Thumbnail

ევრობასკეტი | მარკანენის 43 ქულა ხორვატიასთან! ფინეთი მეოთხედფინალში გავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევრობასკეტი | ფინეთი 94:86 ხორვატია (20:21, 25:22, 22:22, 27:21)
  • ლაური მარკანენმა ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ საოცარი თამაში ჩაატარა

ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრები ითამაშებს, რომელმაც ხორვატიის ნაკრებს 94:86 მოუგო. ფანტასტიკური პერფორმანსი ჰქონდა ფინელთა ლიდერ ლაური მარკანენს, რომელმაც 43 ქულა ჩააგდო და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

იუტა ჯაზის 25 წლის კალათბურთელის შეჩერება ხორვატებმა უბრალოდ ვერ მოახერხეს. მარკანენის თამაშზე ერთი მომენტი ყველაზე კარგად მეტყველებს: მე-3 პერიოდის ბოლოს ანგარიში 65:65 გახლდათ და შეტევის უფლება ფინეთს ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ის ართულებდა, რომ მეოთხედის დასრულებამდე სულ რაღაც 0.1 წამი რჩებოდა. თუმცა, მარკანენი ამანაც ვერ შეაფერხა და 2-ქულიანი კალათში მაინც მოათავსა!

მან 43 ქულის გარდა, 9 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრაც მიითვალა. სხვათა შორის, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთ მატჩში უკეთესი შედეგი მხოლოდ ლუკა დონჩიჩმა დააფიქსირა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან 47 ქულა ჩააგდო.

მარკანენის შოუ ბერლინში

მარკანენის გარდა, ფინელთაგან სასუ სალინი (17 ქულა) და ედონ მაქსუნი (16 ქულა) გამოირჩნენ, ხოლო ხორვატიის ნაკრებში ბოიან ბოგდანოვიჩმა 23 ქულა მიითვალა, ჯალენ დევონ სმითმა 17 ქულა შესძინა თავის გუნდს.

უშუალოდ თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ფინეთის ნაკრებმა მეტოქეს მაინც აჯობა, რაშიც გადამწყვეტი როლი ლაური მარკანენმა ითამაშა.

ფინეთის ნაკრები მე-6 მეოთხედფინალისტია, სადაც 13 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები