Thumbnail

ევრობასკეტი 2022-ის მასპინძელი გერმანია შეუჩერებელია! გორდი ჰერბერტის ნაკრებმა მშობლიური პუბლიკის წინაშე მორიგი ჩინებული მატჩი ჩაატარა და ფავორიტად მიჩნეულ საბერძნეთის ეროვნულ გუნდს 107:96 სძლია. შედეგად, ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც ამ შეხვედრაშიც გაიბრწყინა, ევროპის ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა და მედლებისთვის ვერ იბრძოლებს, აი, გერმანია კი ევრობასკეტის ნახევარფინალში 2005 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს (იმ წელს ფინალშიც იყვნენ და სწორედ საბერძნეთთან დამარცხდნენ).

თამაში საოცარ ტემპში დაიწყო და ბოლომდე სავსე "მერსედეს ბენც არენა" (14 073 მაყურებელი, პირველი ანშლაგი ბერლინურ ეტაპზე) პირველივე წუთებიდან დიდი ბრძოლის მოწმე გახდა. გერმანიამ აქცენტი თავიდანვე პერიმეტრიდან ტყორცნებზე გააკეთა და ამან გაუმართლა კიდეც. იმ პროცენტის ფონზე, რომლითაც ჰერბერტის ნაკრები ესროდა, გასაკვირიც კია, რომ საბერძნეთმა საწყისი ათწუთეული მხოლოდ 27:31 დათმო.

გერმანიამ სასტარტო მეოთხედში 12-დან 8 სამქულიანი (67%) ჩააგდო და ის, რომ დიმიტრის იტუდისის გუნდი ბევრით არ ჩამორჩა, სრულად ანტეტოკუნმპოს დამსახურება იყო. მილუოკი ბაქსის ვარსკვლავმა აღნიშნულ მონაკვეთში 16 ქულა მოაგროვა, თანაც ისეთ დომიმანტურ სტილში, რომ თავიდანვე ყველას აჩვენა, გერმანელთაგან მისი შემჩერებელი არავინ იყო. იანისს პირველ ტაიმში უკვე 19 ქულა ჰქონდა და საბერძნეთი დიდ შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდა 61:57.

მოედანზე პირველივე წუთებიდან დიდი ბრძოლა იყო

არადა, ამ უხვქულიან ტაიმში გერმანიას საოცარი სტატისტიკა ჰქონდა: მათ 7 ორქულიანის ფონზე 11 სამქულიანი ჩააგდეს (საბერძნეთმა 17 ორქულიანი და 6 სამქულიანი), განსაკუთრებით კარგად კი ანდრეას ობსტი (4 სამქულიანი, 14 ქულა) და დენის შრიოდერი (15 ქულა) გამოიყურებოდნენ. კარგი იყო ფრანც ვაგნერიც 10 ქულით. არ დაგვავიწყდეს, რომ შესვენებისთვის 4-ქულიან ფორას ბერძნები კოსტას სლუკასს უნდა უმადლოდნენ, რომელიც სირენასთან ერთად, ფაქტობრივად, მოედნის ცენტრიდან ჩააგდო.

სამაგიეროდ, მე-2 ტაიმი გერმანელებმა დაიწყეს მაგრად, თითქმის ყველა შეტევა შედეგიანად დააგვირგვინეს და დაახლოებით 6-წუთიანი მონაკვეთი 20:1 (!) მოიგეს. შედეგად, ჰერბერტის ნაკრები 77:62 დაწინაურდა და ამან სტუმრებზე დამთრგუნველად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ იტუდისმა მოკლე მონაკვეთში 2 წუთშესვენება აიღო, ბერძენი კალათბურთელები ნაჩქარევად და ქაოტურად უტევდნენ, ეს კი, ხელს მასპინძლებს აძლევდათ. საბოლოოდ, საბერძნეთმა მეოთხედი 26:10 მოიგო, დასკვნითი ათწუთეულის წინ კი 83:71 ლიდერობდა, რაც სოლიდური უპირატესობა იყო.

დარჩენილ დროში იანისი ბევრს ეცადა თამაში პირადად გადაერჩინა და ლამის სამმაგი დუბლიც (31 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი) შეასრულა, თუმცა, გერმანული მანქანის გასაჩერებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, ანტეტოკუნმპოს ნერვებმა უმტყუნა, საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე, მე-2 არასპორტული ჯარიმის გამო მოედნიდანაც გააძევეს და ბერძნებისთვის ყველაფერი დასრულდა.

იოჰანეს ვოიგტმანი გამარჯვებით ხარობს

მალევე 2 არასპორტული ფოლი მიიღო და მოედანი ასევე დაატოვებინეს დენის შრიოდერს, თუმცა, მას თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მასპინძლებმა 31-დან 17 სამქულიანი (55%) ჩააგდეს და ეს, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. მათ რიგებში საუკეთესო ხსენებული შრიოდერი იყო 26 ქულითა და 8 პასით ქულით, ვაგნერმა და ობსტმა 19-19 ქულა ჩააგდეს, ხოლო დანიელ ტაისმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა, 16 მოხსნა.

რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური დეტალიც: საბერძნეთმა აშკარად აჯობა მასპინძლებს სამწამიან ზონასა (44:28) და სათადარიგო კალათბურთელების მიერ აღებულ ქულებში (37:22, ეს ძირითადად ლარენცაკისის დამსახურება იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო), აი, მოხსნები კი, გერმანიას გაცილებით მეტი ჰქონდა (46:32). მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ მასპინძლები თამაშის 36:07 წუთის განმავლობაში ლიდერობდნენ, საბერძნეთი კი მხოლო 02:47 წუთი იყო წინ. აქედანას სჩანს, რომ გამარჯვება ღირსეულმა იზეიმა.

ამგვარად, ევრობასკეტი 2002-ზე პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. 16 სექტემბერს გერმანიის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს გაეჯიბრება და წარმატების შემთხვევაში, ტურნირზე მედლები განაღდებული ექნება. თუ ვინ იქნებიან სხვა ნახევარფინალისტები 14 სექტემბერს შევიტყობთ, როდესაც საფრანგეთი იტალიას შეხვდება (თამაში თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება), შემდეგ კი, ერთმანეთს სლოვენია და პოლონეთი (22:30) გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები