- დენის შრიოდერმა საბერძნეთთან შესანიშნავად ითამაშა
- გერმანიის ნაკრების სენსაციური გამარჯვება მისი დამსახურებაა
- შრიოდერმა და მისმა მეუღლემ მუქარის წერილები მიიღეს
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან სენსაციური და ისტორიული იყო, მატჩის შემდეგ კი არასასიამოვნო ფაქტები დაფიქსირდა.
როგორც იცით, გერმანიამ ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბერლინში 107:96 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გერმანელთაგან საუკეთესო NBA-ს ვარსკვლავი დენის შრიოდერი გახლდათ - 26 ქულით (8/15, 7/7 სამქულიანი). გარდა ამისა, კაპიტანმა 8 ასისტიც გააკეთა და 3 მოხსნა ჰქონდა.
“ჩვენი ფანები ფანტასტიკურები იყვნენ, დარბაზში საოცარო გარემო იყო. ის, რაც მთელმა გუნდმა გავაკეთეთ, სასტარტო ხუთეულით დაწყებული, სათადარიგოებით დამთავრებული, დაუჯერებელი ამბავია.” - თქვა შრიოდერმა გერმანიის ნაკრებისთვის ისტორიული მატჩის შემდეგ.
მოკლედ, გერმანიაში დიდი ეიფორიაა, საბერძნეთში კი - უდიდესი იმედგაცრუება. იანის ანტეტოკუნმპოსთან ერთად ბერძნები ევრობასკეტის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდნენ. ბერძენ გულშემატკივრებს გერმანიასთან მარცხის გადატანა ძალიან გაუჭირდათ. ბევრმა მათგანმა ინსტაგრამზე ცუდი ამბები დაატრიალა: ემუქრებიან დენის შრიოდერს, მის ორსულ მეუღლე ელენს და მათ შვილებს.
შრიოდერის მეუღლემ თამაშის დასრულების შემდეგ ინსტაგრამზე ლაივ-ვიდეო ჩართო, რომელშიც ამბობდა: “თამაში ახლახან დასრულდა და უკვე მივიღე 100 შეტყობინება, სადაც ბერძენი ფანები მე, დენისს და ჩვენს შვილებს გვემუქრებიან და სიკვდილს გვისურვებენ. გვემუქრებიან, რომ დაგვხოცავენ. დენისისთვის ჯერ არ მიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მან გაცილებით მეტი მუქარის წერილი მიიღო. ასეთი რამ ჩვენს ცხოვრებაში პირველად ხდება. ყველას ხომ არ ვუჩივლებ? ძალიან ბევრნი არიან. თანაც, აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილი ადამიანები არიან და არა Fake-ტიპები. სიგიჟე ხდება.”
ინსტაგრამზე ბერძენ ფანებს თავად დენის შრიოდერმაც მიმართა: “ბერძენო ფანებო! ბევრი რამის მოთმენა შემიძლია, მაგრამ როდესაც ჩემი ოჯახის წევრებს ასე მოიხსენიებთ, ეს ყოველგვარ საზღვრებს სცდება. ეს უბრალოდ არასწორი საქციელია. ასე რომ, ნუ მეუბნებით, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე.”

აღსანიშნავია, რომ ბერძენი გულშემატკივრების აგრესიის მსხვერპლი მხოლოდ შრიოდერი არ გამხდარა. მუქარის წერილები მიიღეს ანდრეას ობსტმა და ფრანც ვაგნერმაც.
ოთხშაბათს გერმანიის ნაკრებს დასვენების დღე აქვს, ხუთშაბათს გუნდი ინტენსიურ ვარჯიშს განაახლებს და ევრობასკეტის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს პარასკევს (თბილისის დროით 22:30-ზე) დაუპირისპირდება.
კომენტარები