- ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
- საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის 2 მედალია
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ქართველმა მოჭიდავემ ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აბულაძე ფინალში მასპინძელ სებასტინ ნადს დაუპირისპირდა და 1:3 წააგო. ქართველი პირველივე პერიოდში 0:3 ჩამორჩა, მეორე პერიოდში ქულა მოიპოვა, თუმცა მეტი ვერაფერი შეძლო და ვერცხლს დასჯერდა. აქვე გეტყვით, რომ აბულაძემ ფინალამდე ჩინელი ერბატუ ტუო 4:1, ყირგიზი ტინარ შარშენბეკოვი 7:2, ნახევარფინალში კი ირანელი ალი რეზა ნეჯატი 2:1 დაამარცხა. აბულაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, გარდა ამისა, ის წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა.
ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ჯონი ხეცურიანს (-67 კგ), რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 8:17 წააგო, არადა, 6:1-ს იგებდა. ჯონი ნახევარფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან 0:8 დამარცხა, მანამდე კი შვეიცარიელი ანდრეას ვეტში (11:0), უზბეკი აბრორ ატაბაევი (4:1) და უკრაინელი პარვიზ ნასიბოვი (7:0) დაამარცხა.
82 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა გელა ბოლქვაძეს, რომელმაც ბულგარელი როსიან დერმანსი 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში თვითონ წააგო თურქ ბურჰან აკბუდაკთან (0:9), რომელიც თავის მხრივ ფინალში გავიდა და ბოლქვაძე რეპეშაჟში გადავიდა, რომლის პირველ წრეში გელამ იტალიელი მატეო მაფეცოლი 8:0 დაამარცხა, მაგრამ მედლისთვის შეხვედრა უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვთან 1:3 წააგო და უმედლოდ დარჩა.
დღესვე წინასწარი შეხვედრები ორ წონაში გაიმართა. ფრიდონ აბულაძემ (-60 კგ) პირველივე წრეში სომეხ გევორქ ღარიბიანთან წააგო, რომელიც თავის მხრივ ფინალში ვერ გავიდა და ქართველმა მედლის შანსი დაკარგა. 130 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა იაკობ ქაჯაიამ იასპარეზა და პირველ წრეში ფინელი კონსტა მაეენპაეაე 8:0 დაამარცხა, 1/4-ფინალში კი ირანელ ამინ მირზაზადესთან წააგო, თუმცა, ირანელი ფინალში გავიდა და 13 სექტემბერს, იაკობი ბრინჯაოსთვის მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების რიგებში 11 სექტემბერს, ნუგზარ წურწუმიამ (-55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კომენტარები