Thumbnail

ფურკან კორკმაზმა, რომელიც საქართველო-თურქეთის მატჩში მოედნიდან დუდა სანაძესთან კონფლიქტის გამო, მასთან ერთად გააძევეს, მოედანსა და შემდეგ გასახდელისკენ მიმავალ გზაზე მომხდარ ჩხუბზე ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის მე-3 დღეს საქართველოს ნაკრებმა თურქეთს 88:83 სძლია, თამაში კი ძალიან სკანდალური გამოდგა. ბოლო მეოთხედში ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს ხსენებულმა კორკმაზმა და დუდა სანაძემ, რასაც ორივე კალათბურთელის გაძევება მოჰყვა, აურზაური კი უკვე გასახდელებისკენაც გაგრძელდა.

თურქული მედიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, კორკმაზს თავს დუდა სანაძე, გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თურქებმა კამერების სრული ჩანაწერები მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევრობასკეტის დატოვებით დაიმუქრნენ.

თურქეთის ნაკრებისა და ფილადელფიას ფორვარდი აცხადებს, რომ მას თავს საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი და უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დაესხა. აღსანიშნავია, რომ თვითონ კალათბურთელების ვინაობას არ აკონკრეტებს. კორკმაზმა ჯერ მოედანზე მომხდართან დაკავშირებით ილაპარაკა:

"თქვენ ნახეთ ნაწილი იმისა, რაც მოედანზე მოხდა. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, მან კი შეურაცხყოფა მომაყენა. არავის მივცემ უფლებას, პირადად მომაყენოს შეურაცხყოფა. თამაშის დროს რაღაცები ხდება ხოლმე - ამბობ რამეს ან პასუხს უბრუნებ, მაგრამ ის, რაც მან თქვა, ისეთი რაღაც იყო, რასაც ვერ გავატარებდი. რეაგირება მქონდა როგორც ადამიანს, მოთამაშესა და მამაკაცს". - ამბობს კორკმაზი.

ამის შემდეგ თურქეთის ნაკრების ფორვარდმა "თბილისი არენის" გვირაბში მომხდარ ინციდენტზე მოყვა: 

"გვირაბში სტაფის წევრთან ერთად მივდიოდი და როდესაც გასახდელს მივუახლოვდით, სამი ქართველი მოთამაშე და დაცვის ორი თანამშრომელი დავინახე, რომლებიც მოგვდევდნენ. ერთმანეთს მუშტებით გავუსწორდით. ეს ქუჩურ ჩხუბს ჰგავდა. საუბარი არც გვქონია. ისინი თავს დაგვესხნენ და ჩვენ ვცდილობდით თავის დაცვას - ისე, როგორც ასეთ დროს მამაკაცი იქცევა. ვფიქრობ, საქმე უსაფრთხოების სამსახურის პრობლემასთან გვაქვს. შესაძლოა ისინი თავიანთი მოთამაშეებისადმი ლოიალურები იყვნენ. გვესმის, რომ სახლში არიან, მაგრამ ეს დაუშვებელია", - აქვეყნებს კორკმაზის სიტყვებს Basketnews.

A ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, მე-4 ტურის მატჩები 6 სექტემბერს ჩატარდება. 15:30 სთ-ზე თურქეთი ბელგიას ეთამაშება, 18:15 საათიდან მონტენეგრო ესპანეთს გაეჯიბრება, ხოლო 21:00 საათზე საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა თამაშია, რომელსაც პლეი ოფში გასვლის კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები