Thumbnail
  • 📅 18 სექტემბერი | 🏟 'სან სირო' | ⌚ 22:45 | ⚽ მილანი V ნაპოლი
  • სერია A სანაკრებო პაუზაზე სუპერთამაშით გავა
  • ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, ორივე სკუდეტოსთვის იბრძვის
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

სანამ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრება, იტალიის ჩემპიონატში ძალიან მნიშვნელოვანი, ტურის და ბევრის აზრით სულაც პირველი წრის ცენტრალური თამაში ელოდება: კვირას, ღამის მატჩში ნაპოლი "სან სიროზე" მილანს დაუპირისპირდება.

6 ტურის შემდეგ ორივე გუნდი ლიდერებშია და ორივე დაუმარცხებელია. მილანი მოქმედი ჩემპიონია და ეს სეზონიც სოლიდურად დაიწყო. ამბიციები ნაპოლისაც არ აკლია და ასევე შესანიშნავი სტარტიც აქვს: ორივე გუნდი ბერგამოს ატალანტასთან ერთად 14-14 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ამ დღეებში იტალიურ მედიაში ბევრი მსჯელობა იყო იმაზე, თუ ვის უფრო დაეტყობა ლიდერების არყოფნა - "როსონერის" თუ "აძურის". საქმე ისაა, რომ მილანის უპირობო ლიდერი რაფაელ ლეაო წინა ტურში გააძევეს და დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ვერ გავა, ხოლო ნაპოლის გოლეადორი ვიქტორ ოსიმენი კი ტრავმირებულია. მაინც, უმეტესობა ფიქრობს, რომ სტეფანო პიოლისთვის ლეაოს დანაკლისი უფრო დიდი თავსატეხია, ვიდრე ლუჩანო სპალეტისთვის - ოსიმენის.

და, ამ მოსაზრებაში ჭეშმარიტება მართლაც არის, რადგან რაფაელ ლეაო მილანის შეტევაში მთავარი ძალაა. ცხადია, ოსიმენიც ძალიან მნიშვნელოვანია ნაპოლისთვის, მაგრამ სპალეტის მისი შეცვლა ჯაკომო რასპადორით ან ჯოვანი სიმეონეთი შეუძლია, აი, პიოლისთვის კი ლეაოს შეცვლა ადვილი არ იქნება. მითუმეტეს, რომ "როსონერის" ტრავმების გამო სხვა შემტევებიც არ ეყოლება - დივოკ ორიგი და ანტე რებიჩი, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი ტრავმა უკვე დიდი ხანია აქვს და გუნდს კიდევ კარგა ხანს ვერ დაეხმარება.

სხვათა შორის, ოსიმენის გარდა, შემტევი ნაპოლისაც აკლია, ირვინგ ლოსანო, რომელსაც მატეო პოლიტანო შეცვლის, თუმცა იტალიელი კარგ ფორმაშია. წინა ტურში ორივე გუნდმა მძიმე გამარჯვება მოიპოვა: მილანმა გენუაში 10 კაცით აჯობა სამპდორიას (2:1), ხოლო ნაპოლიმ ბოლო წუთზე ჯაკომო რასპადორის გოლით სპეციას მოუგო.

კვარაცხელია 'სან სიროზე' პირველად ითამაშებს

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც სერია A-ში 4 გოლით ნაპოლის საუკეთესო ბომბარდირია ამ დროისთვის (ყველა ტურნირის ჩათვლითაც). კვარას ლივერპულთან, სპეციასთან და რეინჯერსთან არ გაუტანია და ახლა "სან სიროზე" ეცდება თავის გამოჩენას, სადაც აქამდე გოლები კახა კალაძესა და ლევან მჭედლიძეს აქვთ გატანილი.

ამრიგად, ხვიჩა შეიძლება მე-3 ქართველი გახდეს, ვინც იტალიის ჩემპიონატში ქალაქ მილანის ლეგენდარულ სტადიონზე გოლს გაიტანს. ხვიჩას თითქმის ყველა იტალიური გამოცემა ძირითად შემადგენლობაში ელოდება და წესით, სპალეტისაც არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ სასტარტოში არ დააყენოს - მით უფრო, ლოსანოსა და ოსიმენის არყოფნაში.

ერთი საინტერესო დეტალიც: მიმდინარე სეზონში ამ გუნდებმა ყველა ტურნირზე 8-8 მატჩი ჩაატარეს და არცერთი დამარცხებულა. მილანმა 8-დან 5 თამაში მოიგო (3 ფრე), ხოლო ნაპოლიმ გამარჯვება 6-ჯერ მოიპოვა და ორჯერაც ფრეს დასჯერდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანს სერია A-ში ნაპოლისთან ბოლო მატჩი აქვს მანამდე განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ. "როსონერის" ნეაპოლელებთან ზედიზედ ორჯერ 2010/11 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია, როცა მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყო.

⚽ მილანს ნაპოლისთან ბოლო ორი საშინაო თამაში წაგებული აქვს (ორჯერვე 0:1). მხოლოდ 1979 წელს წააგო მილანურმა გრანდმა "აძურისთან" ზედიზედ 3 მატჩი, მაგრამ ზედიზედ სამი უგოლო საშინაო თამაში პარტენოპეისთან არასდროს ჰქონია.

⚽ მილანი სერია A-ში 22 მატჩია არ დამარცხებულა (15 მოგება, 7 ფრე). "როსონერისთვის" ეს ყველაზე გრძელი წაუგებელი სერიაა 2021 წლის იანვრის შემდეგ, როცა ზედიზედ 27 შეხვედრაში არ დამარცხდა.

⚽ მილანს სერია A-ს ბოლო 6 საშინაო თამაში მოგებული აქვს და 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 2013 წლის შემდეგ "როსონერის" საკუთარ მოედანზე ზედიზედ 7 გამარჯვება არ მოუპოვებია (იმ შემთხვევაში 8), თუმცა ეს სერია მაშინ სწორედ ნაპოლისთან შეწყდა (ფრე).

⚽ ნაპოლიმ სერია A-ს ბოლო 9 მატჩიდან 6-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა (საშუალოდ 0.4 გაშვებული გოლი თამაშში). იმდენჯერ, რამდენჯერაც მანამდე 25 მატჩში არ გაუშვა გოლი (1.1 გაშვებული გოლი საშუალოდ).

⚽ ნაპოლიმ გასვლაზე 3 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა და ნეაპოლური გუნდი შეიძლება სტუმრად სეზონის საწყის ოთხ მატჩში შეიძლება დარჩეს დაუმარცხებელი ზედიზედ მესამე სეზონის განმავლობაში. მსგავსი შედეგისთვის კი არასდროს მიუღწევია.

⚽ ნაპოლის მიმდინარე სეზონში მეტოქის ნახევარზე ბურთი ყველაზე მეტჯერ აქვს მოპოვებული (60).

⚽ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მილანმა ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა იმ მატჩებში, რომელსაც თავიდან აგებდა (7), მეორე ადგილზე ნაპოლია (6).

⚽ სერია A-ს ბოლო ორ სეზონში რაფაელ ლეაომ მხოლოდ 4 თამაში გამოტოვა, მხოლოდ სალემაკერსმა და ტონალიმ (41) ჩაატარეს "როსონერიში" ამ პერიოდში უფრო მეტი თამაში (პორტუგალიელს 40 აქვს). ლეაოს გარეშე მილანს წარმატების 50%-იანი მაჩვენებელი აქვს. მის გარეშე მილანი საშუალოდ 1.8 ქულას აგროვებს, მასთან ერთად კი 2.3-ს.

⚽ პიოტრ ჟელინსკის ყველაზე მეტი გოლი მილანის კარში აქვს გატანილი (4), თუმცა ამის გაკეთება "როსონერის" წინააღმდეგ საწყის 10 შეხვედრაში შეძლო, ბოლო 7 მატჩი კი ლომბარდიელებს გოლი ვერ გაუტანა. პირველი დუბლიც მან მილანთან შეასრულა - 2018 წლის 25 აგვისტოს.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 თამაში ერთნაირი ანგარიშით დასრულდა (1:0) - ორჯერ ნეაპოლელთა და ერთხელ მილანელთა სასარგებლოდ.

⚽ მილანის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ეს გუნდები სერია A-ში ერთმანეთს 148-ჯერ შეხვედრიან და მცირე უპირატესობა მილანის მხარესაა: 54 მოგება, 49 ფრე და 45 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-2-3-1): მენიო - კალაბრია, კალულუ, ტომორი, ტეო ერნანდესი - ბენასერი, ტონალი - მესიასი, დე კეტელაერე, სალემაკერსი - ჟირუ.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი, რებიჩი, ფლორენცი, ორიგი, ლეაო.

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია.
ტრავმა: დემე, ლოსანო, ოსიმენი.

კომენტარები

ბოლო ამბები