Thumbnail

ელიტა CR7-ის გარეშე! ყველა რეკორდი, რომელსაც რონალდო ჩემპიონთა ლიგაში ფლობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 2003 წლის შემდეგ პირველად: ჩემპიონთა ლიგა რონალდოს გარეშე იწყება
  • ვნახოთ ყველა რეკორდი, რომელსაც პორტუგალიელი ფლობს

დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება. ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის ბოლო 19 სეზონი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად გაიმართა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგაში 2003/2004 წლების სეზონიდან უწყვეტად თამაშობდა - ჯერ მანჩესტერ იუნაიტედის ფორმით, შემდეგ მადრიდის რეალში, მერე ტურინის იუვენტუსში და ბოლოს ისევ იუნაიტედში. წელს იუნაიტედი მხოლოდ ევროპალიგაში ითამაშებს და რაკი რონალდომ სხვა გრანდში გადასვლა ვერ მოახერხა, ჩემპიონთა ლიგა მის გარეშე იწყება. კრიშტიანო ლიგას მხოლოდ ტელევიზორში ან ტრიბუნიდან, სტუმრის რანგში თუ უყურებს, თამაშით კი ხუთშაბათს, სან სებასტიანში, რეალ სოსიედადის წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.

მართალია, რონალდო ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს, მაგრამ ამ ტურნირზე მაინც თითქმის ყველაფერი მისით იზომება. მოდით, გადავხედოთ ყველა რეკორდს, რომელსაც CR7 ჩემპიონთა ლიგაში ფლობს:

► რონალდოს ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი, 183 მატჩი აქვს ჩატარებული. მის რეკორდთან ყველაზე ახლოს იკერ კასილიასია 177 თამაშით, მესამე ადგილზე კი ლიონელ მესი გახლავთ - 156 მატჩით.

► კრიშტიანო უშუალოდ ჯგუფური ეტაპის მატჩების რეკორდსმენიცაა - 98 მატჩით. მეორე ადგილზე აქაც კასილიასია 95 მატჩით და მესამეც მესი - 81 თამაშით.

► 140 გოლით რონალდო ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. აქედან 105 გოლი რეალის ფორმით გაიტანა, 21 მანჩესტერ იუნაიტედის და 14 იუვენტუსის. ყველა დროის ბომბარდირებში მასთან ყველაზე ახლოს მესია, რომელსაც 125 გოლი აქვს გატანილი. ამრიგად, არგენტინელი რონალდოს 15 გოლით ჩამორჩება.

► რონალდო ჯამში 7-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (2007/08, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17 და 2017/18 წლების სეზონებში. აქედან 6-ჯერ ეს ზედიზედ მოახერხა. 2013/2014 წლების სეზონში მან 17 გოლის გატანა შეძლო - ერთ სეზონში ამდენი და ამაზე მეტი სხვას არავის არასდროს გაუტანია. 2015/16 წლების სეზონში მან 16 გოლი გაიტანა, ხოლო 2017/18 წლების სეზონში კი - 15. შედარებისთვის: რობერტ ლევანდოვსკის და ქარიმ ბენზემას საუკეთესო შედეგები სეზონში 15-15 გოლია.

► ასევე რონალდოს ეკუთვნის რეკორდი ერთ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობითაც: 2015/16 წლების სეზონში მან ჯგუფში 11 გოლის გატანა მოახერხა.

► რონალდო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონის პირველი გოლი ორჯერ გაიტანა (2009 და 2021). ამ მხრივ მასთან გათანაბრება ახლა მესის (პსჟ), ანხელ დი მარიას (იუვე), დავიდ ალაბას (რეალი) ან ისკოს (სევილია) შეუძლიათ. ოთხივე მათგანი დღეს თამაშობს, თუმცა ამისათვის ისიც აუცილებელია, რომ 20:45 საათზე დაგეგმილი მატჩები (დორტმუნდი V კოპენჰაგენი და დინამო ზაგრები V ჩელსი) უგოლოდ დასრულდეს, რაც ალბათ უნდა გამოვრიცხოთ.

► ჩემპიონთა ლიგაში შესრულებული ჰეთთრიკების რაოდენობით რონალდო პირველ ადგილზე მარტო არ არის - ამ რეკორდს მესისთან ერთად ინაწილებს. კრიშტიანოს და ლეოს 8-8 ჰეთთრიკი აქვთ შესრულებული.

► ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი ფინალი რონალდოს აქვს მოგებული - 5. რაც შეეხება ფინალში მონაწილეობას - ამ რეკორდს ლეგენდარულ იტალიელ მცველ პაოლო მალდინისთან ერთად იყოფს - ორივე 6-6-ჯერ იყო ფინალში.

► შარშანდელ სეზონამდე რონალდო ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა ტურში ჰქონდა გოლი გატანილი (მან ეს 2017/2018 წლების სეზონში მოახერხა). შარშან ასეთი მიღწევა სებასტიენ ალემ გაიმეორა (ამსტერდამის აიაქსის ფორმით).

► ფინალში დუბლი 7 ფეხბურთელს აქვს შესრულებული. მათ შორისაა რონალდოც: 2017 წლის ივნისში, იუვენტუსს ფინალში (4:1) დუბლი შეუსრულა.

მოკლედ, ცხადია: რონალდო ისევე დააკლდება ჩემპიონთა ლიგას, როგორც ჩემპიონთა ლიგა აკლია რონალდოს. თუმცა, იქნებ წელს ევროპალიგაში დაამყაროს რეკორდები…

კომენტარები

ბოლო ამბები