, მსურს მივულოცო მას და შვილს. ეს განსაკუთრებული დღეა ბევრი უკრაინელისთვის.
ჩემი პირადი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა იყო, რათა გამებედნიერებინა ოჯახი. თამაშის შემდეგ ტელეფონით ვესაუბრე ჩემს ცოლს და ლამის იტირა. ის ძალიან გახარებულია ჩემს გამო. მართლაც სასიამოვნოა, როდესაც ჩვენთვის ასეთ რთულ პერიოდში პატარა სიხარულს ვიღებთ".

დავით ხოჭოლავა დანიურ კოპენჰაგენში მეორე სეზონია გამოდის, სადაც დონეცკის შახტარიდან გადავიდა. მცველს, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 37 მატჩი აქვს ჩატარებული, უკრაინაში 6 წელიწადი აქვს გატარებული.
კომენტარები