Thumbnail

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩზე, რომელსაც ქართველი კალათბურთელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დასწრება თავისუფალი იქნება.

აღნიშნულის მიზეზი იოლი მისახვედრია. სწორედ აღნიშნულ მატჩში გაირკვევა, დარჩება თუ არა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტი 2022-ის პლეი ოფში. შეგახსენებთ, რომ ამისთვის ბელგიის ნაკრების გამარჯვებაა საჭირო, რა შემთხვევაშიც, ილიას ზუროსის გუნდს მონტენეგროსთან თამაშში ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება ეყოფა.

...და რატომ არის დამღუპველი ქართველი კალათბურთელებისთვის დღევანდელ მატჩში ბულგარელთა გამარჯვება? საქმე ის გახლავთ, რომ თუკი ბელგია წააგებს, ჩვენ კი მონტენეგროს ვაჯობებთ, ამ შემთხვევაში, ერთბაშად 4 ნაკრებს – საქართველოს, ბელგიას, ბულგარეთსა და მონტენეგროს 2-2 მოგება დაუგროვდება.

თორნიკე შენგელიამ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტულად ამ ოთხეულში გამარჯვებების რაოდენობა დაითვლება და ასეთ სურათს მივიღებთ: მონტენეგრო – 2, ბულგარეთი – 2, საქართველო – 1, ბელგია – 1. გამოდის, რომ ესპანეთთან და თურქეთთან ერთად პლეი ოფში მონტენეგრო და ბულგარეთი გავლენ.  
ცხადია, ეს სიტუაცია ყველას კარგად აქვს გათავისებული, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ საგანგებო მიმართვა გაავრცელა საქართველოს ნაკრების ტრავმირებულმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ.

“დღეს 2 სათხოვარი მაქვს თქვენთან:
1) ვისაც დრო გაქვთ, მიდით ბელგია-ბულგარეთის თამაშზე 18:15-დან და უგულშემატკივრეთ ბელგიას (დასწრება თავისუფალია) 
2) ყველამ ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი 21:00-ზე”.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მე-5 ტური სტარტს 15:30 საათიდან თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩით აიღებს და ამ შეხვედრაში თბილისური ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდება. ბელგიისა და ბულგარეთის ხსენებული დაპირისპირება 18:15 საათზე დაიწყება, 21:00 საათიდან კი მოედანზე საქართველოსა და მონტენეგროს ეროვნული გუნდები გავლენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები