Thumbnail

ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი საგოლე პასით ჰქონდა. ნაპოლის შემტევმა ლივერპულის წინააღმდეგ (4:1) შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ჯოვანი სიმეონეს გოლი ცარიელ კარში გაატანინა.

რა გასაკვირია, რომ ხვიჩა ამ თამაშის შემდეგ ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. მის შესახებ ისეთმა დიდმა ფეხბურთელებმა გააკეთეს კომენტარები, როგორებიც მაიკლ ოუენი, კლარენს ზეედორფი და ეზეკიელ ლავეცი არიან. ცხადია, სამივე მათგანმა კვარა შეაქო.

მაიკლ ოუენი: "არ დაგვავიწყდეს, რომ ნაპოლიმ პენალტი ვერ გაიტანა და ბურთი ძელსაც გაარტყა. ლივერპულის დაცვის მარჯვენა ფლანგი კვარაცხელიამ დაანაწევრა და მესამე გოლიც ამ ზონიდან გავიდა".

კლარენს ზეედორფი: "ამ საღამოს "სტადიო მარადონაზე" დავინახეთ ყველა ის ასპექტი, რასაც ამ ნაპოლისგან ვითხოვდით. ჩემგან ბევრი კომპლიმენტი სპალეტის და მის ბიჭებს, მათ დიდი პოტენციალი აჩვენეს. კვარაცხელიას მტკიცე ხასიათი და სითამამე აქვს. მათ კიდევ შეეძლოთ მეტოქისთვის საფრთხის შექმნა, ვულოცავ ნაპოლის ყველა ფეხბურთელს".

ეზეკიელ ლავეცი: "კვარაცხელიამ დიდებული და მაღალი ხარისხის თამაში ჩაატარა, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელმა, მაგრამ მან უშიშრად ითამაშა. ამ ბიჭს კლასი და ტექნიკა აქვს".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ლივერპული 4:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავი სტარტი აიღო. იტალიური კლუბი მე-2 ტურში სტუმრად გლაზგოს რეინჯერსს შეხვდება, თუმცა მანამდე 10 სექტემბერს, სერია A-ში სპეციას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები