Thumbnail
  • ხამზატ ჩიმაევსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის ურთიერთობა ისევ დაძაბულია
  • ჩეჩენმა მებრძოლმა დაღესტნელის უცნაურ განცხადებას დამცინავი კომენტარით უპასუხა

ლას ვეგასში გამართულ UFC 279-ის ღონისძიების მთავარი ჩხუბი ხამზატ ჩიმაევისა და ნეიტ დიასის მატჩი უნდა ყოფილიყო, თუმცა შეხვედრა იმიტომ გაუქმდა, რომ ჩეჩენმა წონის ჩაბარება ვერ მოახერხა. აღნიშნულ საკითხზე კი კომენტარი UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა გააკეთა. 

ხაბიბი ტურნირის მიმდინარეობის პარალელურად ბირმინგემში მუსლიმებს ხვდებოდა. როცა ხამზატის შემთხვევაზე ჰკითხეს, დაღესტნელმა წონის ვერჩაბარება ჩეჩენის სამეგობრო წრის რელიგიურ მრწამსს დააბრალა. 

"თუ მუსლიმი ხარ, შენ გვერდით კარგი ადამიანები უნდა იყვნენ, მუსლიმები, რომლებიც გეტყვიან: 'ეს არ გააკეთო!' ვუყურებდი რა ხდებოდა ხამზატის გარშემო, ვაკვირდებოდი მის გუნდს. მუსლიმები მის გვერდით არ არიან, რაც ძალიან ცუდია. რადგან თუ მუსლიმი ხარ, გვერდით ძლიერი და კარგი ხალხი უნდა გყავდეს. სწორედ ასეთი ადამიანები გეტყვიან: “გწამდეს და ეს გააკეთე!" - განაცხადა ნურმაგომედოვმა. 

ამას გარდა, ხაბიბის ცნობილმა ფანმა კაილი მიდმა, რომელიც ცნობილია 'მინი-ხაბიბის' მეტსახელით, ინტაგრამის საკუთარ გვერდზე ჩიმაევთან გადაღებული ფოტო დადო და ქვემოთ, ნურმაგომედოვის კომენტარიც დაამატა. ხამზატის პასუხმაც არ დააყოვნა: 

"ძალიან ბევრი ტირამისუ ვჭამე, ტონი ფერგიუსონთან ჩხუბი 5-ჯერ ზუსტად ამიტომ ჩამეშალა," - დააკომენტარა ჩეჩენმა. მოგეხსენებათ, დაღესტნელმა 'ელ კუკუისთან' ჩაშლილი 5-ბრძოლიდან ერთ-ერთის დროს წონა ვერ ჩააბარა. მოგვიანებით კი იუთუბზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილი იყო, წონის დაფიქსირებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბიბი ბარში ტირამისუს მიირთმევდა. 

ნურმაგომედოვსა და ჩიმაევს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. ბოლოს ისიც დაემატა, რომ ხამზატმა თანამშრომლობაზე უარი ხაბიბის ახლო მეგობარსა და მენეჯერს, ალი აბდელაზიზს უთხრა, ირიბად ნურმაგომედოვის გუნდელობაც თქვა უარი. როგორც ჩანს, დაღესტნელს ეს არ მოეწონა. ჩიმაევის უახლოესი გარემოცვის წევრი კი მისი ახლო მეგობარი გურამ ქუთათელაძე გახლავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები