Thumbnail

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ გამოიძია ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი, რომელიც ფურკან კორკმაზზე თავდასხმას უკავშირდება. 

თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე

"საქმის მასალების, მათ შორის, ვიდეოკამერების ჩანაწერების გულდასმით შესწავლის შემდეგ, ფიბამ გადაწყვიტა დაიწყოს დისციპლინარული სამართალწარმოება არასპორტული ქცევის გამო შემდეგი მოთამაშეების მიმართ: გოგა ბითაძე (საქართველო), დუდა სანაძე (საქართველო), თორნიკე შენგელია (საქართველო) და ფურკან კორკმაზი (თურქეთი). ფიბა ასევე იწყებს დისციპლინარულ სამართალწარმოებას ორივე ფედერაციის მიმართ", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში - "ფიბა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს დისციპლინარულ ზომებზე". 

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" 88:83 დაამარცხა თურქეთის ნაკრები. მატჩის დროს ერთმანეთს დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დაუპირისპირდნენ, რისთვისაც ორივე მათგანი გააძევეს. ინციდენტი გასახდელისკენ მიმავალ კორიდორსა და გასახდელში გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას ამ ორი კალათბურთელის გარდა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც იღებდნენ. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ კორკმაზს თავს საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი დაესხა.

აღსანიშნავია, რომ ფიბამ ამ მატჩის გამო ერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილა თურქულ მხარეს. საქმე ეხებოდა წამების მოკლებას. მართალია, ფაქტი დადასტურდა, თუმცა ფიბას ვერსიით, თურქულმა მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ამან მატჩის საბოლოო შედეგეზე გავლენა იქონია. ეს განაჩენი თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივრა. 

კომენტარები

ბოლო ამბები