Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი ისევ იტალიური კლუბის ღირსებას დაიცავს
  • 30 წლის ფორვარდმა ვირტუს ბოლონიასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

თორნიკე შენგელია კარიერას ვირტუს ბოლონიაში გააგრძელებს - კლუბში, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და მასთან ერთად ევროთასი მოიგო. საქართველოს ნაკრების 30 წლის კაპიტანთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ იტალიელებმა ოფიციალურ საიტზე გამოაცხადეს.

თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ღირსებას 2024 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით, 2025 წლამდე გახანგრძლივების შესახებ.

თორნიკე ვირტუსში გაზაფხულზე, მოსკოვის ცსკა-ს დატოვების შემდეგ გადავიდა

"თოკო, რომელიც ვირტუსს გასული სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა, უმალ იქცა გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ და წამყვანი როლი შეასრულა 2021/22 წლების ევროთასის მოგებასა და ევროლიგაში 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებაში", - წერს იტალიური კლუბის ოფიციალური საიტი

ქართველი კალათბურთელი იტალიაში გაზაფხულზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის ცსკა-ს დატოვების შემდეგ გადავიდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. თორნიკე სერია A-ში საშუალოდ 12.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.7 პასს აკეთებდა.  

შენგელია ამჟამად ტრავმას იშუშებს, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოსვლისას მიიღო. კალათბურთელმა აგვისტოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ნიდერლანდებთან მხარი იტკინა და ამის გამო ევრობასკეტიც გამოტოვა. შენგელიას ოპერაცია აღარ დასჭირდა, მოედანს კი სავარაუდოდ, ნოემბერში დაუბრუნდება. 

ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო თორნიკემ ევრობასკეტი გამოტოვა

ვირტუს ბოლონია სეზონს იტალიის სუპერთასზე, ჩემპიონ ოლიმპია მილანოსთან შეხვედრით გახსნის, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართება, 2 ოქტომბერს სერია A-ს სასტარტო ტურში ბასკეტ ნაპოლის ეთამაშება, 7 ოქტომბერს კი უკვე ევროლიგაში მონაკოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები