Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი ლივერპულის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლე გადაცემის გარდა, რამდენიმე ეპიზოდში ეფექტური თამაშითაც გამოირჩა.

კვარაცხელიას კარგ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა დიდ ბრიტანეთშიც. ლივერპულის გულშემატკივრების ცნობილმა საიტმა Liverpool.com-მა 21 წლის ქართველ ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა, სადაც იგი მოჰამედ სალაჰის შემცველად მოიაზრეს.

ლივერპულის გულშემატკივრებს ხვიჩა სალაჰის კარგ შემცვლელად მიაჩნიათ

"სამართლიანი იქნებოდა თქმა, რომ მან უკვე გაამართლა მასში გადახდილი 9 მილიონი ფუნტი, რომელიც ნაპოლიმ ბათუმის დინამოს გადაუხადა. იტალიური მხარე დიდ მოგებას მიიღებს ამაღელვებელი გარემარბით, რომელსაც უნიკალური პროფილი აქვს. მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს მოერგოს, მათ შორის ლივერპულსაც. მოჰამედ სალაჰს კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. თუ კვარაცხელია ამ ტემპით გააგრძელებს, ის შესანიშნავი კანდიდატია სალაჰის შესაცვლელად, რომელიც მოჰამედს ფაბიო კაპელომაც შეადარა", - ვკითხულობთ საიტზე.

გარდა ამისა, საიტზე მოყვანილია ხვიჩას სიტყვები, რომელიც მან ქართულ ტელეარხთან შარშან თქვა. მაშინ კვარამ იურგენ კლოპთან თამაშისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი გამოთქვა.

ლივერპულის მცველებს კვარაცხელიას გაჩერება უჭირდათ

"ლივერპული არის კლუბი, რომელსაც ქართველის ორივე ოცნების ახდენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლისთვის მისი წართმევა რთული იქნება. ამის მიზეზი მისი გრძელვადიანი კონტრაქტია, რომელიც 2027 წლამდეა გაფორმებული. "წითლებმა" უახლოეს წლებში ყველაფერი უნდა გააკეთონ, თუ ის კიდევ ხელმისაწვდომი იქნება და ბარსელონაში ან მადრიდის რეალში არ ითამაშებს. ეს მომავლის საქმეა. ახლა ლივერპულში უნდა ნანობდნენ, რომ კვარაცხელიასთვის თავის დროზე არ იბრძოლეს. მით უმეტეს, რომ შარშან ქართველმა თავად დაასახელა იმ მწვრთნელად კლოპი, რომელთანაც თამაშსაც ისურვებდა", - წერია საიტზე. 

კვარაცხელიას ლივერპულში შესაძლო ტრანსფერის გარდა, საიტზე ნაპოლისთნ მარცხი (1:4) გაიხსენეს, სადაც ქართველი მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საიტი სინანულით წერს, რომ ხვიჩა მოედნის სხვა მხარეს თამაშობდა.

"ჩემპიონთა ლიგაში ქართველის დებიუტი ბევრისთვის წარუშლელი დარჩება - იმ საღამოს, როდესაც ნაპოლიმ ლივერპული ნამდვილად გაანადგურა. გასული სეზონის ფინალისტებთან კვარაცხელიას მეტოქის სიდიადე არ ანაღვლებდა. მან თამაში საკუთარ თავზე აიღო და ლივერპულის მოთამაშეებს გვერდს სლალომით უვლიდა. ხანდახან ჩნდებოდა გრძნობა, რომ მანეკენების წინააღმდეგ თამაშობდა. 21 წლის ქართველს მეტოქე ფეხბურთელების გაქვავების მაგარი უნარი აქვს. მას მხოლოდ ბურთით თამაშის უნარი არ გამოუვლენია. მისმა ენერგიამ დიდი ყურადღება მიიქცია. მისი შეცვლა წყალობა იყო ლივერპულისთვის. "წითლებისთვის" სამწუხაროდ ადამიანს, რომელიც ევროპის ელიტურ შეჯიბრში პირველად ტოვებს კვალს, ეცვა ნაპოლის ლურჯი და არა ლივერპულის წითელი მაისურა. ყველაფერი სხვანაირად რომ განვითარებულიყო და ხვიჩა კვარაცხელია მოედნის მეორე მხარეს ყოფილიყო, შესაძლოა, შედეგი ლივერპულისთვის იმედის გამაცრუებელი არ ყოფილიყო", - წერს საიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები