Thumbnail
  • საქართველო 16:11 სლოვაკეთი (5:1, 4:3, 4:3, 3:4)
  • საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან მე-3 ადგილით გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ჯგუფიდან გასვლა მოახერხა.

ქართველი წყალბურთელები ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ სლოვაკეთს შეხვდნენ. გამარჯვებული პლეი ოფის საგზურის მოიპოვებდა. საქართველომ თამაში იდეალურად დაიწყო და თავიდანვე ის უპირატესობა მოიპოვა, რომელიც პრაქტიკულად გამარჯვების საწინდარი იყო. დეიან სტანოევიჩის გუნდი 5:0 დაწინაურდა და ცხადი გახდა, რომ მოიგებდა. უპირატესობა არც მომდევნო პერიოდებში შემცირებულა, პირიქით, მესამე და მეოთხე პერიოდები საქართველომ ერთნაირად, 4:3 მოიგო და ბოლო მეოთხედს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რომელიც სლოვაკების სასარგებლოდ დასრულდა (3:4) და საბოლოოდ, სტანოევიჩის შეგირდებმა 16:11 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი დუშან ვაშიჩი იყო 4 გოლით, 3-ჯერ გაიტანა ბორის ვაპენსკიმ, დუბლი შეასრულეს ფაბიო ბარალდიმ და იოვან სარიჩმა, ხოლო თითო გოლი ნიკა შუშიაშვილის, მარკო ელაჩას, საბა ტყეშელაშვილის, რევაზ იმნაიშვილისა და ხვიჩა ჯახაიას აქტივშია. ამგვარად, საქართველომ A ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით (მონტენეგროსთან 11:14, იტალიასთან 8:18) მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გავიდა, საიდანაც მეოთხედფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსი აქვს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ თამაშობს და საუკეთესო შედეგი 2020 წელს აჩვენა, როცა მე-10 ადგილი დაიკავა. აქვე გავიხსენოთ, რომ ორი თვის წინ დეიან სტანოევიჩის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა და მე-10 პოზიცია ერგო.

საქართველო 1/4-ფინალის საგზურისთვის პლეი ოფში 4 სექტემბერს, ნიდერლანდებს ან რუმინეთს შეხვდება (მათ შორის გამარჯვებულს).

კომენტარები

ბოლო ამბები