Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საშინაო მოედნის უპირატესობა ვერ გამოიყენა, სავსე თბილისი არენაზე მონტენეგროსთან გადამწყვეტი მატჩი 73:81 წააგო და ევრობასკეტის თბილისური ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის მერვედფინალში ვერ ითამაშებს. საერთო ჯამში, ილიას ზუროსის გუნდი ტურნირისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა და საბოლოო შედეგი გასაკვირი არ ყოფილა.

ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეულში გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, გიორგი შერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დააყენა. აქცენტი ისევ სამწამიან ზონაზე გაკეთდა, თუმცა, პირველ მეოთხედში ქართველი კალათბურთელები წინ არ ყოფილან. მეტოქე 2-ჯერ 6-ქულიანი უპირატესობითაც დაწინაურდა, თუმცა, მასპინძლები წამოწევას მუდმივად ახერხებდნენ. საბოლოოდ, მეოთხედი გოგა ბითაძის სლემით დაიხურა - 19:21. ცუდი ის იყო, რომ საწყის ათწუთეულში უკვე 5 ჯარიმა გვქონდა აცილებული, სამაგიეროდ, 6-დან 3 სამქულიანი გამოვიყენეთ.

გიორგი შერმადინმა 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა

საქართველოს ნაკრები მატჩში პირველად 14 წუთის თავზე დაწინაურდა და თითქოს თამაშის ხარისხიც გამოასწორა, თუმცა, ბოლო მონაკვეთი კი "ჩაუვარდა", მეტოქემ 7-ქულიანი გაქცევა მოაწყო და ტაიმი 41:35 მოიგო. კარგი ის იყო, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში წყობიდან გამოვიდა მონტენეგროელთა ლიდერი ბოიან დუბლევიჩი, რომელმაც ტექნიკური ფოლი მიიღო და პირველივე ტაიმში 4 პერსონალური ჯარიმა მოუგროვდა, შესაბამისად, სათამაშო დროც შეეზღუდა.

მე-3 მეოთხედში საქართველო მუდმივად მდევრის როლში იყო, რამდენჯერმე მეტოქეს ქულამდეც დაუახლოვდა, თუმცა, წინ გასვლას ვერ ახერხებდა. ამას დამატებული ზუსტად ბოლო წამზე საოცარი სამქულიანი  ჩააგდო დრობნიაკმა და მონტენეგრომ 6-ქულიანი მარაგი შეიქმნა - 52:58. ცხადია, თამაშის გადარჩენის შანსი კიდევ არსებობა, თუმცა, ისეთი თამაშით, როგორსაც საქართველო აჩვენებდა, ეს ნაკლებად მოსალოდნელი იყო და არც გამოვიდა.

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა

ქართველმა კალათბურთელებმა არაერთი თავისუფალი სროლა გააცუდეს და თანაც ისეთ მომენტებში, როდესაც მეტოქემდე ერთი ხელის გაწვდენა რჩებოდა. საბოლოოდ, მონტენეგრომ დამსახურებულად იმარჯვა და ბერლინში წასვლის უფლება მოპოვა, სადაც უკვე ცნობილია, რომ მასპინძელ გერმანიას გაეჯიბრება. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 1 მოგებითა და 4 მარცხით დაასრულა, რაც სრულ ფიასკოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ტურნირის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებში ისევ ორმაგი დუბლი შეასრულა სანდრო მამუკელაშვილმა (15 ქულა, 10 მოხსნა), თად მაკფადენს 16 ქულა ჰქონდა, დუდა სანაძემა და გიორგი შერმადინმა კი 14-14 ქულა ჩააგდეს და ამ უკანასკნელს აქტივში 9 მოხსნაც მოუგროვდა. გოგა ბითაძემ თამაში 5 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. მაკედონიელებს 22 ქულით იგორ დრობნიაკმა ულიდერა, კენდრიკ პერის კი 17 ქულა ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები