Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელია გარემარბის, ათიანის და ფორვარდის უნარებს ერთნაირად ფლობს
  • ის სისტემურ ფეხბურთსაც ერგება და თამაშებს თავისი არასტანდარტული ქმედებებით იგებს
  • ნაპოლი შეტევაში აქცენტს სწორედ მის მარცხენა ფლანგზე აკეთებს

ხვიჩა კვარაცხელიამ მონცასთან თავისი პირველი გოლი რომ შეაგდო, დიდხანს ვფიქრობდი, ეს გოლი რას ან ვის მახსენებდა.

სერია A-სთვის კლასიკური გოლი იყო. დიდი ათიანი რომ ბურთს სადღაც ცენტრში, ოდნავ მარცხნივ მიიღებს და შორეულ კუთხეში ჩაახვევს. ასეთი გოლები გაჰქონდა დელ პიეროს სეზონში ერთი-ორჯერ, რამდენიმე კაკასგანაც მახსოვს.

მეორე დღეს ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი - სერია A-ს ყოველკვირეული გულშემატკივრობის 30-წლიანი სტაჟით და ენციკლოპედიური მეხსიერებით. ეგრევე მითხრა ის, რის გახსენებასაც ჩემი ტვინი უშედეგოდ ცდილობდა - ‘აუ, ბაჯოსავით შეაგდო’. ასეთი გოლები ყველაზე ხშირად რობის გაჰქონდა. ხშირად რა, სეზონში ერთიც რომ შეაგდო ასეთი, უკვე დიდი ამბავია.


რა შუაშია აქ ბაჯო, კაკა და დელ პიერო, ამაზე ქვემოთ გეტყვით. ტრივიალურ შედარებას დიადებთან, ბუნებრივია, არ ვაპირებ. სხვა ამბავია, რომელიც ქვემოთ იყოს.

მანამდე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე უნდა გითხრათ. ჩემი აზრით, ხვიჩას ყველაზე მთავარ მომენტზე აქამდე მის იტალიურ კარიერაში. ფიორენტინასთან, გასვლითი, უგოლო შეხვედრა ხვიჩასთავის და, ზოგადად, მთელი ნაპოლისთვის ყველაზე რთული იყო. აგრესიული მეტოქე, რომელიც სახლში თამაშობს, ცოტა დაღლის ფაქტორი, ისეთი თამაში, რომელიც შენი არ არის, უფრო წვალობ, ვიდრე თამაშობ. ხვიჩას ამ თამაშში ბრაზილიელი დოდო ედგა, ცუდი ბიჭი არ იყო, წამით არ შორდებოდა. აშკარად ეტყობოდა, რომ კვარაცხელია ფიორენტინას კარგად შესწავლილი ჰყავდა.

ამის მიუხედავად, ხვიჩამ საფებხურთო ჟარგონზე რომ ვთქვათ, ‘გოლი გააკეთა’ ჯადოსნური პასით ლოსანო მოძებნა, რომელმაც მოახერხა და ცარიელ კარში ვერ გაიტანა.


ტურინში ერთი დიდი ათიანი ვიცი, ვისაც ასეთი პასის გაკეთება შეეძლო, მაგრამ როგორც დაგპირდით, შედარებებს არ ვიყოთ. აქ სხვა ამბავია მთავარი: ცუდ და რთულ თამაშში ერთ მომენტში გოლის და თამაშის გაკეთების უნარი. ეს დიდი ფეხბურთელისთვის სახასიათო უნარია, შექმნა გოლი არაფრიდან, ერთი მოძრაობით, მაშინაც კი, როცა შენი დღე არ არის. ფეხბურთელის სიდიდეს, მის მასშტაბს ის კი არ ქმნის, როგორ თამაშობს მის საუკეთესო დღეს, არამედ ის, რისი გაკეთება შეუძლია მაშინ, როცა მისი დღე არ არის.

კვარაცხელია იშვიათი ტიპის ფეხბურთელია - ბუნებრივი უნარი აქვს, თამაში თავის თავზე აიღოს და გაამწვავოს. თანამედროვე ბაზარზე ბევრი მაღალი კლასის, თუმცა სისტემური მოთამაშეა. ნასწავლ, სწორ ფეხბურთს რომ თამაშობენ ისეთი. ხვიჩამ სპალეტის ძალიან მოწესრიგებულ სისტემაში მაშინვე აჩვენა, რომ სისტემური ფეხბურთის თამაში შეუძლია.

საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით მას ბევრად უფრო მყარი პოზიცია აქვს - მარცხენა ფლანგზე ყოველთვის ქმნის სივრცეს, იკავებს სწორ პოზიციას, დაცვაში მიყვება მეტოქის განაპირა მცველს და, ზოგადად, გუნდის ტაქტიკურ სისტემას არასოდეს არღვევს. ნაპოლიში გამოჩნდა კვარაცხელიას კიდევ ერთი, შემტევი მოთამაშისთვის ძალიან იშვიათი, ართმევის უნარი. იგივე ფიორენტინასთან ხვიჩამ ორ მომენტში ძალიან სახიფათო ზონაში აართვა მეტოქის მცველს ბურთი, იგივე გაუკეთა ჯო გომესს, ლაციოსთანაც მისი ართმევით დაიწყო ნაპოლის ერთი ძალიან სახიფათო შეტევა.

თუმცა, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ის არის, რომ მას სრულიად არასტანდარტული, გამორჩეული რაღაცების გაკეთება შეუძლია. როცა სისტემური, ტაქტიკურად დისციპლინირებული ფეხბურთის თამაშიც შეგიძლია და თან შენი არასტანდარტული ქმედებით ყოველ თამაშში გოლს ქმნი, ეს ძალიან იშვიათი, დიდი მოთამაშის თვისებაა. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე.

ლივერპულთან ხვიჩა ბურთს სულ 33 ჯერ შეეხო და 3 გოლი შექმნა თავისი შედეგიანი გადაცემებით, ან შედეგიანი შეტევის დასაწყისით. მარცხენა ფლანგზე მისი დატოვება მცველთან ერთი-ერთზე სივრცეში, განაჩენია. ლივერპულმა ეს უკვე ნახა. კლოპმა ტრადიციულად პირველ ნომრად ითამაშა, თუმცა მისი სქემა ხვიჩას ინდივიდუალურმა ოსტატობამ და ოსიმენის სწრაფმა გახსნებმა მცველების ზურგს უკან (ასევე ძალიან კარგად ითამაშა შუაში ჟელინსკი-ლობოტკა-ანგისას ტრიომაც) სრულად დაარღვია. სივრცეში, კვარაცხელიასთან ერთი-ერთზე დარჩენა საფეხბურთო სუიციდია - როგორც აღმოჩნდა, ისეთი მოთამაშისთვისაც კი, როგორც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდია.


ლივერპულთან ტრიუმფალურ შეხვედრაში ნაპოლის შეტევების 48 პროცენტი ხვიჩას მარცხენა ფლანგიდან წარიმართა, ცენტრიდან - 24, ხოლო მარჯვნიდან მხოლოდ - 28. სტატისტიკა ჯიუტია და აჩვენებს, თუ როგორ და საიდან უტევდა ნაპოლი.

იგივე ტენდენციაა სერია A-ში, სადაც ხვიჩას მარცხენა ფლანგიდან ნაპოლის შეტევების 40 პროცენტი მიდის, ცენტრიდან ეს მაჩვენებელი მხოლოდ 27 პროცენტია, ხოლო მარჯვნიდან კი - 34.

ნაპოლი ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევს და სწორედ ამ ფლანგის მეშვეობით გადააქვს ბურთი შუა ხაზიდან შეტევაში, მეორე ფლანგზე კი ლოსანოს სახით უფრო ისეთი მოთამაშე თამაშობს, რომელიც ძირითად აქცენტს უბურთოდ მოძრაობაზე აკეთებს, საჯარიმოში შედის და იქ მეორე ფორვარდის როლს ირგებს.

ამ მხრივ ხვიჩა ძალიან კარგად ჩაჯდა ნაპოლის სისტემაში. წლების განმავლობაში ინსინიეს მარცხენა ფლანგი შეტევის ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა, საპირისპირო ფლანგზე კი დრის მერტენსი უბურთოდ ძალიან მაგრად იხსნებოდა საჯარიმოში და მეორე ფორვარდის როლს ასრულებდა. წელს ხვიჩას წყალობით ნაპოლის თამაშში იგივე აქცენტები შენარჩუნდა.

ინსინიესთან ხვიჩას შედარებას რომ შევეხოთ: კლასიკური გარემარბისთვის სახასიათო თვისებების გარდა (ფლანგიდან თამაშის გამწვავება, დრიბლინგი, ერთი-ერთზე თამაში), კვარაცხელია ეპიზოდურად ძალიან კარგად შემოდის შუაში, კლასიკური ათიანის ზონაში - ამ დროს ის ან უკან ჩამოდის და სიღრმიდან იწყებს შეტევას, ან მეორე ტემპით იხსნება საჯარიმოს მისადგომებთან. ამ მანევრს ის ძალიან კარგად აკეთებს. ლაციოსთან სწორედ ამ მანევრით შეაგდო გადამწყვეტი გოლი, ლივერპულთან ვან დაიკმა კარის ხაზიდან გამოიტანა.


ინსინიეს რეპერტუარში ფორვარდად თამაშის უნარი არასოდეს ყოფილა. ხვიჩა შემქნელი ფეხბურთელისთვის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ორივე ფეხით ეხერხება შეტევის დასრულება, გოლის კარგი ალღო აქვს და მუდამ ახერხებს დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას.

ამ მხრივ სახასიათო მისი პირველი გოლი იყო სერია A-ში ვერონასთან. ფორვარდის გოლი იყო, უკანა ძელთან შეირბინა და ბრძოლაში თავით გაიტანა. ინსიენიე კი არა, ასე თანამედროვე გარემარბების უმეტესობა ვერ დაასრულებდა. გარემარბს და ფორვარდს სხვადასხვა თვისებები აქვთ ხოლმე. ხვიჩას ყველაფერი აქვს.

ზემოთ, კაკა და ბაჯო ვახსენე. რისი თქმა მინდოდა: ეს ის მოთამაშეები არიან, რომელთაც შეტევაში ყველაფერი ეხერხებოდათ, შეტევის მთელ სიგრძეს აკონტროლებდნენ, ნებისმიერი პოზიციიდან ქმნიდნენ საფრთხეს. ხვიჩა ამ ტიპის ფეხბურთელია - გარემარბის, სიღრმეში ჩამოწეული ათი ნომრის და ფორვარდის თვისებებს აერთიანებს. ყველა მისი გოლი განსხვავებული იყო და ყველა გოლში განსხვავებული უნარი აჩვენა. ფაქტი ერთია: მეტოქის ნახევარზე მართლა ყველაფერი შეუძლია და ყველა პოზიციიდან საფრთხეს ქმნის.

ახლა მას მხოლოდ ერთი, თუმცა ძალიან რთული გამოწვევა აქვს. ის, რასაც აკეთებს ახლა, უნდა გააკეთოს კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, წლების განმავლობაში. ეჭვგარეშეა, რომ ის ძალიან დიდი ტალანტია. ძალიან დიდ, ისტორიული მასშტაბის მოთამაშედ რომ დარჩეს, ეს ყველაფერი თვეების და წლების განმავლობაში უნდა აკეთოს. ჯადოქარი რომ არის, უკვე ყველამ იცის, ჩვენ მხოლოდ ჯადოქარი კი არა, დიდი ჩემპიონი გვინდა გვყავდეს. მხოლოდ ასე გააგრძელე, მეტს ვერაფერს გთხოვთ, კვარა!

კომენტარები

ბოლო ამბები