Thumbnail

ევრობასკეტი 2022-ზე მე-3 ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. ის საფრანგეთის ნაკრებია, რომელმაც ბერლინში ჩამოსვლის შემდეგ, უკვე მე-2 ოვერტაიმი ითამაშა და მოედანი ამჯერადაც გამარჯვებულმა დატოვა. შეგახსენებთ, რომ ვინსენ კოლეს შეგირდებმა მერვედფინალში თურქეთს 87:86 სძლიეს, დღეს კი, მეოთხედფინალში, ასევე დამატებით ხუთწუთეულში იტალია დაამარცხეს – 93:85.

მატჩის პირველი მეოთხედი შედეგიანი გამოდგა. გუნდებმა აქცენტი პერიმეტრიდან შეტევებზე გააკეთეს და ისე გამოვიდა, რომ საწყისი ათწუთეულის თავზე მეტოქეებს სამქულიანი უფრო მეტი ჰქონდათ ჩაგდებული, ვიდრე – ორქულიანი. ამ მხრივ განსაკუთრებით ფრანგები ყოჩაღობდნენ, რომელთაც 8-დან 6 შორეული ტყორცნა გამოიყენეს, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ 29:20 დაწინაურდნენ.

მე-2 მეოთხედი კი შეცდომებით სავსე გამოდგა. გუნდებმა ბევრი იოლი სროლა ააცილეს და თუკი საფრანგეთი მოპოვებულ უპირატესობას ინარჩუნებდა, არ სჩანდა გზა, რისი წყალობით უნდა მოეწყო გაქცევა ჯანმარკო პოცეკოს იტალიას. აპენინელები ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ ისე ყოჩაღად, როგორც სერბეთთან და ეს მათ მწირქულიან თამაშზეც აისახა.

ჯანმარკო პოცეკო ამ მატჩშიც ჩვეულად ემოციური იყო

საბოლოოდ, საფრანგეთი შესვენებაზე სწორედ სასტარტო მეოთხედში მოპოვებული 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა, საინტერესო კი ისაა, რომ ქულების აბსოლუტური უმეტესობა ხუთ კალათბურთელზე გადანაწილდა: ევან ფურნიემა და ტიმოტე ლუვავუ-კაბარომ 9-9 ქულა ჩააგდეს, რუდი გობერმა, ტომა ერტელმა და გერშონ იაბუსელემ კი – 6-6. იტალიელთა მხრიდან აშკარად გამორჩეული იყო სიმონე ფონტეკიო 11 ქულით.

აი, მე-2 ტაიმში კი სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. იტალია დაცვაში გაცილებით მაგრად დადგა, საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა კი ვერაფრით მიაგნო იმ ხუთეულს, რომელიც მეტოქის გაქცევას წინ აღუდგებოდა. შედეგად, იტალიელებმა ათწუთეული 31:18 მოიგეს და გამარჯვებას მიუახლოვდნენ.

მე-3 და მე-4 მეოთხედების მიჯნაზე იტალიამ 12 უპასუხო ქულა მიითვალა, რისი წყალობითაც ერთხელ 8 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი მაინც ბოლო წამებზე გადაწყდა: ფონტეკიომ 2 საჯარიმო ააცილა, ერტელის ზუსტი შესვლის შემდეგ, ტაბლოზე ანგარიში 77:77 დაფიქსირდა (5 წამით ადრე) და ის აღარც შეცვლილა, რადგანაც იმავე ფონტეკიომ ფარქვეშიდან ვერ ჩააგდო. ამგვარად, გუნდებს ოვერტაიმის ჩატარება მოუწიათ.

ტომა ერტელმა 20 ქულა და 8 პასი მიითვალა

დამატებით ხუთწუთეულში შანსი ორივე ნაკრებს ჰქონდა, თუმცა, მაინც საფრანგეთმა გადასწონა. პოცეკოს ნაკრებმა აქცენტი ისევ სამქულიანებზე გააკეთა, მაგრამ არ გაუმართლა. ამ დროს სამწამიანში ფრანგების ვარსკვლავური ცენტრი რუდი გობერი ბატონობდა, რომელმაც საბოლოოდ 19 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, სამფეროვნებმა კი 93:85 იმარჯვეს და ნახევარფინალში ითამაშებენ.

საფარნგეთის ეროვნული გუნდის რიგებში 20 ქულითა და 8 პასით ყველაზე შედეგიანი ერტელი იყო, ფურნიემ 17 ქულა მიითვალა, იაბუსელემ – 15, ხოლო ლუვავუ-კაბარომ – 13. იტალიელებს 21-21 ქულით ფონტეკიომა და სპისუმ ულიდერეს, დატომემ 12 ქულა ჩააგდო, ხოლო მელიმ – 10. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა მეტოქეს მოხსნებში 43:33 აჯობა, სამქულიანებში კი მცირე უპირატესობა ჰქონდა – 13:12.

თუ ვის დაუპირისპირდება საფრანგეთი ფინალის საგზურისთვის, ეს დღეს ღამით გაირკვევა. თბილისის დროით 22:30 საათიდან ბერლინის მერსედეს ბენც არენაზე ერთმანეთს სლოვენიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან და აქ ფავორიტი აშკარაა. თუკი სენსაცია არ მოხდა, ლუკა დონჩიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა დამაჯერებლად უნდა მოიგონ. შეგახსენებთ, რომ მე-2 ნახევარფინალში გერმანია და ესპანეთი ითამაშებენ. ეს მატჩები 16 სექტემბერსაა დაგეგმილი, ფინალი და შეხვედრა მე-3 ადგილისთვის კი 18 სექტემბერს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები