Thumbnail

ფორმულა 1 | შთამბეჭდავი ფერსტაპენი და რედ ბულის დუბლი ბელგიაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბელგიის გრან პრიზე მაქს ფერსტაპენმა გაიმარჯვა, რედ ბულმა დუბლი შეასრულა
  • 24 წლის ნიდერლანდელი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისკენ მიიწევს

ფორმულა 1-ში სეზონი ერთთვიანი პაუზის შემდეგ ბელგიის გრან პრით განახლდა და მიმდინარე წლის მე-14 რბოლა მაქს ფერსტაპენმა მოიგო.

საქმე ისე მიდის, რომ 24 წლის ნიდერლანდელი ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონობას სეზონის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაინაღდებს, რადგან უკვე სერიოზულ უპირატესობას ფლობს, ფინიშამდე კი მხოლოდ 8 გრან პრი რჩება.

მაქსმა ბელგიაში რბოლა მე-14(!) პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ არანაირი პრობლემა არ ჰქონია: უკვე მე-12 წრეზე შეძლო გალიდერება და რბოლის ბოლომდე პირველი პოზიცია ძალიან მშვიდად შეინარჩუნა. იმდენად მშვიდად, რომ რბოლა თითქმის 18-წამიანი უპირატესობით მოიგო!

ბელგიის გრან პრის პოდიუმზე პერესი, ფერსტაპენი და საინსი ავიდნენ

ბელგიის გრან პრი საინტერესოდ დაიწყო: ფერნანდო ალონსოსა და ლუის ჰემილტონის ბოლიდებს შორის კონტაქტი იყო, რის შედეგადაც ლეგენდარულმა ბრიტანელმა ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო. ამიტომაც, მე-4 წრეზე რესტარტი გახდა საჭირო, თუმცა, ამას რბოლაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია.

კარლოს საინსი, რომელმაც რბოლა პოულით დაიწყო, საბოლოოდ, მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, დუბლი შეასრულა რედ ბულმა, რადგან მე-2 პოზიცია სერხიო პერესს ერგო. თავის მხრივ, შარლ ლეკლერმა ასპარეზობა მე-15 ადგილიდან დაიწყო და მე-6 ადგილზე გავიდა. რა თქმა უნდა, დღის მბროლელად ფერსტაპენი დასახელდა, რომელმაც კარიერაში 29-ე გრან პრი მოიგო.

ბელგიის გრან პრი

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული)
2. სერხიო პერესი (რედ ბული) +17.841
3. კარლოს საინსი (ფერარი) +26.886
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) +29.140
5. ფერნანდო ალონსო (რენო ალპინი) +73.256
6. შარლ ლეკლერი (ფერარი) +74.936
7. ესტებან ოკონი (რენო ალპინი) +75.640
8. სებასტიან ფეტელი (ასტონ მარტინი) +78.107
9. პიერ გასლი (ალფა ტაური) +92.181
10. ალეკსანდერ ალბონი (უილიამსი) +101.900


მორიგი გრან პრის მოგებით მაქს ფერსტაპენმა საერთო ჩათვლაში მდევრებთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას სწრაფი ტემპით უახლოვდება. შარლ ლეკლერს კი სერხიო პერესმა გადაასწრო.

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) – 284 ქულა
2. სერხიო პერესი (რედ ბული) – 191
3. შარლ ლეკლერი (ფერარი) – 186
4. კარლოს საინსი (ფერარი) – 171
5. ჯორჯ რასელი (მერსედესი) – 170
6. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) – 146
7. ლანდო ნორისი (მაკლარენი) – 76
8. ესტებან ოკონი (რენო ალპინი) – 64
9. ფერნანდო ალონსო (რენო ალპინი) – 51
10. ვალტერი ბოტასი (ალფა რომეო) – 46

კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაში შესრულებული დუბლით რედ ბულმა ფერარისთან უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა:

1. რედ ბული - 475 ქულა
2. ფერარი - 357
3. მერსედესი - 316
4. რენო ალპინი - 115
5. მაკლარენი - 95

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის მე-15 გრან პრი 4 სექტემბერს ნიდერლანდებში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები