Thumbnail
  • საქართველო 80:92 ბულგარეთი
  • ილიას ზუროსის გუნდი საკუთარ თავზე აღარაა დამოკიდებული

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თურქეთთან დრამატული მოგების შემდეგ, ბულგარეთთან ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, მეტოქესთან, რომელმაც ტურნირზე საუკეთესო თამაში ჩაატარა, ვერაფერი გააწყო და 80:92 დამარცხდა. მატჩის ბედი ბულგარელთა 19 ზუსტმა სამქულიანმა (38-დან, 50%) გადაწყვიტა, რასაც მასპინძლებმა ვერაფრით უპასუხეს.

დღევანდელი ფიასკოს შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მერვედფინალში გასვლის შანსი კი დარჩა, თუმცა, ცუდი ისაა, რომ საკუთარ თავზე აღარაა დამოკიდებული. ილიას ზუროსის გუნდი ბერლინში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეგმგზავრება, თუკი, ბოლო ტურში მონტენეგროს დაამარცხებს, მანამდეი კი, ბელგია ბულგარეთს მოუგებს.

იმის გათვალისწინებით, რომ გოგა ბითაძემ ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზად გახლდათ, საქართველოს ნაკრების ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა ბულგარელებთან ისევ მაღალი სასტარტო ხუთეულით დაწყება გადაწყვიტა: რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, სანდრო მამუკელაშვილი, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.

თად მაკფადენმა 19 ქულა ჩააგდო

პირველი მეოთხედი ქაოსურად დაიწყო და დაახლოებით 2 წუთი გუნდები ქულების აღებას ვერ ახერხებდნენ, შემდეგ კი საქმეში ბითაძე ჩაერთო და ზედიზედ 5 ქულა მიითვალა. გოგამ მეოთხედი შეუცვლელად ჩაატარა და 8 ქულა ჩააგდო, საქართველომ კი ათწუთეული 18:14 მოიგო. ამ დროს ბულგარეთს მხოლოდ 1 დაკარგვა (საქართველოს 4) და 4 ზუსტი სამქულიანი ჰქონდა, ჩვენებმა კი პერიმეტრიდან მხოლოდ ერთხელ იხეირეს (ეს ბურთიც ბითაძემ ჩააგდო).

მე-2 მეოთხედის სტარტზე ქართველი კალათბურთელები 22:14 დაწინაურდნენ, რასაც ძალიან ცუდი პერიოდი მოჰყვა. ბულგარეთმა 9:0 გაქცევა მოაწყო და ძირითადად, ზუსტი სამქულიანების ხარჯზე, თავად დაწინაურდა 6 ქულით. საბოლოოდ, ბითაძის (17 ქულა პირველ ტაიმში) ლიდერობით, საქართველო დიდ შესვენებაზე მინიმალური ჩამორჩენით (38:39) გავიდა, თუმცა, აშკარა გახლდათ, რომ პერიმეტრზე რაღაც იყო შესაცვლელი. ამ დროს მეტოქეს მოხსნებში 27:17-ს ვუგებდით, თუმცა, მეტოქის 8 სამქულიანის წილ მხოლოდ 2 შორეული ტყორცნა გვქონდა ჩაგდებული. 

გოგა ბითაძე საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო

მე-3 მეოთხედში ვიხილეთ ის, რაც თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნელიც გახლდათ. მეტოქემ მთელი აქცენტი ისევ სამქულიანებზე გააკეთა და გაუმართლა კიდეც. ამის წყალობით, ბულგარეთი 11 ქულითაც კი დაწინაურდა, მოედანზე მთავარი კაცი კი მეტოქის ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი დი ბოსტი იყო, რომელსაც დღევანდელ თამაშამდე საშუალოდ 6 ქულა ჰქონდა, დღეს კი 14-დან 9 (!) სამქულიანი გამოიყენა და 33 ქულა მიითვალა.

დასკვნითი ათწუთეულის წინ საქართველოს ნაკრები მეტოქეს 57:66 ჩამორჩებოდა და ურთულესი მისიის წინაშე იდგა. ცხადია, თამაშის გადარჩენის შანსი კიდევ არსებობდა, თუმცა, იმ მხოლოდ შემთხვევაში, თუკი დაცვაში თამაში გამოსწორდებოდა. ეს არ მოხდა, ბულგარეთმა საოცარი პროცენტით სროლა გააგრძელა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. თუკი ვერ აგდებდა ბოსტი, აგდებდა, მეტოქის მეორე ლიდერი საშა ვეზენკოვი, რომელიც 26 ქულასა და 14 მოხსნაზე ავიდა.

ილიას ზუროსის ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩი წააგო

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ბითაძე იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო, მაკფადენის მონაგარი 19 ქულა იყო, სანაძემა და შერმადინმა - 10-10 ქულა მიითვალეს, მამუკელაშვილს კი მორიგი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 13 ქულა, 11 მოხსნა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დღეს ეროვნული გუნდის მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ, რაც ქართული კალათბურთისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

მე-4 ტურის შემდეგ, ჩვენთვის საინტერესო თბილისურ ჯგუფში ასეთი სატურნირო ვითარება გვაქვს: ესპანეთი და თურქეთი 3-3 მოგებით ლიდერობენ და მათ პლეი ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვთ, შემდეგ ბელგია და მონტენეგრო მოდიან 2-2 გამარჯვებით, საქართველოსა და ბულგარეთს კი თითო მოგება გააჩნიათ.

ევრობასკეტის თბილისურ ჯგუფში დასკვნითი მე-5 ტურის მატჩები ხვალ, 7 სექტემბერს შედგება: 15:30 საათიდან თურქეთი ესპანეთს გაეჯიბრება, 18:15 საათზე ბულგარეთისა და ბელგიის დაპირისპირებაა დაგეგმილი, დღის ბოლოს კი (21:00) მოედანზე საქართველოსა და მონტენეგროს ეროვნული გუნდები გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები