Thumbnail

დაუმარცხებელი ახალქალაქელი პიტბულის მოგება და მე-3 ადგილი მსოფლიოს რეიტინგში

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ოთარ ერანოსიანმა მექსიკელ სესარ ხუარესს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია
  • 'პიტბულმა' კარიერაში მე-12 ჩხუბი მოიგო და სატიტულო ბრძოლას 1 გამარჯვება აშორებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დაუმარცხებელმა ქართველმა მოკრივე ოთარ ერანოსიანმა მორიგი ბრძოლა მოიგო - ახალქალაქელი "პიტბულის" "მსხვერპლი" ამჯერად გამოცდილი მექსიკელი სესარ ხუარესი გახლდათ.

ერანოსიანმა მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცა და რაუნდების უმეტესობა დიდი უპირატესობით მოიგო. შიგადაშიგ, პუბლიკასთან კომუნიკაციისთვისაც იცლიდა. 


ბრძოლა თბილისის დროით 10 სექტემბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ ფლენთ სიტიში გაიმართა და ერანოსიანმა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 8-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ პირველმა მსაჯმა ოთარის სასარგებლოდ 78:73 დაწერა, მეორე და მესამე რეფერიმ კი - 77:74.

სულ ცოტა ხნის წინ "პიტბულმა" WBA ვერსიით ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგის მესამე ადგილზე აინაცვლა და მიღწევა დამაჯერებელი მოგებით აღნიშნა. რეიტინგში ერანოსიანის წინ ჩემპიონი ექტორ ლუის გარსია, ლამონტ როუჩ ჯუნიორი და ჯონო ქეროლი არიან. 

ოთარისთვის ეს პროფესიონალურ კრივში გამართული მე-12 ჩხუბი გახლდათ და ყველა ბრძოლა მოიგო, ამ გამარჯვების შემდეგ კი სატიტულო ჩხუბს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. კრივში ამ დონის ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარს დღემდე არცერთი ქართველი სპორტსმენი არ ფლობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები