Thumbnail

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის პირველი ფინალისტია. სერჯო სკარიოლოს ნაკრებმა ბერლინში 100:90 მოუგო ფინეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. ფინელებმა მორიგი შთამბეჭდავი თამაში შემოგვთავაზეს და ცოტა დააკლდათ, მათთვის ისტორიულ ნახევარფინალში გაეღწიათ.

აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა თამაში უკეთ დაიწყეს და 8:2 დაწინაურდნენ, თუმცა, ამას ფინელებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. მათ საკუთარი გეგმისთვის არ გადაუხვევიათ და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ ბერლინში ჩინებულად აწყობილი ნაკრები ჰყავთად ჩამოყვანილი. პირველ ტაიმში ლასი ტუოვის შეგირდების უპირატესობამ 15 ქულასაც კი მიაღწია და ესპანელები გონს შესვენების წინღა მოვიდნენ, როდესაც ხუანჩო ერნანგომესმა ენდ ვანი მიითვალა, იქვე კი ლორენსო ბრაუნმა ბურთი ჩაჭრა, რასაც უსმან გარუბას სლემი მოჰყვა.

ლაური მარკანენმა 28 ქულა ჩააგდო

ფინელებმა ტაიმი 52:43 მოიგეს და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მათ ამაში ხელი პერიმეტრიდან კარგმა თამაშმა შეუწყო - "სუსიენგიმ" საწყის ნახევარში 13-დან 7 სამქულიანი (54%) გამოიყენა. ფინეთის ნაკრებში მინიმუმ 2 ქულა 9 კალათბურთელს ჰქონდა ჩაგდებული, საუკეთესო კი იუტა ჯაზის ვარსკვლავი ლაური მარკანენი (10 ქულა, 5 მოხსნა) იყო. ესპანეთი მატჩის მოგების შანსს, ძირითადად, ძმები ერნანგომესების ხარჯზე ინარჩუნებდა. ვილის უკვე 13 ქულა გააჩნდა, ხუანჩოს კი - 10.

აი, მე-3 მეოთხედი კი სერჯო სკარიოლოს ნაკრებმა მართლაც ისე ჩაატარა როგორც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს შეეფერებოდა. ესპანეთმა მეტოქეს სწრაფი ტემპი შესთავაზა, თამაში პერიმეტრზეც დაალაგა (ამ ათწუთეულში 4 სამქულიანი ჩააგდო) და სხვაობამ ჯერ შემცირება იწყო, საბოლოოდ კი, მდევრის როლში უკვე ფინეთი აღმოჩნდა. პირენეელებმა მეოთხედი 30:15 მოიგეს, გადამწყვეტი ათწუთეულის წინ კი 73:67 დაწინაურდნენ. ამ დროს ვილი ერნანგომესს უკვე 25 ქულა ჰქონდა, მარკანენს კი - 21.

ბოლო პერიოდში ფინელები მეტოქეს რამდენჯერმე დაუახლოვდნენ ორ ქულამდე, თუმცა, მათი იმედები რუდი ფერნანდესმა დაასამარა. მადრიდის რეალის ვეტერანმა კალათბურთელმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო დაახლოებით 8 მეტრიდან და როდესაც მატჩის დასრულებამდე ორიოდი წუთით ადრე ტაბლოზე 95:84 დააფიქსირა, თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

ესპანელთა რიგებში საუკეთესო ვილი ერნანგომესი იყო 27 ქულით

საბოლოოდ, სკარიოლოს შეგირდებმა იმარჯვეს, რაშიც დიდი წვლილი ხსენებულმა ვილი ერნანგომესმა დაიდო. მისი საბოლოო მონაგარი 27 ქულა და 5 მოხსნა იყო. 15 ქულა მიითვალა ხუანჩო ერნანგომესმა, 14 კი - დარიო ბრიზუელამ. ფინელებს 28 ქულითა და 11 მოხსნით მარკანენმა ულიდერა, ხოლო მიკაელ იანტუნენმა 18 ქულა მოაგროვა. რამდენიმე საინტერესო დეტალიც: ესპანეთმა ფინეთს მაგრად აჯობა დაკარგვების შემდეგ აღებულ (33:12) და სათადარიგოების მიერ ჩაგდებულ ქულებში (53:26) და შეცდომებიც საგრძნობლად ნაკლები (9:19) ჰქონდა.

საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ფინელებმა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინეს და შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ისინი მთელმა დარბაზმა ოვაციებით გააცილა, განსაკუთრებით კი, მათი 2 ვეტერანი - 38 წლის შონ ჰაფი და 34 წლის პეტერი კოპონენი, რომელთაც 5-5 ევრობასკეტზე ითამაშეს და დღეს სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

ამგვარად, ესპანელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე დღეს ღამით გაირკვევა. თბილისის დროით 22:30 საათიდან ევრობასკეტის ფინალური ეტაპის მასპინძელი გერმანია საბერძნეთს დაუხვდება და ამ თამაშისადმი დიდი მოლოდინია. მერსედეს ბენც არენაზე სრულ ანშლაგს ელიან და აქაურებს იმედი აქვთ, რომ იანის ანტეტოკუნმპოს ნაკრებს ტურნირიდან გაუშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები