- ნაპოლის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩაზე საუბრობს
- მენეჯერმა მისი თამაშის პირველად ნახვით მიღებული შთაბეჭდილებები გაიხსენა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე დეტალურად ისაუბრა. იტალიელმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ მისი თამაში პირველად ჯერ კიდევ მაშინ ნახა, როცა პანდემია იყო და ძალიან მოეწონა, როგორც მას, ასევე ჯენარო გატუზოს, რომელიც იმ დროს ნაპოლის მთავარი მწვრთნელი იყო.
"როდესაც პირველად ხვიჩას თამაშის ვიდეო ვნახე, პანდემია იყო. ჩვენთან გატუზო მუშაობდა და მაშინვე მოგვეწონა. მახსოვს, კალაძეს დავურეკეთ მეტი ინფორმაციისთვის. მოსკოვის ლოკომოტივში ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ შემდეგ რუბინში ბევრად უკეთესი იყო", - იხსენებს ჯუნტოლი "კორიერე დელო სპორტთან" ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალებს.

ნაპოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ თავიდან კვარაცხელიაში 30 მილიონი მოითხოვეს და მოლაპარაკებები შეჩერდა. თუმცა საბოლოოდ ხვიჩასთვის ბრძოლაში ტურინის იუვენტუსს, რომასა და სან სებასტიანის რეალ სოსიედადს დაასწრეს:
"კვარაცხელიაში 30 მილიონი მოგვთხოვეს. ჩვენს შორის კონტაქტი მოლაპარაკებების დაწყებამდე შეწყდა, რადგან ოსიმენში დიდი თანხა ახალი გადახდილი გვქონდა და 19 წლის ბიჭში ამდენს ვეღარ გადავიხდიდით. თუმცა, ეს მოთამაშე ჩემს გონებაში დარჩა. როდესაც თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, ის საქართველოში დაბრუნდა და დინამო ბათუმში გადავიდა. ამიტომ, კონტრაქტი გავამზადეთ და 10 მილიონ ევროდ გარიგება დავხურეთ. ჩვენ იუვეზე, რომასა და სოსიედადზე სწრაფები ვიყავით, რადგან ის ყოველთვის გვყავდა მონიშნული ბლოკნოტში. სპალეტისაც მაშინვე მოეწონა. როცა ბიჭი იტალიაში ჩამოვიდა კონტრაქტის გასაფორმებლად, ლუჩანოსთან სახლში, მილანში გავუშვი. მათ მაშინვე გაუგეს ერთმანეთს. თუმცა, ერთი იყო კვარაცხელიას შეძენა და მეორეა ინსინიეს ნაცვლად მისი დამატება. ასე რომ ვთქვათ, ფსონი ძალიან მაღალი იყო, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გავიმარჯვეთ. ხვიჩას ხელფასი გადასახადების გარეშე 1.2 მილიონია, გადასახადებით 1.7 მილიონი გვიჯდება, ინსინიე კი 4.5 მილიონს იღებდა, გადასახადებით - 9 მილიონს. თავად განსაჯეთ ციფრებში სხვაობა", - აღნიშნა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით დღემდე 6 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, თავი 4 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით კი აგვისტოში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
კომენტარები