Thumbnail

მარცხი მონტენეგროსთან - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მე-8 ადგილი დაიკავა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევროპის ჩემპიონატი | მონტენეგრო 14:11 საქართველო (6:4, 2:1, 4:3, 2:3)
  • საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა. დეიან სტანოევიჩის გუნდი მე-7 ადგილისთვის მონტენეგროს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპირველობა ქართველმა წყალბურთელებმა სწორედ მონტეგეროსთან მატჩით დაიწყეს და 11:14 წააგეს, ამჯერადაც იგივე მოხდა და მეტოქემ ანალოგიური ანგარიშით, 14:11 გაიმარჯვა.

მონტენეგროელებმა ბოლო პერიოდის გარდა, ყველა მოიგეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების რიგებიდან 2-2 გოლი ბორის ვაპენსკიმ, დუშან ვაშიჩმა და იოვან სარიჩმა გაიტანეს, ხოლო თითოჯერ თავი ვალიკო დადვანმა, მარკო ელაჩამ, ფაბიო ბარალდიმ, ანდრია ბითაძემ და ნიკა შუშიაშვილმა გამოიჩინეს.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე დეიან სტანოევიჩის გუნდმა ჯგუფური ეტაპზე მონტენეგროსა (11:14) და იტალიასთან (8:18) წააგო, მაგრამ სლოვაკეთს მოუგო (16:11) და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მეოთხედფინალის საგზურისთვის ნიდერლანდებს შეხვდა და 12:8 გაიმარჯვა, ხოლო 1/4-ფინალში მასპინძელ და ფავორიტ ხორვატიასთან წააგო. შემდეგ მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთო, მაგრამ ჯერ საფრანგეთთან განიცადა მარცხი (5:7), ახლა კი მონტენეგროსთან და ამგვარად, მერვე ადგილს დასჯერდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებისთვის ეს ევროპის ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა, რადგან პირველ შეძლო ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდება.

სხვათა შორის, თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ 8 გუნდში მოხვედრით საქართველომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, მაგრამ წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კრიტერიუმები შეცვალა და აღმოჩნდა, რომ ეს საგზური საუკეთესო 7 გუნდს ერგებოდა. შესაბამისად, საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური არ მოუპოვებია - ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, როდესაც მე-12 ადგილი დაიკავეს, 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018-ში - მეცამეტეზე, 2020 წელს ნაჩვენები მე-10 შედეგი კი ჩვენი ნაკრების ისტორიაში აქამდე საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა შედეგი უკვე გაუმჯობესებულია. ვთქვათ ისიც, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც კარგი შედეგი აჩვენა და მე-10 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები