Thumbnail
  • საუდის არაბეთი, ეგვიტე და საბერძნეთი მუნდიალის ერთად მასპინძლობას აპირებენ
  • მათი განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირი ზამთარში მეორედ ჩატარდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

კატარი 2022-ის შემდეგ, შესაძლოა ზამთარში კიდევ ერთი მუნდიალი გაიმართოს. საუდის არაბეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი ფეხბურთში მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობაზე ფიქრობენ და მათი განაცხადის წარმატების შემთხვევაში, ტურნირი ისტორიაში მეორედ ზამთარში ჩატარდება.

The Times სიტუაციაში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუდის არაბეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი მუნდიალის მასპინძლობასთან დაკავშირებით ერთობლივ განაცხადზე რამდენიმე კვირაში ოფიციალურად გამოაცხადებენ. ეს გადაწყვეტილება ქვეყნებმა სახელისუფლებო დონეზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. 

სხვათა შორის, იმ შემთხვევაში, თუკი ეს ქვეყნები 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლებას მიიღებენ, ეგვიპტესა და საბერძნეთში ინსფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ხარჯების ნაწილს საკუთარ თავზე საუდის არაბეთი აიღებს.

საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და საბერძნეთის ერთობლივი განაცხადი სერიოზული კონკურენტი იქნება ესპანეთ-პორტუგალიისთვის, რომლებსაც ასევე სურთ მუნდიალის ერთობლივად მასპინძლობა და მათ მხარს უეფა უჭერთ. საუდის არაბეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი სამ სხვადასხვა კონფედერაციას წარმოადგენენ და მათ განაცხადს მხარდაჭერა აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების გარდა, რამდენიმე ევროპული ქვეყნისგანაც ექნება. 

მაღალი ალბათობით, კიდევ ერთი “ზამთრის მუნდიალის” წინააღდეგ გაილაშქრებენ ევროპის ტოპლიგების წარმომადგენლები, რომლებსაც ტურნირის გამო სეზონის შეწყვეტა თვეზე მეტი ხნით მოუწევთ. 
 
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი აქვთ სამხრეთ ამერიკაშიც. მუნდიალის მიღებაზე ერთობლივი განაცხადი გააკეთეს ურუგვაიმ, არგენტინამ, ჩილემ და პარაგვაიმ. 

ფიფა მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადების მიღებას ოფიციალურად 2022 წლიდან დაიწყებს, გამარჯვებულს კი 2024 წელს კონგრესზე გამოაცხადებს.

კომენტარები

ბოლო ამბები