Thumbnail

ბარსელონასთან ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩის წინ ბაიერნში არცისე ჯანსაღი ვითარებაა, როგორც ამას მიუნხენური გრანდის გულშემატკივრები ისურვებდნენ.

საქმე ეხება კონკურენციას: ვინ უნდა ითამაშოს ნახევარდაცვის ცენტრში, იოზუა კიმიხის გვერდით. ორშაბათის ვარჯიშზე, რეკორდმაისტერის მთავარმა მწრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მარსელ ზაბიტცერი ცალკე გაიხმო და დიდხანს ელაპარაკებოდა.

ნაგელსმანი და ზაბიტცერი გუშინდელ ვარჯიშზე

35 წლის სპეციალისტი 28 წლის ნახევარმცველს დიდხანს უხსნიდა რაღაცებს. ცხადი გახდა: ბერლინის უნიონთან (1:1) და მილანის ინტერთან (2:0) მატჩების შემდეგ, ზაბიტცერი ბარსელონასთანაც ძირითად შემადგენლობაში იქნება. ეს ამბავი ნაგელსმანმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა: კიმიხის გვერდით ზაბიტცერი ითამაშებს.

ამ უკანასკნელის კონკურენტ ლეონ გორეტცკას კი ვარჯიშზევე ეტყობოდა, რომ ძალიან უკმაყოფილოა. გერმანიის ნაკრების 27 წლის საყრდენ ნახევარმცველს ბაიერნში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მოსწონს. ზაბიტცერი უფრო მეტადაა ორიენტირებული დაცვაზე, ვიდრე გორეტცკა - მასთან ერთად ბაიერნი ნაკლებ გოლებს უშვებს.

“ბილდის” ინფორმაციით, გორეტცკას ძალიან უნდოდა ბარსელონასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა. ვარჯიშებზე ის კარგად გამოიყურება და შტუტგარტთანაც კარგად ითამაშა. თუმცა, “ბილდი” წერს, რომ გორეტცკას მოთხოვნა, ბარსელონასთან სასტარტოში ეთამაშა, ნაგელსმანს ძალიან არ მოეწონა.

ლეონ გორეტცკა უკმაყოფილოა

ზაბიტცერისა და გორეტცკას კონკურენციაშია რაიან გრავენბერხიც. 20 წლის ნახევარმცველს, რომელიც ბაიერნმა აიაქსიდან 24,5 მილიონ ევროდ შეიძინა, იმედი ჰქონდა, რომ უფრო ხშირად ათამაშებდნენ, რეალურად კი მხოლოდ ერთხელ იყო სასტარტოში (თასზე) და 6-ჯერ შეცვლაზე ითამაშა.

ნაგელსმანის კიდევ ერთი დილემა: სერჟ გნაბრი თუ ჯამალ მუსიალა შეტევაში? შტუტგარტთან ვერცერთმა მათგანმა ვერ ითამაშა კარგად, მაგრამ მუსიალას უპირატესობა აქვს - ლამაზი გოლი გაიტანა.

ნაგელსმანი გრძნობს, რომ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა და ბოლო დღეებში მოთამაშეებს ცალ-ცალკე ხშირად ესაუბრება. “ბილდის” ინფორმაციით, მიუხედავად ბუნდესლიგაში ზედიზედ სამი ფრისა, ახალგაზრდა მწვრთნელს ჯერჯერობით რეკორდმაისტერის ხელმძღვანელების სრული მხარდაჭერა აქვს.

ახლა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ითამაშებს ბაიერნი ძალიან კარგ ფორმაში მყოფ ბარსელონასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები