- კალათბურთის ლეგენდის ფორმაში ისტორიულად დიდი თანხა გადაიხადეს
- ეს არის მაისური, რომელიც მაიკლ ჯორდანს ბოლო სეზონში ეცვა
კალათბურთის ნებისმიერი მოყვარულისთვის საოცნებო ფორმას ახალი მფლობელი ჰყავს.
ჩიკაგო ბულსის მაისური, რომელიც ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს ბოლო საჩემპიონო სეზონში ეცვა, აუქციონზე სარეკორდო ფასად გაიყიდა. როგორც აუქციონების სახლმა Sotheby‘s-მა დაადასტურა, მის სანაცვლოდ ახალმა მფლობელმა 10,1 მილიონი დოლარი გადაიხადა. საკულტო 23-ნომრიანი მაისურის გაყიდვით ახალი რეკორდი დამყარდა - სპორტსმენის ფორმაში ასეთი თანხა პირველად გადაიხადეს.
Sotheby‘s-ში ვარაუდობდნენ, რომ ჯორდანის ისტორიული მაისურის ფასი მაქსიმუმ 5 მილიონი დოლარი იქნებოდა, მაგრამ ის ორჯერ უფრო ძვირად გაიყიდა. აუქციონზე ჯამში 20 შეთავაზება შევიდა. ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია - მან ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.

მოკლედ, ჯორდანის მაისურმა დიეგო მარადონას მაისურის რეკორდი მოხსნა. შეგახსენებთ, რომ ფორმა, რომელიც ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს 1986 წლის მუნდიალის 1/4 ფინალში, ინგლისის წინააღმდეგ ეცვა, მაისში 9,3 მილიონად გაიყიდა. კალათბურთელების მაისურების რეკორდი კი აქამდე 3,7 მილიონი დოლარი იყო - სწორედ ამდენი გადაიხადეს კობი ბრაიანტის მაისურში.
დღეს უკვე 59 წლის მაიკლ ჯორდანი 1998 წელს ჩიკაგო ბულსთან ერთად უკანასკნელად გახდა NBA-ს ჩემპიონი, მერე კი ყველა დროის საუკეთესოდ აღიარებულმა ლეგენდამ კარიერა მეორედ დაასრულა, თუმცა 2001-დან 2003 წლამდე კიდევ ითამაშა ვაშინგტონ უიზარდსში. ჩიკაგოსთან ერთად ჯორდანს ჯამში NBA-ს ჩემპიონობა 6-ჯერ აქვს მოპოვებული.
კომენტარები