Thumbnail
  • ფინეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა
  • რა მდგომარეობაა შესარჩევ ჯგუფებში ფინიშამდე 4 ტურით ადრე
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპული ზონის თამაშების დასრულებამდე 4 ტური რჩება და საგზურისთვის საქართველოს ნაკრებიც იბრძვის, თუმცა, უკვე ცნობილია პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც მიზანს უკვე მიაღწია.

რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ეს გახლავთ არა რომელიმე გრანდი, არამედ ფინეთის ნაკრები, რომელიც ამ დროისთვის საკვალიფიკაციო ჯგუფშიც კი მე-2 ადგილზეა, თუმცა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოწინავე სამეულს მიღმა დარჩენა არ ემუქრება.

ფინელებისთვის გადამწყვეტი გუშინ გამართული შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ისინი ტალინში ესტონეთს გაეჯიბრნენ და 76:68 იმარჯვეს. საინტერესოა, რომ მასპინძლებმა 15-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და წინაც გავიდნენ, თუმცა, ფინელების კიდევ ერთ სპურტს ვერაფერი მოუხერხეს.

📺 ესტონეთი 68:76 ფინეთი

ფინელების რიგებში საუკეთესო ესპანურ ტენერიფეში გიორგი შერმადინის თანაგუნდელი სასუ სალინი იყო, რომელმაც 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 20 ქულა მოაგროვა, NBA-ში მოთამაშე ლაური მარკანენმა კი 18 ქულას 9 მოხსნა წაამატა.

აღსანიშნავია, რომ ფინელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მას მერე გაიფორმეს, რაც მათთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდა J ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში. ფინელთა მეზობელმა შვედეთმა მცირე სენსაცია მოახდინა თელ ავივში, სადაც ისრაელს 95:83 სძლია. 

ახლა, ფინელები სწორედ ისრაელსა და შვედეთს 4-4 მოგებით უსწრებენ და ვინაიდან უკანასკნელებთან მატჩებში უპირატესობაც გააჩნიათ, სამ საუკეთესო ნაკრებს მიღმა ვეღარაფრით დარჩებიან, ეს კი, ნიშნავს, რომ მსოფლიოს პირველობაზე თამაში გარანტირებული აქვთ. ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა, თუმცა, ამ ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე დიდი ალბათობით, გერმანია და სლოვენიაც გავლენ.

დიდი ბრძოლა მიდის I ჯგუფში, სადაც 5 ძლიერი ნაკრებია შეკრებილი, აშკარა აუტსაიდერი კი დიდი ბრიტანეთია. ამ დროისთვის საუკეთესო მდგომარეობაში ლატვიაა და ისეთი პირი უჩანს, საბერძნეთი, სერბეთი, თურქეთის უძლიერესი ტრიოდან მინიმუმ ერთი (შესაძლოა, ორიც, თუკი მათ დავაში ბელგიაც ჩაერევა) მსოფლიოს პირველობის მიღმა დარჩება.

ძალიან საინტერესო ვითარებაა შექმნილი K ჯგუფში, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი ექვსივე ნაკრებს გააჩნია. ლიდერები ლიეტუვა და საფრანგეთი არიან და ძნელად წარმოსადგენია, რომ მათ მიზანს ვერ მიაღწიონ, მე-3 საგზურისთვის კი მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, უნგრეთი და ჩეხეთი იბრძოლებენ.

L ჯგუფი ისაა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც თამაშობს და მასზე უკვე ბევრი გვაქვს დაწერილი. უკვე ცხადია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოქმედი გამარჯვებულის ესპანეთისა და იტალიის გარეშე არ ჩაივლის, მე-3 საგზურისთვის კი, დიდი ალბათობით, ისლანდია და საქართველო იბრძოლებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მატჩს, რომელსაც ილიას ზუროსის შეგირდები 11 ნოემბერს რეიკიავიკში ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის პირველობა 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს. ამ დროისთვის, მასპინძელთა და ფინელების გარდა, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება კოტ დ’ივუარის, ახალი ზელანდიისა და ლიბანის ეროვნულ გუნდებს აქვთ განაღდებული.

I ჯგუფი

ლატვია (5-1), საბერძნეთი (4-2), ბელგია (3-3), სერბეთი (3-3), თურქეთი (2-4), დიდი ბრიტანეთი (1-5)

10 ნოემბერი: საბერძნეთი-ლატვია, თურქეთი-ბელგია, დიდი ბრიტანეთი-სერბეთი
13 ნოემბერი: ლატვია-დიდი ბრიტანეთი, ბელგია-საბერძნეთი, სერბეთი-თურქეთი
24 თებერვალი: თურქეთი-ლატვია, დიდი ბრიტანეთი-ბელგია, საბერძნეთი-სერბეთი
27 თებერვალი: სერბეთი-დიდი ბრიტანეთი, ბელგია-თურქეთი, ლატვია-საბერძნეთი

J ჯგუფი

გერმანია (7-1), ფინეთი (7-1), სლოვენია (5-3), შვედეთი (5-3), ისრაელი (3-5), ესტონეთი (2-6)

10 ნოემბერი: გერმანია-ფინეთი, ისრაელი-სლოვენია, ესტონეთი-შვედეთი
13 ნოემბერი: სლოვენია-გერმანია, შვედეთი-ისრაელი, ფინეთი-ესტონეთი
24 თებერვალი: ისრაელი-ფინეთი, ესტონეთი-სლოვენია, გერმანია-შვედეთი
27 თებერვალი: შვედეთი-ესტონეთი, სლოვენია-ისრაელი, ფინეთი-გერმანია

K ჯგუფი

ლიეტუვა (7-1), საფრანგეთი (6-2), მონტენეგრო (5-3), ბოსნია-ჰერცეგოვინა (4-4), უნგრეთი (4-4), ჩეხეთი (3-5)

11 ნოემბერი: ლიეტუვა-საფრანგეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა-უნგრეთი, ჩეხეთი-მონტენეგრო
14 ნოემბერი: მონტენეგრო-ლიეტუვა, უნგრეთი-ჩეხეთი, საფრანგეთი-ბოსნია ჰერცეგოვინა
23 თებერვალი: ჩეხეთი-საფრანგეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა-მონტენეგრო, ლიეტუვა-უნგრეთი
26 თებერვალი: უნგრეთი-ბოსნია ჰერცეგოვინა, საფრანგეთი-ლიეტუვა, მონტენეგრო-ჩეხეთი

L ჯგუფი

ესპანეთი (5-1), იტალია (5-1), ისლანდია (4-2), საქართველო (3-3), უკრაინა (1-5), ნიდერლანდები (0-6)

11 ნოემბერი: ისლანდია-საქართველო, იტალია-ესპანეთი, ნიდერლანდები-უკრაინა
14 ნოემბერი: ესპანეთი-ნიდერლანდები, საქართველო-იტალია, უკრაინა-ისლანდია
23 თებერვალი: ისლანდია-ესპანეთი, ნიდერლანდები-საქართველო, იტალია-უკრაინა
26 თებერვალი: უკრაინა-ნიდერლანდები, საქართველო-ისლანდია, ესპანეთი-იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები