Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მე-4 ტურში ბულგარეთთან მატჩისთვის ემზადება და დღეს მორიგი ვარჯიში ჩაატარა. მასში მონაწილეობა გოგა ბითაძემაც მიიღო, თუმცა, მას ტრავმა მაინც აწუხებს და შესძლებს თუ არა ხვალინდელ მატჩში მოედანზე გასვლას, უშუალოდ თამაშის წინ გადაწყდება.

ვარჯიშის შემდეგ კომენტარის გაკეთება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსსა და კალათბურთელებს ბექა ბურჯანაძესა და დუდა სანაძეს ვთხოვეთ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს უკანასკნელი მონაწილეობდა ინციდენტში, რომელიც თურქეთთან მატჩში მოხდა და მოედნიდან კალათბურთელების გაძევებით დასრულდა. ცხადია, ამ ფაქტზე საუბარს გვერდს ვერავინ აუვლიდა.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “მისმინეთ, იმის შესახებ რაც დერეფანში მოხდა, უბრალოდ, ვერ ვისაუბრებ. ამისთვის, ადგილზე უნდა ვყოფილიყავი. ამდენად, ვილაპარაკო იმაზე, რაც არ მინახავს, არასწორი იქნება. არ ვიცი, რა მოხდა. ახლა, ყველა რაღაცას ლაპარაკობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ დაინახეს, რაც მოხდა. ამდენად, მე მხოლოდ იმაზე საუბარი შემიძლია, რაც დარბაზში ვიხილეთ. ვთვლი, რომ მოგება დავიმსახურეთ, რადგანაც მთელი გულითა და დიდი ენერგიით ვითამაშეთ და გადამწყვეტ მომენტებში უკეთესები ვიყავით. ძალიან კარგ გუნდს ვაჯობეთ, რომელსაც მაგარი კალათბურთელები ჰყავს. ეს, ჩვენი თავდაჯერებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თუმცა, ეს თამაში დასრულდა და ახლა, კონცენტრირება ბულგარეთთან მომდევნო მატჩზე უნდა გავაკეთოთ. ეს ძალიან კარგი გუნდია, რომელიც თამაშში საშუალოდ 38 სამქულიანამდე ესვრის. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვაში, ერთი ერთზე და პიკენროლის გათამაშებისას. ბულგარელებს მაღალი კლასის კლათბურთელები ჰყავთ და მოსაგებად მათი შეჩერებაა საჭირო. კიდევ ერთი საკითხი ისაა, რომ ჩვენ გუშინ 50 წუთი ვითამაშეთ, თანაც ბევრი გაჩერებითა და დიდი წნეხის ქვეშ. ძალიან გრძელი მატჩი იყო, ამდენად, იმედი მაქვს, რომ მოვიძიებთ საჭირო ენერგიას, რათა მომავალი თამაში მოვიგოთ.

ჩემი აზრით, ორივე დარჩენილი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა მატჩების შედეგებიც უნდა გავითვალისწინოთ. იქნება, პლეი ოფში გასასვლელად ერთი მოგებაც გვეყოს, თუმცა, შესაძლოა, ორივე შეხვედრაში გამარჯვება დაგვჭირდეს. ამდენად, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ხვალ არის. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მონტენეგროსთან მატჩზე საუბარი. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.

ამასთან, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქომაგებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ და ვისურვებდი, რომ ხვალინდელ თამაშზეც სავსე დარბაზი ვიხილო. გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირის ბოლო ფაზა ახლოვდება, გუნდს ენერგია აკლდება და თანაც თოკოსა და ბითაძის გარეშე ვთამაშობთ. გოგასთან დაკავშირებულ სიტუაციას ხვალინდელი მატჩის წინ კიდევ დავაკვირდებით. იმედი მაქვს, ქომაგების დახმარებით, შევძლებთ, რომ ბერლინში წავიდეთ”.

დუდა სანაძისა ფურკან კორკმაზის დაპირისპირება მოედნის მიღმაც გაგრძელდა

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “იმ მომენტში მე უფრო მსაჯის მოქმედებაზე გავბრაზდი და როდესაც კორკმაზს ჩავუარი, სწორედ ეს ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი ჯარიმა დაგვისტვინა-თქო. მან რა გაიგო და შეურაცხყოფად რა მიიღო, არ ვიცი, თუმცა, ახლოს მოვიდა, სიტუაცია აირია და ყველამ იცით, რაც მოხდა. ძალიან ბევრი ხელის შლა და ყვირილი იყო, რომ გასახდელში გავსულიყავით. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებდით ამ ამბის გაგრძელებას, თუმცა, იმდენი ხელის ქნევა ვიხილეთ, ქართველები ვართ, სიამაყე გვაქვს და არავის არაფერს არ დავუთმობდით.

ვფიქრობ, რომ მისი ემოციებიც გადაჭარბებული და ჩვენიც და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, არასასიამოვნო ფაქტია, უბრალოდ, თურქები არარეალურ ფაქტებს წერენ. ყველაფერი გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა მივედით და მწვავე საუბარიც იყო, უკან არც მას დაუხევია და ჩვენც ბოლომდე მივაწექით. კორკმაზი მოედანზეც მეუბნებოდა, რომ გასახდელში დავილაპარაკოთო და იქაც იგივე იყო, იძახდა, აი აქ ვარო და ამიტომაც მივედით ბიჭები. დაცვის სამსახურმა გაშველებაში დიდი როლი ითამაშა.

უბრალოდ, მერე სიტუაცია დაიძაბა, თუმცა, რასაც თურქული მედია წერს და მათი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ასე ნამდვილად არ ყოფილა. დაცვის პოლიციას ინციდენტში არანაირი მონაწილეობა არ მიიღია, თუ არ ჩავთვლით, რომ ისინი გაშველებას ცდილობდნენ. მათი მადლობელი ვარ, რადგანაც შესაძლოა უფრო დიდი არეულობა გვეხილა და ვიღაცას რამე ტკენოდა. ახლა, ველოდებით ფიბა-ს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა ვარიანტში ხვალინდელ თამაშამდე უნდა იყოს. ჩვენთვის ყველა დარჩენილი მატჩი ფინალის ტოლფასია, მითუმეტეს, რომ ესპანეთმა დათმო თამაში ჩვენს უშუალო კონკურენტთან. მთავარი მი მატჩი მაინც მონტენეგროსთან არის, რომელთან მოგების შემთხვევაშიც, ბერლინის საგზურს მოვიპოვებთ”.

ბექა ბურჯანაძე: ასეთი ინციდენტები ათასობით ხდება, უბრალოდ მოედნის მიღმა აღარ უნდა გაგრძელდეს

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “გუშინდელი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, გუნდში ძალიან მაგარი განწყობაა. ამ მატჩისთვის ჩვენს გულშემატკივრებს ასიანს დავუწერდი, რადგანაც მათ გარეშე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა. ახლა, მაქსიმალური კონცენტრაცია ხვალინდელ თამაშზე გვაქვს, შემდეგ კი, მონტენეგროა, რომელთან გამარჯვებასაც ჩვენი ბერლინში წასვლის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. რაც შეეხება თურქეთთან მატჩში მომხდარ ინციდენტს, ასეთი რამეები ათასობით ხდება, უბრალოდ, სჯობს, რომ პარკეტზე დარჩეს და შემდეგ არ გაგრძელდეს. თუმცა, რაც მოხდა, ვეღარ შევცვლით და ახლა ველით, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ფიბა”.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის A ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, ძალიან საინტერესო ვითარებაა შექმნილი: 3 ტურის შემდეგ 2-2 მოგება აქვთ მონტენეგროს, ბელგიას, თურქეთსა და ესპანეთს, ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ, ბულგარეთს კი ყველა მატჩი წაგებული აქვს. ამ განლაგებით პლეი ოფში გასვლის შანსს ექვსივე ნაკრები ინარჩუნებს, რაც დასკვნით ორ დღეს დიდ ბრძოლებს გვპირდება.

როგორც აღვნიშნეთ, ევროპირველობის მე-4 ტურის მატჩები 6 სექტემბერს ჩატარდება. 15:30 საათიდან ბელგია და თურქეთი ითამაშებენ, 18:15-ზე მონტენეგრო-ესპანეთია დაგეგმილი, ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა კი 21:00 საათზე დაიწყება: საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ეთამაშება და შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ თურქეთთან ტრიუმფის შემდეგ, მოედანზე ფავორიტის რანგში გავა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები