Thumbnail

'კონორთან ჩხუბი მინდა' - ნეიტ დიასის პრესკონფერენცია მარიხუანის თანხლებით

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

ამერიკელი მებრძოლი ნეიტ დიასი ტონი ფერგიუსონის დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე წარდგა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ნეიტმა საუბრის დაწყებამდე მარიხუანას მოუკიდა, რამდენიმე ნაფაზი დაარტყა და შემდეგ იმდენი ილაპარაკა, რამდენიც სურდა. 

…მომავალზე: "არც UFC-ში დაბრუნების და არც არდაბრუნების გეგმები არ მაქვს. გეგმა საერთოდ არ მაქვს. დღევანდელი მისია შევასრულე, მოვიგე. ჩიმაევის ჩხუბიც ვნახე, ნამდვილი კოჭლი, მშიშარა, მოსაწყენი ახალბედაა."

…ფერგიუსონზე: "აი, ტონის კი უდიდეს პატივს ვცემ და ჩხუბის მერე ამაზე ვსაუბრობდით. ის დიდი ხანია იბრძვის, ძალიან ბევრი მაგარი მატჩი ჩაუტარებია, ბევრი დაზიანება მიუღია. ნამდვილი გიჟია. რასაც უნდა, იმას აკეთებს. მომწონს ასეთი ხალხი, ვისაც ხანგრძლივი კარიერა აქვს, განსაკუთრებით UFC-ში, სადაც ყველაზე ძლიერი მებრძოლები არიან. დამიჯერეთ, აქ ჩხუბი სამყაროში ყველაზე ძნელი საქმეა. ამ ბიჭს ასობით მილიონი დოლარი უნდა ჰქონდეს. ფეხი კი მომტეხა, ისე მაქვს შეშუპებული, უშველებელი ყინული დავიდე და ფეხსაცმელი სულ დამისველდა."

…მაკგრეგორზე: "კონორთან ტრილოგიის დახურვა მინდა. კრივის წესებითაც ვეჩხუბები, ვნახოთ რა იქნება. მისი ტვიტიც ვნახე, უნდა ჩემთან ბრძოლა, თუმცა მობილურზე არ დაურეკავს. ან რომ დაერეკა, რა უნდა ეთქვა, რას აკეთებ, ვიჩხუბოთო? ეგრე რომ ეთქვა, ვუპასუხებდი, ვინ მოგცა ჩემი ნომერი, დაახვიე მეთქი. ელ. ფოსტაზე რომ მოეწერა? მეილის წაკითხვა არ ვიცი, ამიტომ აზრი არ ექნებოდა. ელ. ფოსტაზე უამრავი ადამიანი მწერს, მაგრამ სულ ტყუილად." 

…მეტოქის შეცვლაზე: "როცა კონტაქტზე გამოვიდნენ, ვუთხარი, ბიჭებო გუშინ 7 კილოგრამი დავიკელი, თუ გინდათ, რომ ვიჩხუბო, მეტის გადახდა მოგიწევთ და თუ მეტოქეს მიცვლით, რომელიმე ჩემპიონი მომიყვანეთ-მეთქი. მიპასუხეს, სულელო, ჩემპიონებზე მაგარ ვინმეს გაჩხუბებთო. კარგი ფული მომცეს, იმდენი, რომ იქამდე თვლაც არ ვიცი." 

ნეიტ დიასი UFC-ში 15 წლის მანძილზე ჩხუბობდა. 37 წლის მებრძოლმა ორგანიზაციის ფარგლებში ბოლო ბრძოლა ჩაატარა. ამერიკელი არასდროს ყოფილა UFC-ის ჩემპიონი, თუმცა MMA-ის ერთ-ერთი საკულტო ფიგურაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები