Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თურქეთთან მატჩში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც მოედნიდან დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი გააძევეს. თურქული მხარე ამ დრომდე აქტიურად ამტკიცებს, რომ ამ ამბავს გაგრძელება გასახდელშიც მოჰყვა და შეხლა-შემოხლაში შენგელია და ბითაძეც იყვნენ ჩართულნი.

თორნიკე შენგელია: “გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინცინდენტის თავიდან არიდება, თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება ბუნებრივი იყო. როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი, ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად, მითუმეტეს, ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე.

გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით, არ წყდებოდა შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაციები დამატებით ჩვენს გასაღიზიანებლად. თურქული მედიის მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თურქეთს 2 ოვერტაიმის თავზე 88:83 სძლია, თუმცა, მეტოქე შედეგს ამ დრომდე აპროტესტებს და მატჩის გადათამაშებას ითხოვს. თურქები ცალკე კორკმაზის ცემას გვედავებიან და ამას გარდა, იმ 22 წამს მისტირიან, რომელიც თამაშს ბოლო მეოთხედში ჩამოაკლდა.

კომენტარები

ბოლო ამბები