Thumbnail

ჭიდაობა | მარცხი ფინალში - წურწუმიას ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა, რომელიც ნუგზარ წურწუმიას (-55 კგ) ანგარიშზეა. 25 წლის ქართველი მოჭიდავე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

წურწუმია ფინალში აზერბაიჯანელ ელდანის აზიზლისთან ძალიან იოლად, პირველივე პერიოდში 0:8 დამარცხდა, რაც სუფთა წაგებაა და შესაბამისად, შეხვედრაც აღარ გაგრძელდა. ფინალამდე 25 წლის ქართველმა მოჭიდავემ ემირატების წარმომადგენელი მოსტაფა ალქადე (10:0), უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი (5:2) და ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი (5:3) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ წურწუმიას მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

დღესვე, რეპეშაჟში უნდა ეჭიდავა იური ლომაძეს (77 კგ), მაგრამ ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატს ჩაეხსნა და ბრინჯაოს მედლისთვის ვერ იბძროლა. 10 სექტემბერს ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) და რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ).

აქვე გეტყვით, რომ 12 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს და ბრინჯაოს 2 მედლის მოპოვების შანსი ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები