Thumbnail

ევრობასკეტი 2022-ზე დიდი სენსაცია მოახდინა. პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ტურნირის საუკეთესო გუნდთა შორის არავინ ასახელებდა, აშკარა ფავორიტად შერაცხულ სლოვენიასთან საოცარი თამაში აჩვენა, მრისხანე მეტოქე 90:87 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეიძლება ითქვას, რომ იგორ მილიჩიჩის შეგირდებს საწყის ნახევარში ყველაფერი გამოსდიოდათ. შედეგად, მათი უპირატესობა ყოველწუთიერად იზრდებოდა, ლუკა დონჩიჩის გუნდი კი მუდმივად მდევრის როლში იყო. პოლონეთის მაქსიმალური უპირატესობა 23 ქულა იყო, 2 მეოთხედის თავზე კი გუნდი 58:39-ს იგებდა.

მატეუშ პონიტკას საოცარი თამაში ჰქონდა

აი, დიდი შესვენების შემდეგ კი, მოედანზე ის სლოვენია ვიხილეთ, რის გამოც ამ გუნდმა თავი შეგვაყვარა. დონჩიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა მეტოქეს საოცარი ტემპი შესთავაზეს და პოლონეთი აშკარა შოკში ჩავარდა (გუნდმა ამ მეოთხედში ათივე სამქულიანი ააცილა). სლოვენიელებმა ათწუთეული 24:6 (!) მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ მხოლოდ ქულასღა აგებდნენ.

ბოლო მეოთხედის სტარტზე სლოვენიის ნაკრები უკვე 5 ქულით დაწინაურდა და ამ დროს ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დონჩიჩის ნაკრები გამარჯვებას ხელიდან გაუშვებდა, თუმცა, პოლონეთმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა. მილიჩიჩის შეგირდებმა ჯერ ჩამორჩენა აღმოფხვრეს, მალევე კი ლიდერობა დაიბრუნეს.

ლუკა დონჩიჩმა მოედანი 5 პერსონალური ფოლის გამო დატოვა

პოლონეთს მიზნის მიღწევაში ლუკა დონჩიჩის მე-5 პერსონალური ფოლიც დაეხმარა. სლოვენიელთა ლიდერმა სათადარიგოთა სკამზე საფინალო სირენამდე სამიოდ წუთით ადრე გადაინაცვლა და ჯერ კიდევ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელსაც თავი ვეღარც დააღწია.

საბოლოოდ, პოლონეთის ნაკრებმა 90:87 მოიგო, რაშიც დიდი წვლილი მატეუშ პონიტკამ შეიტანა ფანტასტიკური სამმაგი დუბლით (26 ქულა, 16 მოხსნა და 10 პასი), ეი ჯეი სლოტერმა და მატეუშ სოკოლოვსკიმ 16-16 ქულა ჩაგდეს, იაროსლავ შიკოვსკიმ კი – 14. სლოვენიას 21 ქულით ვლატკო ჩანჩარმა ულიდერა, გორან დრაგიჩმა 17 ქულა მოაგროვა, დონჩიჩს კი 14 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა, თუმცა, 5 ფოლთან ერთად 6 დაკარგვაც აღმოაჩნდა და ამ მატჩს მის აქტივს ნამდვილად ვერ მივათვლით.

ამგვარად, ბერლინში მიმდინარე ევრობასკეტზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. 16 სექტემბერს მასპინძელი გერმანია ესპანეთს ეთამაშება, ხოლო პოლონეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა 18 სექტემბერს გაირკვევა და ამ დღესვე შედგება მატჩი მე-3 ადგილისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები