Thumbnail

ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი დასრულებულია - ოთხმა ქალაქმა: თბილისმა, მილანმა, პრაღამ და კიოლნმა ესტაფეტა ბერლინს გადააბარა, სადაც ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი გაიმართება. 10 სექტემბრიდან 16 ნაკრები ჩემპიონობისთვის, ხოლო სლოვენია ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს. სამწუხაროა, რომ მათ შორის არ იქნება საქართველოს ნაკრები. ილიას ზუროსს ვერც მასპინძლობამ უშველა, ნაკრებმა ცუდად იასპარეზა და 1-4 ბალანსით A ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულა. 

ფარქვეშ ნაკრებმა კარგად ითამაშა

ქვემოთ საინტერესო სტატისტიკას გაეცნობით, რომლისგანაც მოკლე დასკვნა ასეთია - საქართველოს ნაკრები პერიმეტრიდან (და ზოგადად) ძალიან ცუდად ესროდა, ბურთს ხეირიანად ვერ ათამაშებდა. კარგი თამაში ფარქვეშ კი ვერ აღმოჩნდა საკმარისი საპირწონე თუნდაც პლეი ოფში გასასვლელად. თუკი ინდივიდუალურ სტატისტიკას შევხედავთ, აშკარაა - ევროპულმა კალათბურთმა მორიგი ვარსკვლავი მიიღო - სანდრო მამუკელაშვილი. სხვა მხრივ კი გამოსარჩევი არაფერია...

ბურთის გათამაშება და სამიანები უდიდესი პრობლემა იყო

გუნდური სტატისტიკა

🟠 საქართველოს ნაკრები საშუალოდ 76.2 ქულას აკეთებდა თამაშში - ეს მე-19 შედეგია (საფრანგეთთან და მონტენეგროსთან ერთად). 

🟠 ზუროსის გუნდი 27.2%-იანი სიზუსტით ისროდა სამქულიანებს, ეს ევრობასკეტზე უკანასკნელი შედეგია. მართალია, რამდენიმე გუნდმა საქართველოს ნაკრებზე (41 სამქულიანი) ნაკლები 3-ქულიანი ჩააგდო, მაგრამ სროლის პროცენტი მათ უკეთესი ჰქონდათ. ოდნავ უკეთესი შედეგი ჰქონდა გუნდს ორქულიანების სიზუსტეში - 51.4% - მე-19. 

🟠 მოხსნებით (საშუალოდ 40.6 მატჩში) საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მესამე ადგილი ხორვატიისა და ლიეტუვის შემდეგ. ასევე მე-3 ადგილზე იყო გუნდი დაფარებებში - 3.8 თამაშში (საბერძნეთისა და ბოსნიის შემდეგ). 

🟠 ზუროსის გუნდს გამთამაშებლის მწვავე პრობლემა, რომ ჰქონდა, სტატისტიკაში ჩახედვაც არ სჭირდება, ისე აშკარაა. მართლაც, საშუალოდ 14.6 ასისტი თამაშში ბოლო შედეგია ევრობასკეტზე. არც ჩაჭრებში ბრწყინავდა ნაკრები - 4.2 თამაშში (22-ე შედეგი). 

🟠 საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტით 76.2, საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა. 

მამუკელაშვილმა ევროპის ტოპვარსკვლავების დონეზე ითამაშა

ინდივიდუალური სტატისტიკა

🟠 მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, შემდეგ მოდის ალეკსანდარ ვეზენკოვი, ნიკოლა იოკიჩი, ლუკა დონჩიჩი და ლაური მარკანენი. 

🟠 ქართველთა შორის საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო - 20.8 (საშუალოდ). ეს ევრობასკეტზე მე-8 შედეგია, რაც დებიუტანტისთვის ბრწყინვალე მაჩვენებელია. სანდრო ზემოთ ნახსენები ხუთეულის გარდა ჩამორჩა იონას ვალანჩუნასს და ალპერენ შენგიუნს. სხვა ქართველი 30-ეულშიც არ მოხვედრილა - გიორგი შერმადინი - 31-ე, გოგა ბითაძე - 39-ე. 

🟠 სანდრომ და ვეზენკოვმა ევრობასკეტზე ყველაზე მეტი ორმაგი დუბლი დააგროვეს - 4-4 (ხუთი მატჩიდან). 3 ორმაგი დუბლი ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს. მამუკელაშვილის გარდა სხვა ქართველ მოთამაშეს ორმაგი დუბლი არ ჰქონია.

🟠 საშუალოდ ქულებით (15.2) მამუკელაშვილი მე-19 ადგილზეა, თად მაკფადენი (15.0) – 23-ეზე. 

🟠 საშუალოდ 11.0 მოხსნით მამუკელაშვილი მესამე ადგილზეა და მხოლოდ ვეზენკოვს და ვალანჩუნასს ჩამორჩება. 10-ზე მეტი მოხსნა საშუალოდ სხვა არავის ჰქონია - არც იოკიჩს და არც რუდი გობერს.

🟠 პასებით საუკეთესო (4.0) მაკფადენი 22-ე პოზიციაზე გავიდა. ამის მერე ისევ მამუკელაშვილი მოდის (2.4) – 64-ე პოზიციაზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები