Thumbnail

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა, გასულ უიკენდზე, სპორტის ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად კრივი, ჭიდაობა და MMA მოექცა. მოკრივე ოთარ ერანოსიანმა მორიგი გამარჯვება იზეიმა, ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, MMA-ში კი სოფია ბაღიშვილმა მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

კვარა | ხვიჩას პირველი ჯილდო 'მარადონაზე'

ხვიჩა კვარაცხელიას გასულ უიკენდზე არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრში იყო. სპეციასთან მატჩში კვარაცხელიამ მოედანზე 67 წუთი გაატარა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო (თუ საუკეთესო არა). საქართველოს ნაკრების ლიდერი მატჩის დაწყებამდე სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით დააჯილდოვეს, რომელიც გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად მიიღო. პარალელურად, ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ტელეკომპანია DAZN-ის პირდაპირ ეთერში კვარაზეც ისაუბრა. "...ომის დაწყების შემდეგ ფინანსური მოთხოვნები შემცირდა და ზამთრის დასრულებისთანავე მოგვეცა მისი გადაბირების საშუალება, რითაც ვისარგებლეთ და კონტრაქტი გავაფორმეთ," - თქვა მან.

📋 | ყველა სიახლე კვარაცხელიას შესახებ ნახეთ აქ.

კრივი | ახალქალაქელი პიტბულის კიდევ ერთი მოგება

დაუმარცხებელმა ქართველმა მოკრივე ოთარ ერანოსიანმა მორიგი ბრძოლა მოიგო - "ახალქალაქელი პიტბულის" "მსხვერპლი" ამჯერად გამოცდილი მექსიკელი სესარ ხუარესი გახლდათ. ერანოსიანმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და რაუნდების უმეტესობა დიდი უპირატესობით მოიგო. 8-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ პირველმა მსაჯმა ოთარის სასარგებლოდ 78:73 დაწერა, მეორე და მესამე რეფერიმ კი - 77:74.

📋 | ბრძოლის მიმოხილვა ნახეთ აქ.

ჭიდაობა | წურწუმიას ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა, რომელიც ნუგზარ წურწუმიას (-55 კგ) ანგარიშზეა. 25 წლის ქართველი მოჭიდავე ვერცხლის მედალს დაეუფლა. წურწუმია ფინალში აზერბაიჯანელ ელდანის აზიზლისთან ძალიან იოლად, პირველივე პერიოდში 0:8 დამარცხდა.

📋 | ვრცლად წურწუმიას ასპარეზობა და ფინალის ვიდეო ნახეთ აქ.

ჭიდაობა | დათუნაშვილი ისევ მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს, მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. დათუნაშვილმა ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე 87 კგ წონით კატეგორიის ფინალში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპან ალი ბისულტანოვი 6:2 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

📋 | როგორ მოიგო დათუნაშვილმა ფინალი - ნახეთ აქ.

MMA | სოფია ბაღიშვილის მე-7 მოგება კარიერაში

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა სოფია ბაღიშვილმა ევროპის საუკეთესო ორგანიზაცია KSW-ში იჩხუბა და კარიერაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა. 23 წლის ქართველი მებრძოლი პოლონეთში პოლონელ ანიტა ბექუსს შეხვდა და მეორე რაუნდში მეტოქეს ხელის მტკივნეული ილეთით აჯობა.

📋 | რა თქვა სოფიამ ბრძოლის შემდეგ - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები