Thumbnail

ევლოევი დაუმარცხებელი მებრძოლის წინააღმდეგ - ამერიკელი თოფურიას ნაცვლად

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • მოვსარ ევლოევი და ბრაის მიტჩელი ლას ვეგასში შემოდგომაზე იჩხუბებენ
  • ორივე მებრძოლი გიგა ჭიკაძისა და ილია თოფურიას პოტენციური მეტოქეა

როგორც mmaJunkie იტყობინება, 5 ნოემბერს, ლას ვეგასში UFC-ის ღონისძიებაზე ერთმანეთს ნახევრადმსუბუქი წონის მებრძოლები - მოვსარ ევლოევი (16-0) და ბრაის მიტჩელი (15-0) დაუპირისპირდებიან. ამერიკელი დივიზიონის რეიტინგში მე-9 ადგილზე გახლავთ, ინგუში მეათეზე. 

აღსანიშნავია, რომ დაუმარცხებელი სპორტსმენები კარიერაში პირველად ჩაატარებენ 5-რაუნდიან ჩხუბს და მათი მატჩი საღამოს მთავარი ბრძოლის სტატუსს მიიღებს, რაც  ორივეს ბიოგრაფიაში ასევე პირველი შემთხვევა იქნება. ნახევრადმსუბუქი წონის ტოპ მებრძოლებიდან დაუმარცხებელი მხოლოდ 3 გახლავთ (მესამე ილია თოფურიაა), ამ ჩხუბის შემდეგ კი ორიდან ერთ-ერთი, დიდი ალბათობით, საამაყო სტატუსს დაკარგავს. 

რაც თავად ჩხუბს შეეხება, სანახაობრივ ბრძოლას არ უნდა ველოდოთ. ბრაის მიტჩელი მაღალი დონის გრეპლერია, მოვსარ ევლოევი მაღალი დონის მოჭიდავე. ინგუშმა UFC-ში 6-ვე შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, მიტჩელმა კი 5 მატჩიდან მეტოქის დაფინიშება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ამერიკელმა ბოლოს 4 მარტს იჩხუბა და ედსონ ბარბოზას მოუგო, მოვსარ ევლოევმა კი 4 ივნისს დან იგე დაამარცხა. 

ორივე მებრძოლი ილია თოფურიასა და გიგა ჭიკაძის პოტენციური მეტოქეა. ილიასა და ევლოევს ერთმანეთთან ისტორია უკვე აკავშირებთ, თუ ორივე სპორტსმენი მოგებას განაგრძობს, არაა გამორიცხული მათი ბრძოლა გადაიდოს და უფრო მაღალი სტატუსის მიღების შემდეგ იჩხუბონ. 

კომენტარები

ბოლო ამბები