Thumbnail

'სამწუხაროა, თუ ხელი მოვტეხე' - ბაღიშვილმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სოფია ბაღიშვილმა კარიერაში მე-7 ბრძოლა მოიგო
  • ქართველმა მებრძოლმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში იჩხუბა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა, სოფია ბაღიშვილმა ევროპის საუკეთესო ორგანიზაცია KSW-ში იჩხუბა და კარიერაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა. 23 წლის ქართველი მებრძოლი პოლონეთში პოლონელ ანიტა ბექუსს შეხვდა და მეორე რაუნდში მეტოქეს ხელის მტკივნეული ილეთით აჯობა.

ბაღიშვილმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა და მტკივნეული ილეთის შესრულებას ცდილობდა. სოფიამ ამ დროს მეტოქეს რამდენჯერმე ძლიერადაც დაარტყა და მსაჯმა შეხვედრა გააჩერა. ეს მოგება სოფიასთვის კარიერაში მე-7 იყო. ანიტა ბექუსი კარიერაში მე-3-ედ დამარცხდა. ის ერთ-ერთი წარმატებული პოლონელი სპორტსმენია.


''დგომში ჩხუბს ვაპირებდი, მაგრამ გამიმართლა და ისევ პარტერში მოვიგე. ეს მოგება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ეს იყო დებიუტი და პირველ ნომერთან ვიჩხუბე. პირველ ნომერს რომ მოუგებ, ესე იგი შენ ძლიერი ხარ.

ერთ შეცდომას ველოდი ანიტასგან, ხელი დამეჭირა და მტკივნეული გამეკეთებინა. სამწუხაროა, თუ ანიტას ხელი მოვტეხე, მას ძალების აღდგენა დასჭირდება დასაბრუნებლად. ყველამ დაინახა, რომ მე ძლიერი ვარ და ბევრი შემიძლია'', - განაცხდა სოფიამ KSW-ში დებიუტის შემდეგ.

სოფიამ კონტრაქტი KSW-ში 18 თვით გააფორმა, ამ პერიოდში მან 4 ბრძოლა უნდა გამართოს. ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ 3 მატჩს მოიგებს, მეოთხე ავტომატურად სატიტულო შეხვედრა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები