Thumbnail

19 წლის დებიუტანტი - U21 ნაკრების სია პორტუგალია-თურქეთთან მატჩებისთვის

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • რამაზ სვანაძემ ორი ამხანაგური მატჩისთვის U21 ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
  • ახალგაზრდულ გუნდში პირველად გამოიძახეს თელავის შემტევი გიორგი კვერნაძე

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პორტუგალიისა და თურქეთის წინააღმდეგ ჩასატარებელი ამხანაგური მატჩებისათვის 23 მოთამაშე გამოიძახა, მათ შორის ერთი დებიუტანტია - თელავის 19 წლის გარემარბი გიორგი კვერნაძე. 

ფეხბურთელთან კომუნიკაციის შედეგად ახალგაზრდულ გუნდში გამოიძახეს მოსკოვის დინამოს ნახევარმცველი ლუკა გაგნიძეც, თუმცა სვანაძის აზრით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგაში არ უნდა თამაშობდეს.

ხოლო რაც შეეხება კვერნაძეს, გიორგი საბურთალოს საკუთრებაა და თელავში იჯარის წესით თამაშობს. ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგაში ნათამაშებ 758 წუთში 4 გოლი შეაგდო, 13 სექტემბერს კი საქართველოს თასის მატჩში ლოკომოტივ 2-ს ულამაზესი გოლი გაუტანა. 

გიორგი კვერნაძე

რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს, ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება. პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩი, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან 21:00 საათზე. 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა)

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

საქართველოს ნაკრები ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის თანამასპინძელი ჩვენი ქვეყანა რუმინეთთან ერთად გახლავთ. ტურნირი 2023 წლის 9 ივნისს დაიწყება, ფინალური მატჩი კი 2 ივლისს ბათუმის ახალ არენაზე გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები