Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიაში ყოველდღე და ყველა რომ საუბრობს, ეს ყველამ იცის. ამჯერად, La Stampa-სთან ინტერვიუში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის შესახებ კომენტარი ტურინის იუვენტუსისა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, მარკო ტარდელიმ გააკეთა.

მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი, რომელიც იუვენტუსში 10 წელი თამაშობდა და საკლუბო დონეზეც ყველაფერი მოიგო, ფიქრობს, რომ კვარაცხელია თამაშის მანერით არც მეტი, არც ნაკლები, ჯორჯ ბესტს ჰგავს.

"არასდროს მინახავს ასეთი სრულყოფილი, გადამწყვეტი და თავის პასუხისმგებლობებში დარწმუნებული ნაპოლი. ლივერპულთან ისინი მოედანზე თავდაჯერებული გავიდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ შეძლებდნენ იმის გაკეთებას, რაც გააკეთეს. უნდა ვთქვა, რომ კვარაცხელიამ მეტოქის მოტყუების მანერით უდიდესი ჩრდილოეთირლანდიელ ფეხბურთელი გამახსენა. სახელს იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცას გიჟი ვეგონები, ამიტომ, ჯერ მოვიცდი", - თქვა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა.

კვარაცხელიამ 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა

21 წლის ქართველ ფეხბურთელზე ასევე ისაუბრა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ალფრედო პედულამ, რომელმაც თქვა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი იტალიაში ბოლო 15 წლის განმავლობაში საუკეთესო გარიგებაა:

"ნაპოლიში ხაზგასასმელია ახალწვეულების ეფექტი, ამიტომ ჩემი აზრით, კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობა დასაფასებელია. განსაკუთრებით კვარაცხელიას ვგულისხმობ: ქართველის ტრანსფერი, მის შესაძლებლობებთან შედარებით მართლაც ძალიან ცოტა დაჯდა და წელიწადში მილიონზე ოდნავ მეტ ხელფასს იღებს. ჩემი შეხედულებით, ეს ბოლო 15 წლის საუკეთესო ტრანსფერია. ყოჩაღ კრისტიანო ჯუნტოლის, რომ მისი დაბევება სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე მოახერხა, თან სხვა კლუბებთან კონკურენციაში", - აღნიშნა პედულამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით დღემდე 6 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, თავი 4 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით კი აგვისტოში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები