Thumbnail

ბულგარეთთან თამაშს შიშით ველოდი. საქმე არა იმდენად ბულგარეთის ძალაში იყო, არამედ იმაში, რომ კალათბურთში ზედიზედ ორჯერ, ემოციით და ომით მოგება რთული კი არა, თითქმის შეუძლებელია. თურქეთთან თამაშმა ძალიან ბევრი ენერგია წაიღო - არა მხოლოდ ფიზიკური ენერგია, არამედ მენტალურიც.

ზოგადად, ამ ფორმაციის საქართველო ცდილობს, ლოგიკური სათამაშო პრობლემები (რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ) სწორედ ბრძოლისუნარიანობის და მონდომების გაზრდის ხარჯზე დააბალანსოს, მაგრამ იმ ფორმატში, როცა 6 დღეში 4 თამაში გაქვს, შეუძლებელია, ყველა თამაშის ემოციასა და ბრძოლაზე აგება. უბრალოდ, რესურსები არ გეყოფა - არც ფიზიკური და არც მენტალური. სწორედ ამიტომ, თურქეთთან 50-წუთიანი ომის შემდეგ, ბულგარეთთან თამაში სახიფათო გამოწვევად ჩანდა. თითქოს მეტოქეზე ძლიერი ხარ და კლასზე უნდა მოიგო, მაგრამ ამ გუნდმა ამჟამინდელ ფორმაში კლასით მოგება რამდენად იცის, რთული სათქმელია. აგვისტოში წაგებული საკონტროლო შეხვედრები შემთხვევითობა არ ყოფილა. არც შესარჩევში გამოვიდა ნიდერლანდებთან მოგება კლასის ხარჯზე.

ნერვიულობას აძლიერებდა ის ფაქტი, რომ ბულგარეთი კლასიკური პერიმეტრის გუნდია, ფსონს სამიანებზე ჩამოდის და ეს მას ჩვენთვის მოუხერხებელ მეტოქედ აქცევს. ზუროსს უბრალოდ არ ჰყავს საკმარისი კადრები, რომ სათამაშო ბალანსი შექმნას და იპოვოს. მას არც ამის დრო აქვს. თანამედროვე კალათბურთში დაცვის დროს ყველაზე მეტად 200-205 სანტიმეტრის სიმაღლის მოთამაშე ფასობს, რომელსაც სიმაღლეც ჰყოფნის და მობილურობაც, გაცვლის არ ეშინია და ერთდროულად რამდენიმე პოზიციის დაცვა შეუძლია. ზუროსს ჰყავს "მაღლები", რომელთაც პერიმეტრის დაცვის დროს სისწრაფე არ ჰყოფნით და "დაბლები", რომელთაც გაცვლის დროს სიმაღლე და გაბარიტები აკლიათ. გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და სანდრო მამუკელაშვილი (შედარებით ნაკლებად) პერიმეტრისთვის ნაკლებად მობილურები არიან. მაგალითად, გვახსოვს, რომ ნიდერლანდებთან ბოლო წამზე გადამწყვეტი სამიანის დროს პერიმეტრზე გიორგი შერმადინი აღმოჩნდა.

რატის და მაკფადენს სიმაღლე და გაბარიტები აკლიათ. ერთადერთი დუდა სანაძეა ის მოთამაშე, რომელსაც დაცვის დროს მეტ-ნაკლებად მობილურობაც აქვს და გაბარიტებიც. მაგალითად, როცა საშა ვეზენკოვის წინააღმდეგ თამაშობ, ეს დიდი პრობლემა ხდება. ვეზენკოვი 2.03-ია, მსუბუქი ფორვარდიც არის და მძიმეც, პერიმეტრზეც სახიფათოა და სამწამიანში, ზურგით, ე.წ. პოსტში თამაშიც შეუძლია. პერიმეტრზე ის ქართველ "მაღლებზე" სწრაფი და მობილურია, სამწამიანში კი რატისა და მაკფადენზე ერთი თავით მაღალი და გაბარიტული. ამ ტიპის მოთამაშის წინააღმდეგ დაცვაში ობიექტურად ცოტა ოპცია გვაქვს.

მოკლედ, რაც მოხდა, ნაწილობრივ ლოგიკურია - სათამაშო და საკადრო პრობლემების ლოგიკური გამოძახილი. ეს პრობლემა ნაკრებს ადრეც ჰქონდა, შენგელიას ტრავმამდე. თუმცა, შენგელია ის მოთამაშეა, რომელსაც სწორედაც რომ ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში - პერიმეტრზეც გამოსადეგია და სამწამიანშიც, არც სისწრაფე აკლია და არც გაბარიტები. 

სამწამიანს ზუროსის გუნდი ძალიან მაგრად იცავს. საქართველო ყველასთვის მოუხერხებელი მეტოქეა, ვინც ფსონს სამწამიანიდან შეტევაზე აკეთებს, მაგრამ პერიმეტრიდან შეტევის მოგერიება, პირიქით, ჩვენ გვიჭირს ძალიან. 

ზოგადად, როცა პარკეტზე ერთდროულად ორი, მით უმეტეს, სამი "მაღალი" გყავს, მეტოქეს დიდი შანსი აქვს, მობილურ და დაბალ ხუთეულზე გადავიდეს და პერიმეტრზე თავისუფალი სროლები იპოვოს. ასეც მოხდა. ბულგარეთმა 39-დან 19 სამიანი ჩააგდო. ეს ზუსტი სროლების 49 პროცენტია. როცა საქართველოს პერიმეტრიდან 57 ქულას უგდებენ, ის თამაში წაგებულია. ზუროსის გუნდს უბრალოდ არ აქვს საკმარისი რესურსი შეტევაში, რომ მეტოქეს 90-95 ქულა ჩაუგდოს. ჩვენი საქმე დაცვა, დაბალი ტემპი, სამწამიანიდან ჭიდაობა და ნელი თამაშია.

სწორედ ამიტომ, აუხსნელი იყო ის ფაქტი, რომ საქართველო მეტოქეს სამიანების სროლაში აყვა. ეროვნულმა გუნდმა უფრო მეტი სამიანი ისროლა, ვიდრე ორქულიანი. ჩვენ მსროლელი გუნდი არ ვართ და ამ პირობებში, თუკი უფრო მეტ სამქულიანს ისვრი, ვიდრე ორიანს, ეს წაგების გარანტირებული ფორმულაა. საქართველომ 31 ორქულიანი ისროლა და 36 სამქულიანი, ისიც კატასტროფული 22-პროცენტიანი სიზუსტით.

საქართველოს ნაკრებმა არასოდეს უნდა ისროლოს ამ რაოდენობის სამიანი. ეს ჩვენი საქმე უბრალოდ არ არის. საქართველო ბულგარეთს (და ალბათ ვერც სხვა მეტოქეს ამ ევრობასკეტზე) სამიანების შეჯიბრს ვერ მოუგებს. ზუროსის გუნდი სწორად მხოლოდ პირველ მეოთხედში თამაშობდა, როცა აგრესიული დაცვაც იყო, დაფარებებიც და სამწამიანიდან შეტევაც.

კარგი და სწორი ის იყო, რომ საქართველომ 23 ჯარიმა შეასრულა. ეს სწორი ტენდენციაა. გაგვიხარდა გოგა ბითაძის დაბრუნებაც.

წინ კიდევ ერთი მატჩია. ნათელი და გასაგებია, რომ ამ ეტაპზე, ტრავმების, საკადრო პრობლემების და თაობათა ცვლის ფონზე, რამდენიმე დღეში სათამაშო ბალანსის პოვნას და გამართვას ვერ შევძლებთ. ნაკრებს რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა აქვს (პერიმეტრის დაცვა, სამქულიანები და ა.შ.). თუმცა, შესაძლებელია ისე მოგება, როგორც თურქეთთან - ბრძოლით, აგრესიული დაცვით, მეტოქის შეზღუდვით და შეტევაში ინდივიდუალური გამონათებებით. ყოველდღე ეს ვერ გამოვა, მაგრამ გადამწყვეტ თამაშებში ეს შეიძლება და უკვე არაერთხელ გამოგვსვლია. მონტენეგროსთანაც ასეთი თამაშის დღე უნდა იყოს.

საქართველოსგან ჯგუფის მოგებას ალბათ არავინ ელოდა. აქამდე 4 ევრობასკეტი გვითამაშია და სამჯერ ჯგუფი 2 მოგებით და 3 მარცხით დავასრულეთ. ამ სამიდან ორჯერ ორი მოგება შემდეგ ეტაპზე გასვლას ეყო. მოკლედ, არაფერი ხდება ისეთი, რაც აქამდე არ ყოფილა და ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასია. ცუდი ის არის, რომ ჩვენი შანსები ბოლომდე ჩვენს ხელში არ არის, რადგან ჩვეულებრივ ორი გამარჯვება ჯგუფიდან გასვლას ყოფნის ხოლმე. დღეს მეორეჯერ უნდა მოვიგოთ - ნებისმიერი მეთოდით, მაგრამ უნდა მოვიგოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები