Thumbnail
  • 26 ივნისი / მოსკოვი / 18:00 / დანია V საფრანგეთი
  • 26 ივნისი / სოჭი / 18:00 ავსტრალია V პერუ

საფრანგეთი მერვედფინალშია, დანიას ცოტა უკლია პლეი ოფამდე, მაგრამ ამ ორი გუნდის თამაში "ლუჟნიკიზე" მაინც ძალიან დამაინტრიგებელია. დანიის ნაკრების ერთადერთი კონკურენტი ავსტრალიაა, რომელიც სოჭში უკვე გავარდნილ პერუს ეთამაშება. 

დანიის ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად მოსკოვში ფრეც ჰყოფნის, მოგება კი გუნდს პირველ ადგილზე გაიყვანს ჯგუფში. აი, წაგების შემთხვევაში კრისტიან ერიქსენი და კომპანია ავსტრალიელთა თამაშზე იქნება დამოკიდებული. 

დანიელებმა "ლუჟნიკიზე" ივარჯიშეს

ორი ფაქტი - ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან: 1998 წელს საფრანგეთმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგო, მათ შორის 2:1 დანიასთან. სამაგიეროდ, 2002 წელს სწორედ დანიელთა "წყალობით" ფრანგებმა მუნდიალი ნაადრევად დატოვეს. 

დანიელთა მთავარი საშიშროება ბუნებრივია, ერიქსენს უკავშირდება, "ტოტენჰემის" ვარსკვლავმა დანიის ნაკრების ბოლო 15 თამაშში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. 

საფრანგეთის ნაკრებში კი კილიან მბაპეს ვარსკვლავი ამობრწყინდა, მას მერე, რაც მან პერუს გაუტანა, მბაპე გახდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე დიდ ტურნირებზე. 

დანიის ნაკრებს არ ეყოლება ტრავმირებული ვილიამ კვისტი. ფრანგებს ყველა მწყობრში ჰყავთ, მაგრამ დიდიე დეშამს სატურნირო უპირატესობა ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს. მით უფრო, დეშამი გაუფრთხილდება სიდიბეს, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს, იგივე შეიძლება ითქვას უმტიტიზეც. 

საფრანგეთის ნაკრებმა ამხანაგური მატჩის გამართვა მოასწრო და "სპარტაკის" 19-წლამდელთა გუნდი 11:0 გაანადგურა. 

აგე ჰარეიდე (დანიის ნაკრების მწვრთნელი): "არასოდეს არ მიმუშავია ასეთ საუკეთესო გუნდთან. არასოდეს არ არის კარგი ფრეზე თამაში, ჩვენ საერთოდ არც ვიცით, როგორ უნდა "ავტობუსის ჩაყენება". თუმცა, რა თქმა უნდა, საფრანგეთთან თამაშში ყველაფერი უნდა გავთვალოთ".

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): "როცა ექვსი ქულით ხვდები ბოლო ტურს სულ სხვა განწყობა გაქვს. მე მაქვს იმის შანსი, რომ გარკვეულ ცვლილებებს მივმართო. ინდივიდუალურად მივუდგები ფეხბურთელებს, გავითვალისწინებ იმასაც, თუ ვის აქვს უკვე მიღებული ყვითელი ბარათი".

მატჩისთვის ფრანგებიც ემზადებიან

ავსტრალიამ უნდა მოიგოს

ავსტრალიის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოუგოს უკვე გავარდნილ პერუს, რომ მეორე თამაშს ამ ნაკრებისთვის აზრი მიეცეს. ბერტ ვან მარვეიკს ფრანგების იმედი უნდა ჰქონდეს - თუ დანია თუნდაც 1:0-ს მოიგებს, ფრანგების ნულზე გამარჯვების შემთხვევაში, ბრძოლას ავსტრალია გააგრძელებს. 

შესაძლოა, გაფრთხილებებსაც აზრი მიეცეს - თუ საფრანგეთი 2:1-ს მოიგებს, ხოლო ავსტრალიელები 1:0-ს, მეორე ადგილის ბედი დანიასა და ავსტრალიას შორის ყვითელი ბარათების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება. ამ წუთისთვის დანიას 1 ყვითელი ბარათით მეტი აქვს.  

პერუს ნაკრებს არ ეყოლება ჯეფერსონ ფარფანი, მისთვის მუნდიალი დასრულებულია.

საინტერესო ფაქტები

► საფრანგეთი და დანია 2000 წლის მერე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. "ლურჯებმა" 6 დაპირისპირება მოიგეს, 1 კი წააგეს. 

► საფრანგეთსა და დანიას უკვე 11 თამაშია, რაც ფრე არ უთამაშიათ. 

► საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ბოლო 4 თამაში მოიგო. ოთხივე ეს თამაში გუნდმა 1-გოლიანი უპირატესობით მოიგო. 

► დანიის ნაკრები მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) 11 თამაშია დაუმარცხებელია.


► ავსტრალიასა და პერუს არასოდეს უთამაშიათ.

► პერუს ნაკრებმა მუნდიალებზე ბოლოს 1978 წელს მოიგო არგენტინაში.

► 1930 წლის მერე პერუმ მუდნიალებზე ხუთ ისეთ თამაშში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 3.5 გოლზე მეტი გავიდა.

► ამ მუნდიალზე პერუმ 27-ჯერ დაარტყა, მაგრამ ჯერ გოლი არ გაუტანია. 

დანია-საფრანგეთი

სავარაუდო შემადგენლობები

დანია (4-2-3-1): შმეიხელი - დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი - დელეინი, შიონე - ი. პოულსენი, ერიქსენი, სისტო - იორგენსენი

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ლ. ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ

მსაჯი: ს. რიკი (ბრაზილია)

ავსტრალია-პერუ

სავარაუდო შემადგენლობები

ავსტრალია (4-4-1-1): რაიანი - რისდონი, სენსბერი, მილიგენი, ბეჰიჩი - ლეკი, მუი, იედინაკი, კრუსი - როგიჩი - იურიჩი 

პერუ (4-2-3-1): გალიესე - ადვინკულა, რამოსი, როდრიგესი, ტრაუკო - აკინო, იოტუნი - კარილიო, კუევა, ფლორესი - გერერო 

მსაჯი: ს. კარასევი (რუსეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები