Thumbnail

9 სექტემბერს ყველაზე პოპულარული საკალათბურთო სიმულატორის ახალი სერია გამოვიდა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ NBA 2K23-მა მოლოდინი გაამართლა. თამაში წინამორბედებთან შედარებით უფრო დახვეწილი, რეალისტური და გაუმჯობესებულია.

როგორც წესი, ახალი თამაშის გამოსვლისას ყველაზე დიდ ინტერესს მოთამაშეების რეიტინგები იწვევს. წელს ყველაზე მაღალი მონაცემები მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავს, იანის ანტეტოკუმპოს აქვს (97). 96-ით შეფასდა 5 კალათბურთელის რეიტინგი. ესენია: ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, ჯოელ ემბიიდი, სტეფ კარი და ნიკოლა იოკიჩი. მათ შემდეგ ლუკა დონჩიჩი (95), კავაი ლეონარდი (95), ჯა მორანტი (93) და ჯეიმს ჰარდენი (92) მოდიან.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართველი მოთამაშეების, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის რეიტინგებია. მათი მონაცემები თამაშის გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი:

გოგა ბითაძე - 75

2K23-ში ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრის რეიტინგი 75-ით შეფასდა, რაც 2K22-თან შედარებით ერთით ნაკლებია. 23 წლის კალათბურთელს ყველაზე მაღალი შეფასებები შეტევით პოტენციალში აქვს: Close Shot - 82, Shot IQ - 80, Offensive Rebound - 80, გოგას სამქულიანის რეიტინგი 71-ს შეადგენს, ხოლო დაფარების 84-ს. 

გოგა ბითაძე NBA-ში 2019 წლის დრაფტზე მე-18 პიკად აირჩიეს. ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში მისი დებიუტი 2019 წლის 26 ოქტომბერს კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ შედგა. გოგამ იმ მატჩში პარკეტზე 4 წუთი გაატარა, რა დროში 2 ქულის აღება მოახერხა. NBA-ში სამწლიანი კარიერის განმავლობაში ბითაძეს საუკეთესო სეზონი შარშან ჰქონდა. მან ინდიანას შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა, აქედან 16 შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველი ცენტრი პარკეტზე საშუალოდ 14,6 წუთს ატარებდა, რა დროშიც 7 ქულით, 3,5 მოხსნით, 1,1 პასითა და 0,8 დაფარებით გამოირჩეოდა. 

სანდრო მამუკელაშვილი - 71

2K23-ში მამუს რეიტინგი 71-ია. წესით, NBA-ს ახალ სეზონში ქართველი კალათბურთელის სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, რაც მის მონაცემებზეც აისახება. სანდრომ მაღალი შეფასებები გამძლეობასა და ათლეტურობაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ მისი სამქულიანის რეიტინგი ბითაძეზე მაღალია და ის 82-ს შეადგენს. 

NBA-ში მამუკელაშვილი 2021 წლის დრაფტის მეორე რაუნდში აირჩიეს. იგი გასულ სეზონში მილუოკი ბაქსის შემადგენლობაში პარკეტზე საშუალოდ 9,9 წუთს ატარებდა, სადაც 3,8 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვებას ახერხებდა. გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მამუმ კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ 28 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, რაც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ახალი ქართული რეკორდია, აქამდე ყველაზე მეტი ქულა ზაზა ფაჩულიას (27 ქულა ვაშინგტონთან 2007 წლის 7 მარტს) ჰქონდა დაგროვებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები