Thumbnail
  • საქართველო 12:8 ნიდერლანდები (2:3, 5:1, 2:2, 3:2)
  • ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველო პირველად გავიდა
  • გარდა ამისა, ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორია დაწერა: ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში პირველად გავიდა!

დეიან სტანოევიჩის გუნდმა ჯგუფური ეტაპზე მონტენეგროსა (11:14) და იტალიასთან (8:18) წააგო, მაგრამ სლოვაკეთს მოუგო (16:11) და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მეოთხედფინალის საგზურისთვის ნიდერლანდებს შეხვდა და გაიმარჯვა.

ნაკრებმა პირველი პერიოდი 2:3 დათმო, მაგრამ შემდეგ ბრწყინვალე თამაში აჩვენა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. გარდამტეხი იყო მეორე პერიოდი, რომელიც ქართველმა წყალბურთელებმა 5:1 მოიგეს და შეიძლება ითქვას, მეტოქე მენტალურად გატეხეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები 12:8 დაამარცხა.

სტანოევიჩის გუნდის რიგებიდან მარკო ელაჩა 3 გოლით გამოირჩა, დუბლი შეასრულეს ბორის ვაპენსკიმ და ანდრია ბითაძემ, ხოლო თითო გოლი ვალიკო დადვანის, ხვიჩა ჯახაიას, დუშან ვაშიჩის, ფაბიო ბარალდისა და ნიკა შუშიაშვილის ანგარიშზეა. ცალკე უნდა აღინიშნოს მეკარის, ნიკოლოზ შუბლაძის ფანტასტიკური თამაში, რომელმაც არაერთი სეივი მიითვალა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, რითაც საუკეთესო 8 გუნდში ადგილი გარანტირებული აქვს, რაც ჩვენი გუნდისთვის კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში საუკეთესო შედეგია. 1/4-ფინალში საქართველოს მეტოქე 6 სექტემბერს, მასპინძელი ხორვატიის ნაკრების იქნება.

რაც ასევე დიდი ამბავია: მეოთხედფინალში გასვლით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოიპოვა.

ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, როდესაც მე-12 ადგილი დაიკავეს, 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018-ში – მეცამეტეზე, 2020 წელს ნაჩვენები მე-10 შედეგი კი ჩვენი ნაკრების ისტორიაში აქამდე საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა შედეგი უკვე გაუმჯობესებულია. ვთქვათ ისიც, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც კარგი შედეგი აჩვენა და მე-10 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები